Facebook Twitter

საქმე # 330100118002678626

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №676აპ-20 ქ. თბილისი

მ. კ., 676აპ-20 2 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ლუკა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ლუკა გამყრელიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს კ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: დაზარალებულმა ც. ქ-მა, რომელსაც არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია კ. მ-ს მიმართ, განმარტა, რომ მისი დანაკლისი, ანუ დოკუმენტურად დადასტურებული ზიანი შეადგენდა 430,169 ლარს. იგივე დაადასტურა ბუღალტერმა თ. ჯ-მ, რომელმაც განაცხადა, რომ მას ჰქონდა ყველანაირი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა შესყიდული, გაყიდული პროდუქციის ოდენობა და დანაკლისი, რაც შეადგენდა 430,169 ლარს. ამასთან, დადგენილია ის ფაქტიც, რომ ქურდობა ჩაიდინა მხოლოდ კ. მ-მა. საქმის მასალებით ასევე არ დგინდება, რომ საწყობში ასევე ინახებოდა ბალახის თესლებიც, ამის შესახებ უთითებს მხოლოდ მსჯავრდებული, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. მ-ს ბრალად დაედო სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ივნისის დასაწყისიდან - იმავე წლის 1 აგვისტოს ჩათვლით, კ. მ., ... მდებარე შპს „...“ კუთვნილ სასაწყობო ფართში უკანონო შეღწევით, ეტაპობრივად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „...“ კუთვნილ, 147,168 ლარად ღირებულ „...ს“ სახელწოდების მქონე პომიდვრის თესლის 5256 პაკეტს, 97551 ლარად ღირებულ „...“ სახელწოდების მქონე პომიდვრის თესლის 3613 პაკეტს და 185,450 ლარად ღირებულ „...“ სახელწოდების მქონე კომბოსტოს თესლის 3709 პაკეტს, რითაც დაზარალებულ შპს „...“ მიადგა - 430,169 ლარის - დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით კ. მ., - დაბადებული 19 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

მსჯავრდებულ კ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 11 სექტემბრიდან.

განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: 2018 წლის ივნისის დასაწყისიდან - იმავე წლის 1 აგვისტოს ჩათვლით, კ. მ., ... მდებარე შპს „...“ კუთვნილ სასაწყობო ფართში უკანონო შეღწევით, ეტაპობრივად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „...“ კუთვნილ „...“ სახელწოდების მქონე პომიდვრის თესლის, „...“ სახელწოდების მქონე პომიდვრის თესლისა და „...“ სახელწოდების კომბოსტოს თესლის პაკეტებს, რითაც დაზარალებულ შპს „...“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა კ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

- მსჯავრდებულ კ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბმ სააპელაციო საჩივრით ითხოვა კ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ კ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენში კ. მ-ს მიმართ შევიდა ცვლილება:

კ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

კ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 11 სექტემბრიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ კ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მსჯავრებულ კ. მ-ს ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არ დასტურდება დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, კერძოდ: სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მოწმე ი. შ-ს ჩვენება, რომლის თანახმად, კ. მ-მ საწყობიდან პროდუქცია ორჯერ გამოიტანა გამჭვირვალე პარკით, რომელშიც მოთავსებულ ყუთებს ეხატა პომიდვრები, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში - პარკი იყო მუქი, რაც სრულად შეესაბამება საქმეზე არსებულ ვიდეოჩანაწერის შინაარსს, რომლითაც დასტურდება, რომ კ. მ-ს ც ქ-ს კონტეინერიდან გამოსვლისას, 2018 წლის 4, 15 და 29 ივნისს, ხელში უჭირავს ორ-ორი, მათ შორის - გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკები. თვითონ მსჯავრდებულმა კ. მ-მა სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ თუ საწყობიდან რაიმეს გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი, ეს შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ბ-ს თესლი, რომლის ერთი ყუთის ღირებულება შეადგენს 160 ლარს, ხოლო ბრალდების მხარეს სხვა რაიმე უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კ. მ-მა საწყობიდან ყველა შემთხვევაში პარკებით პომიდვრის თესლები გამოიტანა, არ წარმოუდგენია. აღნიშნული კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა კ. მ-ს საწყობიდან მხოლოდ პომიდვრის თესლი კი არ გაჰქონდა, არამედ - ბალახის თესლიც, რომელიც გაცილებით იაფი ღირდა პომიდვრის თესლთან შედარებით. ეს ეჭვი კი სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, მსჯავრდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ლუკა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი