Facebook Twitter

საქმე # 160100119002924959

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №677აპ-20 ქ. თბილისი

ს.ზ, 677აპ-20 2 მარტი, 2021 წ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულ ზ. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი მოტივებით: განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა; მართალია, დაზარალებულმა გ. ი-მ და არასრულწლოვანმა რ. ს-მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ ნიშნავს იმას, რომ ზ. ს უდანაშაულოა; ზ. ს-ს ბრალეულობა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: საქმის გამომძიებელ ხ. ბ-ს ჩვენებით, მოწმე ა. ი-ს ჩვენებით, რომელიც არასრულწლოვან რ. ს-ს გამოკითხვას ესწრებოდა, როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ გ. ი-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება; დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და მასში მონაწილე პირების ჩვენებებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ს-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ზ. ს-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ.-ს რაიონის სოფელ დ. -ში მდებარე სახლში, რომლის მფლობელებიც არიან გ. ი-სა და ზ. ს-ს ოჯახი, ზ. ს-მ მარცხენა ხელის მტევანზე ცულის ერთხელ დარტყმითა და მუშტის თავსა და ზურგში დარტყმებით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - გ. ი-ზე რის შედეგადაც დაზრალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - რ. ს.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ზ. ს, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ზ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გამართლებულ ზ. ს-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა, პირდაპირმა მოწმეებმა, დაზარალებულმა - გ. ი-მ (ზ. ს-ს მეუღლე) და მოწმე რ. ს-მ (ზ. ს-ს შვილი), პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და ჩვენება არ მისცეს საკუთარი ახლო ნათესავის - ზ. ს-ს წინააღმდეგ. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მოწმეები კი არ არიან პირდაპირი მოწმეები და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, რაც საფუძვლად არ შეიძლება დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, მართალია, დადგენილია, რომ გ. ი-ს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, მაგრამ, ვინაიდან შემთხვევის უშუალო შემსწრე ორივე პირმა ჩვენება არ მისცა ზ. ს-ს წინააღმდეგ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, თუ კონკრეტულად ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა დაზიანება გ. ი-ს. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი ზ. ს-ს ბრალეულობის დასადასტურებლად.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი