Facebook Twitter

ას-778-832-2011 8 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. დ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. დ-იანი

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. დ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. დ-იას, ბ. დ-იასა და დ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... , VII კვარტალი, კორპუსი ¹19, I სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე 57,28 კვ.მ ფართიდან მოპასუხეთა გამოსახლება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ სადავო ბინა შეიძინა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებულ აუქციონზე 2009 წლის 5 ნოემბერს და ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა 2009 წლის 16 ნოემბერს. ყოფილმა მესაკუთრემ, მოპასუხე შ. დ-იამ არ გაათავისუფლა აწ უკვე მოსარჩელის კუთვნილი ქონება, რის გამოც ნ. D-იანმა მიმართა პოლიციის სამსახურს მოპასუხის გამოსახლების თხოვნით, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან ვერ მოხერხდა შ. დ-იას ავადმყოფი დედის, მოპასუხე დ. კ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი სადავო ფართიდან გამოსახლება. შესაბამისად, მოპასუხეები შ. დ-ია და მისი მშობლები დ. კ-ძე და ბ. დ-ია აგრძელებენ ცხოვრებას მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში, რითაც მოსარჩელეს ეზღუდება, ხელი ეშლება საკუთარი ქონებით სარგებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. დ-იანმა მოითხოვა სადავო ბინის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე.

მოპასუხე შ. დ-იამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან მიიჩნია, რომ მშობლების _ დ. კ-ძისა და ბ. დ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია ოჯახის ბინიდან გამოსახლება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ნ. დ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების _ შ. დ-იას, დ. კ-ძისა და ბ. დ-იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში, ... , კვარტალი VII, კორპუსი ¹19, სადარბაზო I, სართული I, 57,28 კვ.მ. ფართი და დადგინდა თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინას, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენდა ნ. დ-იანი, მოპასუხეები ფლობდნენ უკანონოდ, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 172.1-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წეისთ გაასაჩივრა შ. დ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით შ. დ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნდა საკუთრების უფლება და იგი არ იყო შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს _ მართლზომიერ მფლობელს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, რისი არსებობაც მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ დაუდასტურეს კანონით დადგენილი წესით.

აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული მოთხოვნა უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მფლობელობა წარმოადგენს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვებას და იგი მხოლოდ იმ პირისათვის ჩაითვლება კანონით დაცვადი შესაბამისი უფლების ობიექტად, რომელსაც მფლობელობის უფლება მინიჭებილი აქვს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობით საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. კეთილსინდისიერი მფლობელობა, რომელიც არ ყოფილა წარმოშობილი სათანადო უფლების საფუძველზე ან ასეთი უფლება იქნა დაკარგული, არ წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს, თანახმად 163-ე მუხლისა. მესაკუთრის უფლება შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ მართლზომიერი მფლობლობით, ანუ მფლობელობით, რომელიც ხორციელდება საამისო უფლების მიმნიჭებელი სამართლებრივი საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ მიუთითეს ნივთის ფლობის უფლების რაიმე სახის კანონისმიერ საფუძველთან დაკავშირებით, არამედ თავიანთი ფლობის უფლებაზე პრეტენზიის საფუძვლად დასახელდა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც, სასამართლოს განმარტებით, ნივთზე მფლობელობის მოპოვების საფუძველს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, აპელანტის პრეტენზია სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებელად მიიჩნია და არ გაიზიარა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. დ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანებით “საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ” მე-7 მუხლის “გ” პუნქტით, რომლის თანახმად, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია ექიმის დასკვნა, რომლის საფუძველზეც, ხელმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გაუარესდეს და დადგეს მძიმე შედეგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით შ. დ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. დ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. დ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი შორენა დარჩია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. დ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.