Facebook Twitter

ას-766-822-2011 1 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ბ-ანის წარმომადგენელ გ. კ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინებასა და 2011 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებაზე, საქმეზე _ მალვინა მუკბანიანის სარჩელის გამო, მოპასუხე – ნ. ბ-ანის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით ნ. ბ-ანის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის, რომელზეც დასმულია შტამპი “განაღდებულია” (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში) ან სალაროს შემოსავლის ორდერისა (ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას) და საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა.

კასატორის წარმომადგენელმა გ. კ-ძემ 2011 წლის 21 ივნისს მომართა სასამართლოს, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რაც შეეხება მინდობილობას, საკასაციო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ ნ. ბ-ანი არ იმყოფება საქართველოში, რის გამოც შეუძლებელია მინდობილობის წარმოდგენა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის გადადება 2011 წლის 21 ივლისისთვის (კასატორის ჩამოსვლის დროისათვის).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. აღნიშნული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და არ ავალდებულებს სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე გაუგრძელოს მას საპროცესო ვადა, თუ სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დასაბუთებულია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. კ-ძის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის მიერ სრულად არაა ხარვეზი გამოსწორებული, კერძოდ არ არის წარმოდგენილი საპროცესო კოდექსის შესაბამისად შედგენილი მინდობილობა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ნ. ბ-ანს უნდა დაუბრუნდეს გ. კ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 6 ივნისის ¹1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 285-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ანის წარმომადგენელ, გ. კ-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

2. ნ. ბ-ანის წარმომადგენელ, გ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინებასა და 2011 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

3. ნ. ბ-ანს დაუბრუნდეს, გ. კ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 6 ივნისის ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹...., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹...., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹...., დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება