ას-742-799-11 11 ივლისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “უ-ი” (მოსარჩელე)
კასატორის წარმომადგენელი – ლ. გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები _ თ. ლ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “უ-მა” სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ი. დ-ოლსა და თ. ლ-ძეს შორის 2009 წლის 30 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: 2006 წლის 23 ივნისს ი. დ-ოლმა, როგორც შპს “უ-ის” ერთადერთმა პარტნიორმა და დამფუძნებელმა არსებული წესით შეისყიდა ქ. ფოთში, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 39 კვ.მ საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ფოთი, ...-ის ქ.¹13-ში და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ. 2006 წლის 10 ოქტომბერს ქ. ფოთის არქიტექტურის სამსახურის მიერ ი. დ-ოლზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ¹82. 2006 წლის 7 ივლისს, კი მისი განცხადებით შედგა პროექტი, რომლითაც დაპროექტებულ იქნა სადავო სახლი. ყოველივე ამის შემდგომ, მოსარჩელის მიერ ჩატარებულ იქნა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც მან სადავო სახლი კეთილმოაწყო. 2008 წელს თ. ლ-ძის გაცნობის შემდეგ, მათ შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების გამო, ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყეს ერთად ცხოვრება. 2009 წლის 30 ივნისს თ. ლ-ძემ, მოტყუებით წაიყვანა მოსარჩელე ნოტარიუსთან, რის შემდეგადაც მოხდა ისეთი გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულები) დადება, რომელიც მხარეს არ სურდა. მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ 2000 ლარად გაყიდულ იქნა მის საკუთრებაში არსებული ქონება. მოსარჩელე უთითებს, რომ მათ შორის აღნიშნული ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო მოპასუხის – თ. ლ-ძის საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და მათი ერთმანეთისადმი განსაკუთრებული ნდობის გამო, რაც სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, იწვევს ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელესთან დადო სწორედ იმგვარი ხელშეკრულება, რაც გამოხატავდა მათ საერთო ნებას, აღნიშნული ხელშეკრულება ნოტარიუსთან დაიდო თარჯიმნის მეშვეობით და ხელშეკრულება შედგა ორ ენაზე – ქართულსა და მოსარჩელის მშობლიურ, თურქულ ენაზე, რაც გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ არ იცოდა თუ რა ტიპის ხელშეკრულება იდებოდა მოპასუხესთან. რაც შეეხება შპს “უ-ის” დირქტორის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას რომ ხელშეკრულება დაიდო მოპასუხის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს, განსახილველ შემთხვევაში არ არის მოცემული არც ერთი განსახილველი შემთხვევა.
2010 წლის 27 ოქტომბრის ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს “უ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებასა და 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებასთAნ ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “უ-იმ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 29 ივნისს, შპს “უ-ის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ი. დ-ოლმა მიიღო გადაწყვეტილება, თ. ლ-ძისათვის 2000 ლარად მიეყიდა შპს “უ-ის” საკუთრებაში არსებული ქ. ფოთში, ...-ს ქ. ¹13-ში მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2009 წლის 30 ივნისს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულ იქნა ნოტარიუსის მიერ. აღნიშნული ხელშეკრულება და 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დამოწმებამდე, თავად მოსარჩელის მონაწილეობით ითარგმნა თურქულ ენაზე. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის განმარტების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მისი კეთილი ნებითა და სურვილით. მან თავად მიიტანა სანოტარო ბიუროში ხელშეკრულებისათვის საჭირო საბუთები, ხოლო ნასყიდობის ფასი, საშემოსავლო გადასახადის გამო, ხელშეკრულებაში მიეთითა უფრო ნაკლები, ვიდრე სინამდვილეში ღირდა. თარჯიმნისა და მოწმე რ. ლ-ვას განმარტებით დადგინდა, რომ იგი წარმოადგენდა მოსარჩელის თარჯიმანს, თავად მისი თხოვნით თარგმნა თურქულ ენაზე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც თავად ი. დ-ოლმა დაბეჭდა და წაიღო ნოტარიუსთან და მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია. თ. ლ-ძეს ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ გააჩნდა საბაზრო ძალაუფლება და მოსარჩელე მხარე არ იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მხარეთა სურვილისა და ნების გამოვლენის საფუძველზე. თ. ლ-ძემ მოსარჩელეს გადაუხადა ნასყიდობის საფასური. 