Facebook Twitter

ას-736-793-2011 4 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს “ე.ჯ-ა” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ხი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ხმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ე.ჯ-ას” მიმართ ქ.ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მოსარჩელის სახლზე გამავალი 6000 კვ.ტ-იანი მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის საპროექტო სქემისა და ტექნიკური ნორმების დაცვით გადატანის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ¹... ფიდერიდან კვეთავს მის საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს. სადავო ელექტროგადამცემი მოწყობილობა მე-19 საუკუნის 40-იანი წლებისაა და არის მომეტებული საფრთხის წყარო, საფრთხეს უქმნის მაცხოვრებელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. წვიმის დროს ხდება ე.წ გადაფარვა, რასაც თან სდევს აფეთქების მაგვარი ხმაური და ძლიერი ნათება.

მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოდ მიწაში მოთავსება არ განახორციელა, განმარტა, რომ მისი ექსპლოატაცია არ არის სახიფათო, ამასთან, თანხმობა განაცხადა ელ.გადამცემი ხაზის მიწაში გატარებაზე მოსარჩელის მიერ ხარჯების გაღების შემთხვევაში.

მოსარჩელის განმარტებით, ის, როგორც მესაკუთრე, ვერ სარგებლობს საკუთრებით და ვერ განკარგავს მას საკუთარი შეხედულებით, ოჯახი გახიზნული ჰყავს უსაფრთხო ადგილას.

სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლსა და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის ¹964 ბრძანებულების 3.1 მუხლზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელეს დადგენილი წესით არ დაუდასტურებია სარჩელში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობა, კერძოდ, არ ირკვევა ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლოატაციის პირობების დარვევის ფაქტი, სადავო ელექტროხაზები გაყვანილია 1940 წელს, მაშინ, როდესაც მიწა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და ფიზიკური პირი თანხმობას იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ხის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,ე.ჯ-ას" დაევალა ქ.ქუთაისში, .... ქ¹31-ში, მ. მ-ხის საცხოვრებელი სახლის ზევით გამავალი ელექტროენერგიის საჰაერო ხაზის გადატანა და მოწყობა ისე, რომ დაცული იყოს ხაზის ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სასამართლო ხარჯები და სს ,,ე.ჯ-ას” დაეკისრა მოსარჩელე მ. მ-ხის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 120 ლარის, საადვოკატო მომსახურების თანხის _ 300 ლარისა და საექსპერტო მომსახურების ხარჯის _ 230 ლარის, სულ _ 650 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,ე.ჯ-ას” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება მოპასუხე სს ,,ე.ჯ-ასათვის” საპროცესო ხარჯების _ 650 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ე.ჯ-ას” მ. მ-ხის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 120 ლარის, ექსპერტიზის ხარჯების _ 230 ლარისა და საადვოკატო მომსახურების _ 160 ლარის, სულ _ 510 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამათრთლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ელექტროგადამცემი ხაზები გაყვანილია მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მ. მ-ხის საცხოვრებელი სახლის ზემოთ და მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, საქმეზე ჩატარებული ექსერტიზის დასკვნის თანახმად, მ. მ-ხის საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზსა და საცხოვრებლი სახლის უახლოეს წერტილს შორის არსებული მანძილი შეადგენს 2,7 მეტრს, ხოლო, ელექტროდანადგართა მოწყობის წესების მოთხოვნის თანახმად, ვერტიკალური მანძილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 მეტრს, რითაც დარღვეულია მითითებული ნორმატიული აქტის გაბარიტული ნორმების მოთხოვნები. სასამართლო ექსპერტიზამ ცალსახად დაადგინა, რომ, ვინაიდან დარღვეულია ზემოთ აღნიშნული ხაზის დაცვის ზონები, დღეისათვის არსებული სახით ხაზის ფუნქციონირების გაგრძელებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ უდავოდ დადგენილია მ. მ-ხის სახლის სიცოცხლისათვის საშიშ ზონაში მდებარეობა.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია სს ,,ე.ჯ-ას”' დავალდებულების თაობაზე ელ.გადამცემი ხაზების გადატანის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, ამასთან, დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწვეული ექსპერტის _ ნ. ბ-ანიას მიერ დადასტურებულ იქნა, რომ მ. მ-ხის საცხოვრებელ სახლსა და ხაზის განაპირა სადენს შორის უახლოესი მანძილი შეადგენს 2,72 მეტრს, რითაც დარღვეულია ელექტროდანადგართა მოწყობის წესების 2.5.114 პუნქტი, რომელშიც პირდაპირაა მითითებული, რომ ჰორიზონტალურ სიბრტყეში მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი, რაც შეეხება ვერტიკალურ სიბრტყეში დაშორების მანძილს, აქაც დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და, 10-მეტრიანი დაცვის ზონის ნაცვლად, მანძილი შეადგენს 2,7 მეტრს. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად საცხოვრებელი სახლის ზემოთ გამავალ ელ.გადამცემი ხაზიდან კვეთის ჩამოშვების შემთხვევაში, შვეული პირდაპირ სახურავის თავზე ჩამოვა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა ასევე ადგილზე დათვალიერება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ სადავო ელექტროსადენები მ. მ-ხის საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ვერტიკალურად არის 2,75 მეტრის დაშორებით, ხოლო ჰორიზონტალურად _ ერთ მეტრზე ოდნავ მეტი, მაგრამ არა კანონით დადგენილი 2 მეტრისა. საცხოვრებელი სახლის ეზოს სულ კვეთავს ექვსი ცალი ელექტროსადენი. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზები არის 6600 ვოლტის სადენები და იგი ბოძიდან ჩამოწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად არ ითიშება. მისი მდებარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ბოძიდან ჩამოვარდნის შედეგად ელ.ხაზები მოხვდეს საზოგადოებისათვის საშიშ ადგილას. სადენების ჩამოვარდნის შემთხვევაში, უბედური შემთხვევა გარდაუვალია. აღნიშნული ექვსი ცალი ელექტროგადამცემი სადენი დამაგრებულია ანძაზე, რომელიც, მისი მდებარეობის გათვალისწინებით, ახლოს დგას მ. მ-ხის საცხოვრებელი სახლის ღობესთან. თუნდაც ანძიდან სადენის ერთი თავის ჩამოწყვეტის შემთხვევაში იგი მაინც ჩამოვარდება მ. მ-ხის ეზოში და ამიტომ იგი საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის. ამდენად, სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ ელექტროხაზი არ კვეთავს მ. მ-ხის სახლს. ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ თითქოს სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა მ. მ-ხის მიმართ ელექტროგადამყვანი ხაზის ფუნქციონირების შედეგად უკანონო ხელშეშლას ადგილი, რადგანაც, პალატის განმარტებით, საქმის მასალების, ექსპერტის ჩვენებისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ელექტროგადამცემი ხაზის არსებული ფორმით ფუნქციონირების გამო, მ. მ-ხი ვერ ცხოვრობს აღნიშნულ სახლში და მისი სურვილისამებრ ვერ იყენებს საკუთრებას, რაც გამოიხატება კიდეც უკანონო ხელშეშლაში. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული სს “ე.ჯ-ას” მოსაზრება, რომ მ. მ-ხი ვალდებულია ითმინოს ელ.გადამცემი ხაზის ასეთი ფორმით ფუნქციონირება და ეს მაშინ, როდესაც ექსპერტიზის თანახმად, დარღვეულია ხაზის ფუნქციონირების წესები და მისი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ზოგადად მოსარჩელის ოჯახს.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მ. მ-ხის საცხოვრებელი სახლი და მისი ნაწილი აგებულია უხლოეს წარსულში და მშენებლობა უკანონოა. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი რეესტრის სამსახურის ცნობაზე, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი სახლი 1954 წლიდანაა რეგისტრირებული შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად. სახლი პირველად აზომილია 1940 წელს, რომლის დროსაც მიწის ნაკვეთი შეადგენდა 202 კვ. მეტრს ანუ იმ ტერიტორიას, რაზედაც სახლი იყო განთავსებული, ვინაიდან, ამ დოკუმენტის თანახმად, მიწის გაყოფის საბუთი საქმეში არ მოიპოვება. ამავე ამონაწერის თანახმად, კანონიერი მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს _ 416 კვ. მეტრს. 416 კვ.მ მიწის ნაკვეთი ასევე კანონიერად მოიხსენიება საარქივო მონაცემებში არსებულ საკუთრების დამადასტურებელ საბუთში 1977 წლიდან. საცხოვრებელი სახლი აგებულია 1940 წელს. იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიწა იყო სახელმწიფო საკუთრება. დღეისათვის მიწაც და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი მ. მ-ხის საკუთრებაა და, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით, მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზები ფუნქციონირებს ტექნიკური ნორმების დარღვევით, რამაც შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოიწვიოს უბედური შემთხვევები.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომელიც, მართალია, ითვალისწინებს სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თმენის ვალდებულებას, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ანუ შეუძლებელია კომპანიამ მ. მ-ხის ან მისი ოჯახის წვერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე დაავალდებულოს იგი ითმინოს ასეთი რამ და მუდამ სიცოცხლის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდეს. სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ სწორედ აღნიშნული ნორმა არეგულირებს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი, სწორედ ელექტროგადამცემი ხაზით მიწოდებული ელ.ენერგია წარმოადგენს საფრთხეს. რადგან ექსპერტიზის თანახმად ელ.გადამცემი ხაზი ანუ ე.წ ხაზობრივი ნაგებობა ფუნქციონირებს არსებული სტანდარტების დარღვევით. ამის შემდგომში ასეთი ფორმით ფუნქციონირება საფრთხეს უქმნის ადამიანის სოცოცხლესა და ჯანმრთელობას, რითაც ზიანი ადგება მ. მ-ხს, რადგან იგი სათანადოდ ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით.

სასამართლოს მითითებით, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მოპასუხის დავალდებულებაზე ელ.გადამცემი ხაზების გადატანის თაობაზე, გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საპროცესო ხარჯის კერძოდ, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ დავის საგნის ღირებულება მოცემულ საქმეზე განსაზღვრულია 4000 ლარით, მოსარჩელემ პროცესი მოიგო პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 47-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწია ხარჯი 300 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ასეთ დროს ხარჯები უნდა დაკისრებოდა წაგებულ მხარეს ანუ კონკრეტულ შემთხვევაში სს ,,ე.ჯ-ას”, მაგრამ მას უნდა დაკისრებოდა იგი გონივრულ ფარგლებში _ დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ვინაიდან, დავის საგნის ღირებულება 4000 ლარია, ადვოკატის ხარჯები ამ თანხის 4%-იდან უნდა განსაზღვრულიყო, რაც შეადგენს 160 ლარს და არა 300 ლარს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, უდავოდ დადგენილია, რომ სასამართლო ექსპერტიზა დაინიშნა მ. მ-ხის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ხარჯებიც, 230 ლარის ოდენობით, შუამდგომლობის ავტორმავე დაფარა. ვინაიდან პროცესი მთლიანად მოიგო მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლოს მიერ სწორად მოხდა სს ,,ე.ჯ-ასათვის” ექსპერტიზის ხარჯების დაკისრება 230 ლარის ოდენობით. ასევე სწორად მოხდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 120 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაც.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ე.ჯ-ამ”, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და ახალი გადაწყვეტილებით მ.მ-ხის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის განმარტებით, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილბის მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-100 მუხლით, რადგანაც ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ არსებობდა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის ანალოგიით გამოყენების საფუძველი, ამასთან, აღნიშნული ნორმა აწესრიგებს მომეტებული საფრთხის წყაროდან მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს, მოცემული დავის საგანი კი, უკანონო ხელშეშლის აღკვეთაა და არა ზიანის ანაზღაურება.

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის ¹964-ე ბრძანებულების მე-4 მუხლით, რომლის თანახმადაც, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით. სასამართლომ ქმედების განხორციელების ხარჯის ანაზღაურება არ დაავალა მოსარჩელეს და კომპანიას უსაფუძვლოდ დააკისრა საკუთარი ხარჯით აღნიშნულის განხორციელება.

კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და განმარტა, რომ, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ამ უფლების ხელშეუხებლობისა, კანონი ითვალისწინებს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის ¹964-ე ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით მოსარჩელეს უწესდება შეზღუდვები, ამასთან, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მიწათმოსარგებელე პირს უფლება აქვს, აწარმოოს გარკვეული სამუშაოები ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრის თანხმობითა და ამ ბრძანებულების დებულებათა გათვალისწინებით. მოსარჩელე კი წარმოადგენს ამავე ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოწათმოსარგებლე პირს, რომლის მიმართ დადგენილია საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვები. აღნიშნული შეზღუდვები კი გამომდინარეობს საზოგადოებრივი საჭიროებიდან.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლისა და მე-4 მუხლის დარღვევით მხარეს არასწორად მისცა ექსპერტიზის ჩატარების უფლება, ამასთან, სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ნაწარმოებია უკანონო მშენებლობა, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ 1940 წლის მონაცემებით მოსარჩელის სახელზე ირიცხებოდა 202 კვ.მ მიწა, ამასთან, არ იქნა შეფასებული კომპანიის ფილიალის ხელმძღვანელის 2009 წლის 31 აგვისტოს ¹59/34-9 წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 მარტის ცნობა.

არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ ენერგოკომპანია არღვევს უსაფრთხოების წესებს, ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება, სასამართლო ეყრდნობა რა ექსპერტის დასკვნას, მას აღნიშნული დასკვნის შედგენისას გამოყენებული ნორმატიული მასალით სათანადოდ არ უხელმძღვანელია, ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ დარღვეული იყო უსაფრთხოების წესები, მას მ.მ-ხის მოთხოვნა კი არ უნდა დაეკმაყოფილებინა, არამედ ენერგოკომპანია უნდა დაევალდებულებინა ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, რადგანაც სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მხოლოდ ვარაუდს და სამომავლო შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით სს “ე.ჯ-ას” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს “ე.ჯ-ას” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “ე.ჯ-ას” საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს “ე.ჯ-ას” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ე.ჯ-ას” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სს “ე.ჯ-ას” (საიდენტიფიკაციო ¹....) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹.... სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹...., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹...., დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.