Facebook Twitter

ას-752-808-2011 28 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს “ვ-ი-ის” წარმომადგენელ ა. გ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “...” სახელწოდება “ე-ი” სარჩელის გამო, მოპასუხე – შპს “ვ-ი - ის” მიმართ თანხის დაკისრებისა და ნივთის დაბრუნების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა შპს “ვ-ი-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 2 364.5 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ა. გ-შვილის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.

2011 წლის 13 ივნისს შპს “ვ-ი -ის” წარმომადგენელმა ა. გ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის 5 (ხუთი) დღით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინებით ა. გ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს “ვ-ი -ს” გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 2 364.5 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ა. გ-შვილის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს “ვ-ი -ს” საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 8 ივლისს ჩაბარდა (ტ... ს.ფ. ...). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვაზე შპს “...-ის” პასუხითაც დასტურდება, რომ ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 8 ივლისს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებითა და ფოსტის წერილითაც დასტურდება, რომ ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარდა ადრესატს. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩაბარება ნამდვილია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 9 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 13 ივლისს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ვ-ი -ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ვ-ი-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.