2009 წლის 30 ივნისს, შპს “უ-ის” დირექტორის ი. დ-ოლისა და თ. ლ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა თ. ლ-ძის საკუთრებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შპს “უ-ის” დირექტორის, ი. დ-ოლის განმარტებიდან ირკვევა, რომ მისთვის ცნობილი იყო, თუ რა სახის ხელშეკრულებას დებდა მოპასუხე მხარესთან. საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ზედმეტი თანხა რომ არ გადაეხადათ, ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასი ჩაიწერა 2000 ლარი. ასევე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს “უ-ის” დამფუძნებელი პარტნიორის კრების 2009 წლის 29 ივნისის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით შპს “უ-ის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 2000 ლარად თ. ლ-ძემ იყიდა. სანოტარო აქტით ირკვევა, რომ 2009 წლის 30 ივნისს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება თარჯიმანმა რ. ლ-ვამ ქართული ენიდან თურქულ ენაზე გადაუთარგმნა ი. დ-ოილს. თარჯიმანის მიერ ხელი მოწერილია, მხოლოდ თურქულ ენაზე შედგენილ თარგმანზე, რაც სანოტარო აქტის განუყოფელი ნაწილია. მოწმეთა სახით, დაკითხულმა ნოტარიუსმა და თარჯიმანმა რ. ლ-ვამ ჩვენებით დაადასტურეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე, თარჯიმანმა მოსარჩელეს უთარგმნა სანოტარო აქტში დაფიქსირებული ტექსტი და მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდა აქტზე ხელმოწერა.
აპელანტის მითითება, იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ თარჯიმანს ხელი უნდა მოეწერა არა მარტო ხელშეკრულების თურქულ ვერსიაზე, არამედ ქართულზეც, პალატამ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება სრულად შეესაბამება სანოტარო აქტში დაფიქსირებულ ნებას, “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის დარღვევა, ვერ გახდება გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. პალატამ ასევე არ გაიზირა აპელანტის მოსაზრება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის სხდომის ოქმზე წარდგენილი შენიშვნების უარყოფის შესახებ, 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი შენიშვნების მართებულობას, ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება მტკიცებულების, როგორც ყალბი დოკუმენტის საქმიდან ამორიცხვაზე უარის თქმის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 18 ოქტომბრის საოქმო განჩინების უსწორობასა და საქმეში განათავსებული 2009 წლის 30 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების სიყალბის დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 2009 წლის 30 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების სიყალბე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “უ-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონდარღვევით არის გამოტანილი. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის საგანი უნდა გადასცემოდა მყიდველს, რაც არ მომხდარა, რადგან მოსარჩელე და მოპასუხე მხარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგაც განაგრძობდნენ ერთად ცხოვრებას, ასევე არ წარმოუდგენიათ ნასყიდობის ფასის 2000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად 2000 ლარის დაფიქსირება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საშემოსავლო გადასახადი არ გაზრდილიყო, რაც მიუთითებს მხარეებს შორის მოჩვენებით გარიგებაზე. ამასთან, სადავო გარიგება ეწინააღმდეგება მეწარმეთა შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც, რადგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების უფლების მქონე პირი და კონტრაჰენტი მოქმედებდა განზრახ, რათა ზიანი მისდგომოდა მეწარმე სუბიექტს, უნდა ჩაითვალოს ბათილად.
ს ა მ ო ტ ი ვ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “უ-ი”-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “უ-ი”-ს დაუბრუნდეს ლ. გ-შვილის მიერ 2011 წლის 13 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,უ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
შპს “უ-ი”-ს დაუბრუნდეს ლ. გ-შვილის მიერ 2011 წლის 13 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.