ას-781-835-2011 13 ივლისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ დ. ა-ავა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2010 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სს “... ბანკმა” და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 3 აგვისტოს სს “... ბანკთან” (ყოფილი სს “.. ბანკი”) დ. ა-ავამ გააფორმა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ¹ს-562/07, რომლის საფუძველზე მსესხებელმა გამოიტანა 50 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი, 26%-ით და დავალიანებულ თანხაზე ბანკის სასარგებლოდ დასარიცხი ყოველდღიური პირგასამტეხლო - 0.5%-ით. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, დ. ა-ავასთან 2007 წლის 3 აგვისტოს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ¹ს-562/07, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა დ. ა-ავას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მსესხებელმა დ.Yა-ავამ დაარღვია ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი სასესხო დავალიანება სს “... ბანკის” წინაშე ძირითადი დავალიანებას შეადგენს 37 727.08 აშშ დოლარს, ვადაგადაცილების პროცენტი - 5 271.52 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასატეხლო კი, 7 979.06 აშშ დოლარი. მსესხებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, მაგრამ აღნიშნულმა შედეგი არ გამოიღო.
მოპასუხე დ. ა-ავამ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ 2009 წლის აგვისტოს ჩათვლით მის მიერ ვალდებულებას დროულად ასრულებდა. ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო ეკონომიკური კრიზისით. მოპასუხემ მხარეთა შეთანხმებითY განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიიჩნია და მოითხოვა მისი შემცირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარის “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. ა-ავას სს “... ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების _ 37 727.08 აშშ დოლარის, ვადაგადაცილებული პროცენტის – 5271.52 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 7979.06 აშშ დოლარის გადახდა. თანხა უნდა გადახდილიყო სესხის უზრუნველსაყოფად ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹19 კორპუსში მდებარე იპოთეკით დატვირთული დ. ა-ავას კუთვნილი საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის გზით (წილობრივი მონაცემებით 62.00/10302.00 შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ა-ავამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დ. ა-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “ ... ბანკს” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს “... ბანკი”. 2007 წლის 3 აგვისტოს სს “... ბანკსა” და დ. ა-ავას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ¹ს-562/07, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მაქსიმალური ოდენობა 50000 აშშ დოლარი, სარგებლობის ვადა 60 თვე, ბანკის სასარგებლოდ დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებელი 26%, დავალიანებულ თანხებზე დასარიცხი ყოველდღიური საურავი 0,5%. მსესხებელმა აიღო ვალდებულება, დაებრუნებინა საკრედიტო ხაზით ათვისებული თანხები, გადაეხადა მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მსესხებელს ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დაუყონებლივი დაფარვა. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად, ბანკის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს მსესხებლის მიერ კრედიტისა ანდა საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკის ზედიზედ ორჯერ დარღვევა. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ჩაითვლება გრაფიკის შესრულებად. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2007 წლის 3 აგვისტოს ¹ს-562/07 იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა დ. ა-ავას კუთვნილი თბილისში, ... ქუჩის ¹19-ში წილობრივი მონაცემებით 62.00/10302.00 შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იპოთეკარი უფლებამოსილია, გადახდევინება მიმართოს იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე და მის ხარჯზე დაიკმაყოფილოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაუბრუნებელი ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოსა და შესრულების გადავადებითYმიყენებული ზარალის თაობაზე, მათ შორის სასამართლო, სააღსრულებო და მორალური ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ჩათვლით. მსესხებლმა დ. ა-ავამ კრედიტით გაცემული თანხა აითვისა. მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ. ა-ავას დავალიანება შეადგენს 37 727.08 აშშ დოლარს, სარგებელი – 5 271.52 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო _ 7979.06 აშშ დოლარს. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, საჯარო რეესტრში იპოთეკარად რეგისტრირებულია სს “... ბანკი”. დ. ა-ავა სისტემატურად არღვევდა კრედიტისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს (ამონაწერი პირადი ანგარიშიდან).
პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს, სახელდობრ, პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 3 აგვისტოს სს “... ბანკსა” და დ. ა-ავას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ¹ს-562/07, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მაქსიმალური ოდენობა 50000 აშშ დოლარი, სარგებლობის ვადა 60 თვე, საკრედიტო ხაზის ქვეშ ათვისებულ თანხების ბანკის სასარგებლოდ დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებელი 26%, დავალიანებულ თანხებზე დასარიცხი ყოველდღიური საურავი 0,5%. მსესხებელმა აიღო ვალდებულება, დაებრუნებინა საკრედიტო ხაზით ათვისებული თანხები, გადაეხადა მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ¹6.2 პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მსესხებელს ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დაუყოვნებლივი დაფარვა. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ¹6.4 პუნქტის თანახმად, ბანკის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს მსესხებლის მიერ კრედიტის ანდა საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკის ზედიზედ ორჯერ დარღვევა. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ჩაითვლება გრაფიკის შესრულებად. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2007 წლის 3 აგვისტოს ¹ს-562/07 იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ... ქ. ¹19-ში მდებარე დ. ა-ავას კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულების ¹4.4 პუნქტის თანახმად, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოახდინოს გადახდევინების მიმართვა იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე და მის ხარჯზე დაიკმაყოფილოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაუბრუნებელი ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოსა და შესრულების გადავადებითYმიყენებული ზარალის თაობაზე, მათ შორის სასამართლო, სააღსრულებო და მორალური ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ჩათვლით. სს “... ბანკს” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს “... ბანკი”. მსესხებლმა დ. ა-ავამ კრედიტით გაცემული თანხა აითვისა. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხის გადახდის გრაფიკი, რის თაობაზეც მას გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ. ა-ავას დავალიანებამ შეადგინა ძირითადი თანხის სახით გადასახდელი 37 727.08 აშშ დოლარი, სარგებელი _ 5 271.52 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 7979.06 აშშ დოლარი. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, საჯარო რეესტრში იპოთეკარად რეგისტრირებულია სს “... ბანკი”.
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექის 316-ე, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 867-ე, 868.1, 873-ე, 417-ე, 418-ე, 401-ე და 301-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ესაა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მისგან წარმოშობილი უფლება-მოვალეობები. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება, განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. კრედიტის გამცემს შეუძლია, შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ გადაიხდის. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელს საკრედიტო თანხის ათვისების საფუძველზე წარმოეშვა შეთანხმებული გრაფიკით სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდის ვალდებულება, ხოლო დასახელებული გრაფიკი დარღვეულ იქნა, რაზეც არც მოპასუხეს უდავია, დადგა ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისგან გამომდინარე დადგენილი ოდენობით ვალდებულებების შესრულების წინაპირობა. სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში კრედიტორის მოთხოვნები სადავოდ არ ყოფილა გამხდარი არც მოპასუხეს გადაუხდია, რომელმაც დასახელებულ ნაწილში ცნო სარჩელი თავისი შესაგებლით, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებმა დადებული ხელშეკრულებით მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში შეათანხმეს რა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალისათვის მართლზომიერად იქნა დაკისრებული დარღვეული ვალდებულების შესაბამისი პირგასამტეხლო.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა უნდა მიჩნეულიყო საპატიოდ არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას და აღნიშნა, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად ვერ ჩაითვლება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ამსახველი ეკომონომიკური კრიზისი, რაც აპელანტის მიერ მითითებულია, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ა-ავამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიცია, რომ ეკონომიკური კრიზისი და უსახსრობა არ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს, რაც ვალდებულების გადაცილებაში მოპასუხის ბრალს გამორიცხავს.
სსკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებად არ ჩაითვლება ვალდებულების შეუსრულებლობა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ეკონომიკური კრიზისი, რამაც ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია, არ არის დ. ა-ავას ბრალით გამოწვეული, შესაბამისად, არ არსებობს ამ უკანასკნელზე თანხის დაკისრების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 867-ე, 873-ე, 417-ე, 418-ე, 401-ე და 301-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ა-ავას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ა-ავას დაუბრუნდეს 2011 წლის 6 ივნისს ალექსი გაბუნიას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ა-ავას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
დ. ა-ავას დაუბრუნდეს 2011 წლის 6 ივნისს ა. გ-იას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.