Facebook Twitter

საქმე # 110100118002462925

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №690აპ-20 ქ. თბილისი

ფ.კ , 690აპ-20 2 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კობა სირაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს კ. პ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (სამი ეპიზოდი), შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ. ფ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა; კ. ფ-ს ბრალეულობას ადასტურებს დანაშაულის შეტყობინების ოქმი, ხ.ჭ-ს სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, ხ.ჭ-ს ტუჩზე აღენიშნებოდა შესიების კვალი, ხოლო მარცხენა საფეთქლის არესა და მარჯვენა ყურის არეში სიწითლე; ხ. ჭ-მ შემოწმებისას ექსპერტს განუმარტა, რომ მას მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; დაზრალებულის ფსიქოლოგიური ექსპერტიზს დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ კ. ფ-ს ქმედების შედეგად ხ. ჭ-მ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც იწვევდა მის ტანჯვას; მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით დგინდება, რომ კ. ფ-ს დაკავების საფუძველი გახდა ხ. ჭ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლითაც ის ამხელდა კ.ფ-ს ძალადობაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ფ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის ოქტომბრისა და 2018 წლის 25 მარტის ეპიზოდები).

კ. ფ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- ხ. ჭ 20.. წლიდან დაქორწინებულია კ. ფ-ზე. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ. ზ.-ში, დ.-ს ქ.№..-ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: მ. ფ და ნ. ფ. 2016 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია) 2018 წლის 25 მარტის ჩათვლით, ნასვამი კ. ფ მეუღლეს - ხ. ჭ ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ხ.ჭ განიცდიდა ტანჯვას.

- 20.. წლის ოქტომბერში, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.ზ-ში, დ-ს ქ.-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამმა კ. ფ-მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ.ჭ-ს. მის მოწოდებაზე, რომ დაწყნარებულიყო, კ.ფ- გახდა აგრესიული და ხ.ჭ-ს მარჯვენა ხელის მუშტი ჩაარტყა ცხვირში, რასაც შეესწრნენ კ.ფ-სა და ხ.ჭ-ს არასრულწლოვანი შვილები - მ. და ნ. ფ-ები ძალადობრივი ქმედების შედეგად ხჭ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

- 2018 წლის .. მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ზ-ში, დ-ს ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, კ.ფ-მა უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ხ.ჭ-ს რის შემდეგაც ოთახში მყოფს ესროლა კვერცხი, რაც ხ. ჭ-ს მოხვდა მარჯვენა ყურში. ასევე, მუშტი დაარტყა მარცხენა საფეთქლის არეში, ხოლო უკან, თავის არეში - ორჯერ. ხ. ჭ-ს მოწოდებაზე, შეეწყვიტა ძალადობა, კ. ფ-მა გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა მას ტუჩში, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - მ. ფ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ხ. ჭ-ს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით კ. ფ, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (სამი ეპიზოდი).

გაქუმდა კ.ფ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გამართლებულ კ.ფ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კობა სირაძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კ.ფ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (სამი ეპიზოდი).

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ კ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (სამი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მართებულად მიიჩნიეს, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ხ.ჭ-მ ასევე მოწმეებმა - ნ. ფ-მა, მ.ფ-მა (კ.ფ შვილები) და ა. ფ (კ. ფ-ს დედა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს კ. ფ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ხოლო ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა ყველა მოწმე არის ირიბი, რადგან ისინი არ არიან შემთხვევის უშუალო შემსწრე პირები და გადმოსცემენ დაზარალებულ ხ. ჭ-სგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის გამოც მათი ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება დაზარალებულის ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ამ ნაწილშიც დაზარალებულის მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა, ინფორმაციის პირველწყაროს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შედეგად, რის გამოც სასამართლო ვერც მითითებულ მტკიცებულებას გამოიყენებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი