ბს-1280-1083-კ-04 12 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: თანამდებობის პირის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ პროკურორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ე. მ.-ის, ც. ჯ.-ისა და ნ. ბ.-ის მიმართ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის საფუძველზე და მოითხოვა მოპასუხეთა დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ე. მ.-ი 1996წ. ნოემბრიდან 2004წ. აპრილამდე მუშაობდა აჭარის ა/რ საბაჟო სამმართველოს უფროსის მოადგილედ და ამ პერიოდში ხელფასის სახით სულ მიღებული ჰქონდა 43 174,4 ლარი. ე. მ.-ი 2004წ. 6 ივლისს მიცემულ იქნა პასუხისგებაში სსკ-ის 332-ე მუხლის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოსარჩელეს საფუძვლიანი ეჭვი გააჩნდა, რომ ასეთი ანაზღაურების პირობებში დაუსაბუთებელი იყო მოპასუხეთა ქონება და სახელმწიფოს უნდა გადასცემოდა ე. მ.-ის სახელზე რიცხული: 1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15, ბ.23-ში;
2. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ... ქ. ¹35\37-ში;
3. საცხოვრებელი ხუთოთახიანი ბინა ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹106, ბ.4-ში;
4. ავტომანქანა “გაზ-3109”.
5. ავტომანქანა „BMჭ“;
6. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ბ.6-ში.
II. ც. ჯ.-ის სახელზე:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹35, საერთო ფართით 312 კვ.მ, შეფასებული 160 000 ლარად.
2. საცხოვრებელი ოროთახიანი ბინა ქ. ბათუმში, ... ¹15, ბ.23-ში;
3. ავტოფარეხი _ ქ. ბათუმში, ... ¹15-ში;
4. სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ 29600 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, თითოეული 2 ლარის ღირებულების;
5. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ... ¹33-35-ში.
III. ნ. ბ.-ის სახელზე რიცხული:
1. არასაცხოვრებელი ფართის წილი ქ. ბათუმში, ... ქ. ¹48-ში, საერთო ფართით 135.5 კვ.მ.
სასამართლო პროცესზე მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ იქნა, რომ ე. მ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ... ¹15, ბინა 23-სა და ც. ჯ.-ის სახელზე რიცხული ბინა ... ¹25, ბინა 23-ში ერთი და იგივე ბინა იყო. ასევე ერთი და იგივე იყო ქ. ბათუმში ე. მ.-ის სახელზე რიცხული ... ქ. ¹35-სა და იმავე მისამართზე ც. ჯ.-ის სახელზე რიცხული ბინა და ამ უკანასკნელის სახელზე რიცხული ... ¹33-35-ში მდებარე ბინა.
აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი. ე. მ.-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა შემდეგი ქონება:
1. ავტომანქანა “გაზ-3109’’, ღირებული 7000 ლარად;
2. ავტომანქანა “BMჭ“, ღირებული 4750 ლარად;
3 საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ბ.6-ში;
ცარო ჯ.-ის სახელზე რიცხული შემდეგი ქონება:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, .... ¹35-ში, ღირებული 160000 ლარად;
2. სს „ბ.-ის“ აქციების შესასყიდად გადახდილი ღირებულება 59 200 ლარის ოდენობით.
სარჩელში მითითებული სხვა ქონების ჩამორთმევაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქობულეთში, ... მდებარე ბინა 4 ე. მ.-ის მამის მიერ მიღებული იყო ამ უკანასკნელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. აღნიშნული ბინა 1998წ. მარტში პრივატიზაციის ხელშეკრულებით მიიღო ე. მ.-ის დედამ, რომელმაც შემდეგ აჩუქა შვილს. ამიტომ სარჩელის მოთხოვნა აღნიშნული ქონების მიმართ უსაფუძვლო იყო.
ქ. ბათუმში, ..., მდებარე ბინა 23 და ამავე მისამართზე არსებული ავტოფარეხის ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე უარი ეთქვა, რადგან დადგენილი იყო, რომ აღნიშნული ბინა და ავტოფარეხი მოპასუხე ც. ჯ.-ს მიღებული ჰქონდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ნებართვით 1981 წელს. აღნიშნული ბინა აშენებული იყო კოოპერატიული წესით და მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სარჩელში ნ. ბ.-ის საკუთრებად ქ. ბათუმში, ... მდებარე ფართი წარმოადგენდა ნონა ფუტკარაძის საკუთრებას და სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, შეეთავაზა მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, რაზედაც უარი განაცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორს უარი ეთქვა ნ. ბ.-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ე. მ.-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ ფინანსური შემოსავლების შესახებ, რომლითაც შეიძინა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹38-ში ბინა 6, ავტომანქანა “გაზ-3109’’ და ავტომანქანა „BMჭ“ და მიაჩნია, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა დაუსაბუთებელ ქონებას და ექვემდებარებოდა სახელმწიფოსათვის გადაცემას.
ასევე მიუთითა, რომ ც. ჯ.-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ქ. ბათუმში, ... ქ. ¹35-ში 160000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლისა და სს “ბათუმის სადიაგნოსტიკო და აღდგენითი მკურნალობის ცენტრის" აქციების შესაძენად დახარჯული თანხების მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც პროკურორის სარჩელი აღნიშნულ ქონებაზე საფუძვლიანი იყო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ პროკურატურამ და ც. ჯ.-მა.
აჭარის ა/რ პროკურატურა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა ქ. ბათუმში, .... ¹15-ში ც. ჯ.-ის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის ჩამორთმევაზე და ითხოვს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი მიუთითებს, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990წ. 5 სექტემბრის ¹775 გადაწყვეტილების პირველი ნაწილის თანახმად, .... ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მობინადრეებს ნება დაერთოთ, თავიანთი სახლების მიმდებარედ აეშენებინათ კოოპერატიული ავტოფარეხები. მოპასუხე ც. ჯ.-ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სადავო ქონების ან ამ ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამიტომ ავტოფარეხი ექვემდებარებოდა ჩამორთმევას და სახელმწიფოსათვის გადაცემას.
კასატორი ც. ჯ.-ი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი და მას და ე. მ.-ს ჩამოერთვა ქონება, ასევე არასწორად მიაჩნია სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, დაკისრება. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვის ე. მ.-ის მიერ ც. ჯ.-ის სახელზე გაცემული მინდობილობა აღნიშნული საქმის წარმოების შესახებ, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ც. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი ე. მ.-ის ქონების ჩამორთმევის ნაწილში დაუშვებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ პროკურატურისა და ც. ჯ.-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბათუმის საქალაქო პროკურატურის 2004წ. 6 ივლისის დადგენილებით ე. მ.-ი ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, კერძოდ, თურქეთიდან საბაჟო რეჟიმის დარღვევით, ...-ის საბაჟო საგუშაგოს გავლით, განუბაჟებლად 6 სატვირთო ავტომანქანის (210ტ. პურის ფქვილის) გატარებაში, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა განიცადა 55 797,01 ლარის ოდენობის მატერიალური ზარალი. მანვე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საბაჟო საგუშაგოს გავლით, განუბაჟებლად გაატარა თურქეთიდან შემოტანილი 664 ტ. პურის ფქვილით დატვირთული თბომავალი “ი.-უ", რითაც ბიუჯეტს მიაყენა 148 424 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. ასევე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საბაჟო საგუშაგოს გავლით, განუბაჟებლად გაატარა თურქეთიდან შემოტანილი 1200 ტ პურის ფქვილით დატვირთული თბომავალი “ბ.-ი", რითაც 268215 ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ბათუმის საქალაქო პროკურატურის 2004წ. 14 ივლისის დადგენილებით ე. მ.-ზე გამოცხადდა ძებნა. ე. მ.-ი 1996წ. ნოემბრიდან 2004წ. აპრილამდე მუშაობდა აჭარის საბაჟო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე და ამ პერიოდში ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს შემოსავალი 43174,4 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, არ იზიარებს აჭარის ა/რ პროკურატურის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ქ. ბათუმში, ... ¹15-ში ც. ჯ.-ის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევისა და მისი სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში ... ¹15-ში, ც. ჯ.-ის სახელზე რიცხული ფართი წარმოადგენს კოოპერატიულ ბინას. კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში ც. ჯ.-ი გაწევრიანდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ნებართვით 1981 წელს და ბინის ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა მის საკუთრებად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აჭარის ა/რ პროკურატურას უარი ეთქვა მითითებული ბინის დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევასა და ჩამორთმევაზე. აჭარის ა/რ პროკურატურას გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გაუსაჩივრებია და შევიდა კანონიერ ძალაში, მაგრამ კასატორი ითხოვს აღნიშნული ბინის მისამართზე არსებულ ეზოში მდებარე ც. ჯ.-ის სახელზე რიცხული ავტოფარეხის ჩამორთმევას, რომელიც დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შეფასებულია 2000 ლარად. ავტოფარეხი ამავე ფასით აქვს მითითებული ე. მ.-ს ქონებრივ დეკლარაციაში. საქმეზე წარმოდგენილი ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990წ. 5 სექტემბრის ¹755 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... ¹15 საცხოვრებელი სახლის მობინადრეებს ნება მიეცათ, თავიანთი სახლების მიმდებარედ აეშენებინათ ავტოფარეხები. ც. ჯ.-ისათვის სადავო ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისათვის ე. მ.-ი არ წარმოადგენდა თანამდებობის პირს. იგი თანამდებობაზე მუშაობდა 1996წ. ნოემბრიდან 2004წ. აპრილამდე. აჭარის ა/რ პროკურატურამ ვერ დაადასტურა, რომ სადავო ავტოფარეხი აშენდა ე. მ.-ის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება. რომ სადავო ავტოფარეხი აშენდა ე. მ.-ის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ავტოფარეხი შეფასებულია 2000 ლარად და ც. ჯ.-ის შემოსავლის ოდენობა იძლეოდა ამ ღირებულების ავტოფარეხის აშენების საშუალებას, ამიტომ აღნიშნული ავტოფარეხის დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევისა და მისი ჩამორთმევის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, უარი უნდა ეთქვას აჭარის ა/რ პროკურატურას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორ ც. ჯ.-ის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებაზე, რომლითაც დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი და ჩამოერთვა მას ქ. ბათუმში, .... ¹35-ში მდებარე 160000 ლარად შეფასებული შვიდოთახიანი საცხოვრებელი ბინა და სს “ბ.-ის” აქციების შესასყიდად გადახდილი 59200 ლარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის გარემოება, რომ ე. მ.-ი და ც. ჯ.-ი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და პროკურატურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის მიხედვით, დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე, საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მოპოვებულია თანამდებობის პირის არაკანონიერ ქმედებათა შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს თანამდებობის პირი. ამავე მუხლის “ვ" ქვეპუნქტის დეფინიციის მიხედვით, დაუსაბუთებელია ქონება, რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია. ის გარემოება, რომ აღნიშნულ ქონებას ოჯახის საკუთრებად აღიარებდა ელ. მ.-ი, დასტურდება თვით კასატორ ც. ჯ.-ის მიერ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული ე. მ.-ის “თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებით" (2000-2004წწ.) რომლებშიც სხვა ქონებასთან ერთად მითითებულია ქ. ბათუმში, .... ¹35-ში მდებარე შვიდოთახიანი ბინა და სს “ბ.-ის" 29600 ცალი სახელობითი აქცია. ასევე, უსაფუძვლობის გამო, არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნით, არასწორად იქნა შეფასებული სადავო ქონების ღირებულება, რათა შემდგომში აღნიშნული ქონების დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველი შექმნილიყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონების, კერძოდ, .... ¹35-ში მდებარე ბინისა და სს “ბ.-ის" აქციების ღირებულების შეფასების თაობაზე დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული ღირებულება და ე. მ.-ის მიერ “თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში" მითითებული ღირებულებები ერთნაირია, ბინა ორივე შემთხვევაში შეფასებულია 160000 ლარად და ერთი აქციის ღირებულება _ 2 ლარად.
საქმეზე წარმოდგენილი სადავო ბინის ტექნიკური პასპორტითა და ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ იგი შეძენილ იქნა სამი ხელშეკრულების: 12.06.97წ. ¹1-1371, 15.09.97წ. ¹1-208 და 22.01.978წ. ¹1-12 საფუძველზე. ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ სადავო ბინა ც. ჯ.-ის მიერ შეძენილია ე. მ.-ის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. უსაფუძვლობის გამო, არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს “ბ.-ის" აქციები მის მიერ შეძენილ იქნა 1996წ. 12 ივნისში, ანუ ე. მ.-ის თანამდებობაზე დანიშვნამდე. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული სს-ის რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კასატორის მიერ მითითებული თარიღით (12.06.96) თვით სააქციო საზოგადოებაა რეგისტრირებული ბათუმის სასამართლოში, ხოლო თუ როდის იქნა შეძენილი ც. ჯ.-ის მიერ საზოგადოების აქციები, დასტურდება საზოგადოების დირექტორის 2004წ. 15 დეკემბერს გაცემული ცნობით, რომლის თანახმად, ც. ჯ.-ის მიერ საზოგადოების პრივატიზების შედეგად 8000 აქცია შეძენილ იქნა 1997წ. 20 აპრილს, ხოლო 21600 აქცია _ აქციონერთა ჯგუფისაგან 1997წ. 14 ნოემბერს. ამდენად, დადგენილია ის გარემოება, რომ სადავო ქონება შეძენილია ე. მ.-ის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მოპასუხეს ეკისრება შეძენილი ქონების კანონიერების გზით შეძენის შესახებ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება. საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ც. ჯ.-ის მიერ მიღებული შემოსავლები, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი მიმართული იქნებოდა მხოლოდ სადავო ქონების შესაძენად, არ იძლეოდა 160000 ლარად შეფასებული ბინისა და 59600 ლარის ღირებულების აქციების შეძენის შესაძლებლობას. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება სადავო ქონების კანონიერი საშუალებებით მოპოვების გზით შეძენის ფაქტი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა მიჩნეული აღნიშნული ქონება დაუსაბუთებლად და ჩამოერთვა მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ პროკურატურისა და ც. ჯ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. ც. ჯ.-ი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება