ას-780-834-2011 18 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს “ა-ის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ ჟ. ა-შვილის სარჩელის გამო, მოპასუხე – შპს “ა-ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების, მიწის ნაკვეთის გაწმენდისა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა შპს “ა-ის” საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით, შპს “ა-ის” დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარისა და ო. ჩ-ელის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2011 წლის 6 ივნისს ო. ჩ-ელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ მან საკასაციო საჩივარი შემოიტანა როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც შპს “ა-ის” დირექტორმა, ამასთან საკასაციო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შპს “ა-ი”, როგორც მერიის მეწილე აღარ არსებობს. საწინააღმდეგოს ადასტურებს ო. ჩ-ელის მიერ 2011 წლის 7 ივლისს წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, საიდანაც დგინდება, რომ “ა-ი”, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არსებობს და მისი დირექტორია ო. ჩ-ელი. გამომდინარე აქედან, პალატამ არ გაიზიარა საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ “ა-ი”, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აღარ არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, კასატორს მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს “ა-ის” გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ტელეფონის საშუალებით უწყების ჩაბარება დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედეგენილი აქტით.
მოცემულ შემთხვევაში შპს “ა-ის” დირექტორ ო. ჩ-ელის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ეცნობა 2011 წლის 7 ივლისს ტელეფონის საშუალებით, რის დასტურადაც საქმეში დევს სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი ( ტ. II, ს.ფ. 75).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 8 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 10 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 10 ივლისი დაემთხვა უქმე დღეს, ვადა ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 11 ივლისს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ა-ი 96-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ა-ი ს” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება