ას-768-824-2011 12 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ჩ-ია და ნ. კ-შვილი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ა. თ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “კ-ღი” ზ. კ-ძე, ც. კ-ძე, გ. კ-ია, თ. ჩ-შვილი, მ. მ-ვა, დ. დ-ძე, კ. ე-ძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – 2009 წლის 17 მარტისა და 2009 წლის 2 აპრილის მხარეთა შეთანხმებაში ცვლილების შეტანა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ჩ-იასა და ნ. კ-შვილის სარჩელი მოპასუხეების _ შპს “კ-ღის,” ზ. კ-ძის, ც. კ-ძის, გ. კ-იას, თ. ჩ-შვილის, მ. მ-ვას, დ.დ-ძის, კ. ე-ძის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ 2009 წლის 17 მარტისა და 2009 წლის 2 აპრილის მხარეთა შეთანხმებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამავე სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნა ყადაღა ქ.ლანჩხუთი, ... ¹118-ში და ¹122-ში მდებარე მოპასუხე შპს “კ-ღის” დირექტორ მ. მ-შვილის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-იასა და ნ. კ-შვილის წარმომადგენელმა ა. თ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით თ. ჩ-იასა და ნ. კ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 17 ივნისს კასატორების წარმომადგენელმა ა. თ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება ერთი კვირით.
საკასაციო პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით თ. ჩ-იასა და ნ. კ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა თ. ჩ-ასა და ნ. კ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-ძეს 2011 წლის 24 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-იასა და ნ. კ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-ძის” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის “ა” ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ თ. ჩ-იასა და ნ. კ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-ძეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 24 ივნისს, მის მიერ საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ. 339).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 25 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 1 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჩ-იასა და ნ. კ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.