Facebook Twitter

ას-791-845-11 25 ივლისი,2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

კასატორი _ დ. კ-ური

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ კომლის საერთო ქონებიდან წილის განსაზღვრა, მესაკუთრედ ცნობა და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. კ-ურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. კ-ურის მიმართ კომლის საერთო ქონებიდან წილის განსაზღვრის, მესაკუთრედ ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 1973 წელს მისმა მშობლებმა - დ. კ-ურმა და მ. კ-ურმა საცხოვრებელი სახლი ააშენეს სოფელ ...-ში და ოჯახიც საცხოვრებლად გადავიდა ...-ში. 1986-1991 წლის საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით მათი კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: მამა _ დ. კ-ური (კომლის უფროსი), დედა_ მ. კ-ური, შვილი - დ. კ-ური, შვილი _ თ. (ნ.) კ-ური, რომელიც 1995 წლიდან ცალკე კომლად გავიდა. კომლის საერთო ქონებას შეადგენდა 1973 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი და მასთან არსებული 0,26 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის განმარტებით უბნის-ინსპექტორ - გამომძიებელმა მათ განუმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი და 1886 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო ნ. კ-ურის საკუთრება და გააფრთხილა, რომ ნებაყოფლობით დაეტოვებინა აღნიშნული ქონება, შემდგომ კი იძულების წესით გამოასახლეს. 1995 წლიდან, როდესაც ნ. კ-ური ცალკე კომლად გავიდა, კომლში დარჩნენ მოსარჩელე და დედამისი, ხოლო მოპასუხე უკანონოდ დაეუფლა მათ საკუთრებას.

მოპასუხე ნ. კ-ურმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: დუშეთი რაიონის სოფელ ...-ში მდებარე 1886 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია მის სახელზე. მისი განმარტებით, 1993 წლამდე არსებობდა საკოლმეურნეო კომლი, 1993 წლიდან კი დადგინდა კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და საკოლმეურნეო კომლმაც არსებობა შეწყვიტა. საკომლო მეურნეობა კი არ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის სამართალმემკვიდრეს და იგი სრულიად ახალი ინსტიტუტია. ეს უკანასკნელი, თუ მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, თითოეული ოჯახის წევრი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. მოპასუხის განმარტებით დღესდღეობით კომლი აღარ არსებობს და, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, მით უმეტეს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი ნ. კ-ურის საკუთრების უფლების შესახებ ძალაშია.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. კ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებით დ. კ-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე ნ. კ-ური არის მოსარჩელე დ. კ-ურის და. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურში დუშეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ნ. კ-ურის სახელზე. 1986-1991 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერით მ. კ-ური აღრიცხულია სოფელ ...-ში მცხოვრებლად და მისი ოჯახი შედგება: ოჯახის უფროსისგან, მამა დ. კ-ურისაგან, მეუღლე მ. კ-ურისგან, შვილების – დ. კ-ურისა და თინა კ-ურისგან, რომელიც 1995 წლიდან ცალკე კომლად გავიდა. 1995 წლიდან ნ. კ-ური აღრიცხულია ცალკე კომლად. 2001-2005 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერით თ. კ-ური აღრიცხული იყო დუშეთის რაიონის, სოფელ ...-ში და მის სახელზე ირიცხებოდა 1973 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურში ნ. კ-ურის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 1886 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების, 2008 წლის 4 სექტემბერს დუშეთის არქივის მიერ გაცემული ¹... სარქივო ცნობის, თემის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 23 იანვრის ¹... ცნობისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის და 172-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე უკანონოდ დაეუფლა მათ ქონებას, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 1886 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო ნ. კ-ურის სახელზე, რეესტრის ჩანაწერებში კი იყო აღნიშნული, რომ ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას. ამასთან, რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის, ისევე, როგორც არ არის დადასტურებული მისი უსწორობა, რის გამოც ამ ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ აღნიშნა, რომ არ შეიძლება გაზიარებულ იქნას მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით, ვინაიდან დ. კ-ური არ იყო სადავო ქონების მესაკუთრე, ხოლო ნ. კ-ურს ჰქონდა ამ ქონების ფლობის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებით საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ურმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლოს მიერ სრულყოფლად არ იქნა გამოკვლეული 2009 წლის 24 ნოემბრის დუშეთის არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობა ¹.... ეს მტკიცებულება ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო ქონება შეადგენდა კომლის შემდეგი წევრების, დ. კ-ურის (ქმრის), მეუღლის მ. კ-ურის, კასატორისა და მოწინააღმდეგე მხარის საერთო საკუთრებას, რომელიც 1995 წლიდან გასულია ცალკე კომლად. არცერთ ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ გაუთვალისწინებია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, საკომლო წიგნის ჩანაწერებში როგორ აღმოჩნდა მხოლოდ ცალკე კომლად გასული მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც მარტო თავისი წილის გატანის უფლება ჰქონდა, როდესაც სადავო ქონება ზემოაღნიშნული კომლის წევრების საერთო საკუთრება იყო. სწორედ 2001-2005 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით ისარგებლა, რომ საჯარო რეესტრში მის სახელზე განხორციელდა სარეგისტრაციო ჩანაწერები საკუთრების უფლებით კომლის საერთო ქონებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია კომლის საერთო ქონებიდან წილის განსაზღვრა, მესაკუთრედ ცნობა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 172-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. კ-ურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.