Facebook Twitter

საქმე # 330100119003146902

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№684აპ-20 ქ. თბილისი

ი. დ., 684აპ-20 1 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და დ. ი-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა; ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურებულია, რომ დ. ი-ს ქმედებები სცდება პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას და უნდა შეფასებულიყო, როგორც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ი-ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში, ისანი-სამგორის პოლიციის ... განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრა ნასვამი დ. ი., რომელმაც ოპერატიულ მორიგეს დაუწყო ხმამაღალი გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციის თანამშრომლების მიმართ და მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა მათ მიმართ შეურაცხყოფა, დ. ი. აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოულოდნელად თავს დაესხა მასთან ახლოს მდგომ ისანი-სამგორის პოლიციის ... განყოფილების უფროსის მოადგილეს - რ. ხ-ს, რომელიც მოუწოდებდა, დამშვიდებულიყო და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ რამდენჯერმე ფეხი ჩაარტყა მუცელსა და ფეხის არეში, ასევე ხელი გაარტყა სახეში, ტუჩთან. თავდასხმის შედეგად რ. ხ-მა განიციდა ფიზიკური ტკივილი.

3. დ. ი-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით დ. ი-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში, ისანი-სამგორის პოლიციის მე-8 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ნასვამმა დ. ი-მა ოპერატიულ მორიგეს დაუწყო ხმამაღალი გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა, დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა მათ მიმართ შეურაცხყოფა, დ. ი. მაინც აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ითხოვდა მის შეცვლასა და დ. ი-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენისათვის.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა დ. ი-ს მიერ პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და მისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ; საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაციას, რომლის თანახმადაც, დ. ი-ს ქმედებაში არ არის გამოკვეთილი ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანი - თავდასხმა, ვინაიდან დაკავება საპროცესო იძულების ღონისძიებაა, რომელიც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იძულების პროპორციულ წინააღმდეგობასთან, რაც აპრიორი არ მიუთითებს მსჯავრდებულის მხრიდან პოლიციელის მიმართ თავდასხმაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ი-ს ბრალეულობა დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი