გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1280-855(კ-05) 15 მარტი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 29 აგვისტოს ნ. მ-მა, დ. გ-მა და თ. ჩ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. გ-ის და მესამე პირის - დაბა წაღვერის საკრებულოს მიმართ მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების თაობაზე.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ცხოვრობენ დაბა წაღვერში სადგურის ქუჩაზე. ნ. მ-ისა და თ. ჩ-ის საცხოვრებელ სახლებს შორის იყო გზა, რომლითაც სარგებლობდა უბნის მთელი მოსახლეობა. გატარებული მიწის რეფორმის შემდეგ მათ მეზობლად მცხოვრებმა ნ. გ-მა მოახდინა აღნიშნული გზის პრივატიზაცია.
მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ზემოაღნიშნულით მოპასუხეების მიერ დაირღვა საქართველოს პარლამენტის 1996წ. 22 მარტის ¹66 დადგენილება «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედების თაობაზე" და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48, ამავეწ. 6 თებერვლის ¹128 და 10 მარტის ¹290 დადგენილებების მოთხოვნები.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ჩ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება _ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის საკრებულოს მიერ ნ. გ-ზე 1996წ. 20 მარტს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტი ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის საკრებულოს მიერ გაცემულია 1996წ. 20 მარტს. სარჩელი ბორჯომის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2001წ. 29 აგვისტოს, ანუ მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემიდან 5წ.ა და 5 თვის შემდეგ.
პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით.
პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის დადგენილების მიხედვით სადავო მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გამოყოფის, მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს და იგი თავისი არსით არის ადმინისტრაციული გარიგება. შესაბამისად, პალატის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507.3 მუხლის გათვალისწინებით მოცემული სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილია ექვსწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონმდებლობას, ხოლო სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე და საქმეზე წარდგენილი‚ ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის საკრებულოს 2005წ. 6 აპრილის ახსნა-განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ზე ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის საკრებულოს მიერ 1996წ. 20 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო გზის გაცემა, რითაც დაირღვა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების დებულებანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაცემის თაობაზე, რის გამოც, პალატამ ჩათვალა, რომ სკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიუთითებდა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული «მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი" წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რომლის შესრულების შესახებ საკითხი სასამართლო კომპეტენციას განეკუთვნება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ" ქვეპუნქტი). საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილება (ცვლილებები შეტანილია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹290 დადგენილბით) ადგენს იმ კატეგორიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების გადაცემის საკითხებს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და სოფლის მოსახლეობას სარგებლობაში გადაცემული აქვთ კანონის საფუძველზე. კასატორის აზრით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის არც ¹48 და არც ¹290 დადგენილება არ ითვალისწინებს იმ კატეგორიის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების შენარჩუნებას, რომელიც მის სარგებლობაშია. შესაბამისად, დაბა წაღვერის გამგეობას და ნ. გ-ს შორის გაფორმებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა დაუშვებელია.
კასატორი აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ დაბა წაღვერის საკრებულოს 1993წ. 18 აგვისტოს ¹24 დადგენილება (ოქმი ¹8), რაც საფუძვლად დაედო 1996წ. 20 მარტის სადავო მიღება-ჩაბარების აქტს. მისი გაუქმებით, კასატორის აზრით, იურიდიული ლაფსუსი შეიქმნა, ვინაიდან, ერთი მხრივ, საკრებულომ 1993წ. 18 აგვისტოს დადგენილებით გადაწყვიტა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემის საკითხი, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ ბათილად ისე ცნო მოცემული მიწის ნაკვეთის მოსახლეობისათვის გადაცემის საკითხი, რომ არსებითად არ იმსჯელა იმ სამართლებრივ საკითხებზე, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულია საკრებულოს 1993წ. 18 აგვისტოს დადგენილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 10 მარტის ¹290 დედგენილებები, არც პირდაპირ და არც შინაარსობრივი განმარტებით არ მიუთითებს იმის შესახებ, რომ აკრძალულია მის საკუთრებაში გადაცემული ამ კატეგორიის მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია.
აქვე, კასატორი მიუთითებდა, რომ მიღება – ჩაბარების აქტის ბათილად ცნობით, სასამართლომ ფაქტობრივად კანონშეუსაბამოდ ცნო მის სახელზე გაცემული მთელი მიწის ნაკვეთი.
ზემოაღნიშნულ საკასაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარემ - თ. ჩ-მ წარმოადგინა შეპასუხება, რომელშიც მიუთითებდა, რომ წაღვერის საკრებულოს 1993წ. 18 აგვისტოს ¹24 დადგენილებით გამოყოფილ კომისიას ევალებოდა მოსახლეობისათვის კერძო საკუთრებაში გადაეცა ის საკარმიდამო ნაკვეთები, რომლებსაც ისინი ტექ. დოკუმენტაციით ფლობდნენ. გამოყოფილი მიწის კონტურის გარეთ ერთი კვადრატული მეტრი მიწის დასაკუთრებაც კი სახელმწიფო მიწის მითვისება და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, რის გამოც კასატორს უარი უნდა თქმოდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
აღნიშნული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 248-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მითითებული მუხლის შინაარსს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სახეზეა სსკ-ის ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევა, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, მოპასუხის მიღება-ჩაბარების აქტიდან სადავო გზის მონაკვეთის ამორიცხვა და გზის ამ მონაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება.
თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის საკრებულოს მიერ ნ. გ-ზე 1996წ. 20 მარტს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს მოპასუხეზე გაცემულ მთელ მიწის ნაკვეთს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეს მიანიჭა ის, რაც მას არ უთხოვია, რითიც დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას გზის მონაკვეთის ამორიცხვის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა 1992წ. 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემას, საკარმიდამო ნაკვეთის სახით, რაც შეეხება გზებისა და გასასვლელების საკარმიდამო ნაკვეთებად კერძო საკუთრებაში გადაცემას, აღნიშნულს მითითებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «ა” ქვეპუნქტს, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები და დასასვენებელი ადგილები)
ამდენად, ქუჩები, გზები, გასასვლელები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებად გაცემა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს რა მსჯელობის მართებულებას მითითებული კატეგორიის მიწების განკარგვის დაუშვებლობის თაობაზე, იმავდროულად თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, სადავო მონაკვეთი მიეკუთვნებოდა თუ არა ზემოაღნიშნული კატეგორიის მიწას და რას წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე მოკლებულია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-გამოკვლევის პროცესუალურ უფლებამოსილებას, თვლის, რომ საქმე ხელახალი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.