Facebook Twitter

ას-783-837-2011 7 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “რ-ნი” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ. ი-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “რ-ნს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19320 აშშ დოლარისა და აღნიშნული თანხის 15%-ის, ანუ 2898 აშშ დოლარის, სულ 22218 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “რ-ნის” წარმომადგენელმა თ. ი-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “რ-ნის” წარმომადგენელმა თ. ი-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით შპს “რ-ნის” წარმომადგენელ თ. ი-ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 17 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა თ. ი-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს “რ-ნის” წარმომადგენელ თ. ი-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა შპს “რ-ნის” წარმომადგენელ თ. ი-ძეს 2011 წლის 24 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “რ-ნის” წარმომადგენელ თ. ი-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის “ა” ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ შპს “რ-ნის” წარმომადგენელ თ. ი-ძეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 24 ივნისს, მის მიერ საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ. 180).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 25 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 27 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “რ-ნის” წარმომადგენელ თ. ი-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.