Facebook Twitter

ას-812-865-2011 11 ივლისი , 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი- ლელა სანიკიძე

კასატორი _ ა. კ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-იანი

წარმომადგენელი – ლ. ბ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების რეალურად გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-იანის მიმართ სამკვიდრო ქონების რეალურად გამოყოფის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2004 წლის 22 ნოემბერს გარდაეცვალა დედა არ. კ-იანი, პირველი რიგის მემკვიდრეა თვითონ და მისი ძმა მ. კ-იანი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ა. კ-იანი ცნობილი იქნა არ. კ-იანის სამკვიდრო ქონების – ქ.ახალციხეში, ... –ს ქ.¹35-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2½-ის მესაკუთრედ. თავისი წილი საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა თანასაკუთრების უფლებით მ. კ-იანთან ერთად.

მოპასუხე მ. კ-იანმა არ ცნო სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: იგი არ არის წინააღმდეგი, რომ ა. კ-იანი იყოს სამკვიდრო ქონების 1/2-ის მესაკუთრე, მაგრამ რეალურად გამოყოფის წინააღმდეგია. თვით ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით თითოეულ მესაკუთრეზე მემკვიდრეთა შორის ტექნიკური ნორმების დაცვითა და თითოეული 1/2 წილის ღირებულებისა და დანიშნულის შემცირების გარეშე არსებულ მდგომარეობათა გათვალისწინებით პრაქტიკულად შეუძლებელია. მას არ გააჩნია ფინანსური სახსრები, ერთ ოთახში ცხოვრობს 6 სული, ხოლო ა. კ-იანს აქვს ცალკე სხვა ბინა სადაც იგი ცხოვრობს.წინააღმდეგია, რომ გაიყიდოს სადავო ბინა და თითოეულმა კომპენსაციის სახით მიიღოს 1/2 წილი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 201 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.ახალციხეში წმინდა ....-ის ქ.¹35-ში არსებული საცხოვრებელი სახლი გაიყო რეალურად მემკვიდრეებს – ა. კ-იანსა და მ. კ-იანს შორის; ა. კ-იანს რეალურ საკუთრებაში დარჩა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის დანართ ¹2-ის მიხედვით საცხოვრებელი ოთახი ¹2; საცხოვრებელ ოთახ ¹1-სა და ¹2-ს შორის არსებული კარები გაუქმდა. გადაეცა ¹4 ჰოლის უკანა ფართში არსებული ¹5, სამზარეულო, ასევე სარდაფი ¹6 და ¹8 ოთახი. მ. კ-იანს, სამკვიდრო ქონებიდან რეალურად გამოეყო ¹1 საცხოვრებელი ოთახი, დაევალათ ამავე სართულზე, ღია ვერანდაზე იმავე ზომის სამზარეულოსა და საპირფარეშოს ცალკე მოწყობა, ასევე გამოეყო ¹9 ავტოფარეხი, სამზარეულოსა და საპირფარეშოს გადატანის ხარჯები მხარეებს შორის გადანაწილდა თანაბრად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. კ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ა. კ-იანი ცნობილ იქნა არ. კ-იანის სამკვიდრო ქონების – ქ.ახალციხეში, წმინდა ...-ის ქ.¹35-ში (ყოფილი საბჭოს ქუჩა) მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ. ქ.ახალციხეში წმ. ანდრია პირველწოდებულის ქ.¹35-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მ. კ-იანისა და ა. კ-იანს თანასაკუთრება, რომელიც რეალურ წილში გაყოფილი არ არის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ კი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 28 მაისის ექსპერტის დასკვნის შინაარსი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებით წარდგენილი ექსპერტის დასკვნა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია. პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შესაძლებელი იყო. სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 28 მაისის დასკვნის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ქ. ახალციხეში, ...-ის ქ.¹35-ში მდებარე სამკვიდრო ქონების რეალურად გამოყოფა, მემკვიდრეთა შორის ტექნიკური ნორმების დაცვითა და თითოეულის 1/2 – 1/2 წილის ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ტექნიკურად შეუძლებელია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არ ეფუძნება სასამართლოს მიერვე მითითებულ მტკიცებულებას ექსპერტის დასკვნას.

სააპელაციო პალატამ, მითითებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ახალციხეში, ...-ის ქ.¹35-ში მდებარე სამკივდრო ქონების რეალურად გამოყოფა, მემკვიდრეთა შორის ტექნიკური ნორმების დაცვითა და თითოეულის 1/2-1/2 წილის ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ტექნიკურად შეუძლებელია. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 311-ე, 312-ე, 953-ე და 954-ე მუხლების შესაბამისად, განმარტა, რომ ქ.ახალციხეში, ...-ის ქ.¹35-ში მდებარე სამკვიდრო ქონების რეალურად გამოყოფა, მემკვიდრეთა შორის ტექნიკური ნორმების დაცვითა და თითოეულის 1/2½- 1/2 წილის ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ტექნიკურად შეუძლებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. კ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 954-ე მუხლებზე. სარჩელით კუთვნილი წილის შესაბამისად, ითხოვდა საცხოვრებელი ფართის გამოყოფას, რათა შესძლებოდა სახლში შესვლა და ცხოვრება. წინააღმდეგი არ არის სახლი დარჩეს საზიარო საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მართალია წერია, რომ სახლის ორ ნაწილად გაყოფა ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, თუმცა იქვე მითითებულია, რომ პრაქტიკული მოსაზრებით შესაძლებელია მისი ორ ნაწილად გაყოფა. აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველში მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გაითალისწინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, რეალური წილის ნატურით გაყოფა შეუძლებელი იყო.

2011 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

მოწინააღმდეგე მხარე მ. კ-იანი კისრულობს ვალდებულებას, კასატორ ა. კ-იანს 2012 წლის 01 იანვრამდე გადაუხდოს 8000 (რვა ათას) აშშ დოლარი.

კასატორ ა. კ-იანისათვის გადახდილი თანხის საფასურად უძრავი ქონება მდებარე ქ.ახალციხე ...-ის ქ. ¹35-ში საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 107 კვ.მ შენობა-ნაგებობა ობიექტი ¹1. საცხოვრებელი სახლი განაშენიანების ფართი 107 კვ.მ. 1/2 წილი, რომელიც აჟამად ირიცხება ა. კ-იანის სახელზე გადავა მ. კ-იანის საკუთრებაში.

მორიგების პირობის დარღვევისას მოხდება მისი იძულებითი აღსრულება.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში დარჩება ა. კ-იანისათვის თანხის სრულად გადახდამდე.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი გაიყიდება აუქციონზე და თანხა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარი მიიღებს ა. კ-იანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. კ-იანის და მ. კ-იანის წარმომადგენელ ლ. ბ-ძის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკამყოფილდეს:

დამტკიცდეს მორიგება ა. კ-იანისა და მ. კ-იანის წარმომადგენელ ლ. ბ-ძეს შორის შემდეგი პირობით:

მოწინააღმდეგე მხარე მ. კ-იანი კისრულობს ვალდებულებას, კასატორ ა. კ-იანს 2012 წლის 01 იანვრამდე გადაუხადოს 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარი.

კასატორ ა. კ-იანისათვის გადახდილი თანხის საფასურად უძრავი ქონება მდებარე ქ.ახალციხე ... ¹35-ში, საკადასტრო კოდი ¹..., დაზუსტებული ფართობი 107 კვ.მ შენობა-ნაგებობა ობიექტი ¹1, საცხოვრებელი სახლი განაშენიანების ფართი 107 კვ.მ. 1/2 წილი, რომელიც ამჟამად ირიცხება ა. კ-იანის სახელზე აღირიცხება მ. კ-იანის საკუთრებაში.

მორიგების პირობის დარღვევისას მოხდება მისი იძულებითი აღსრულება.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში დარჩება ა. კ-იანისათვის თანხის სრულად გადახდამდე.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი გაიყიდება აუქციონზე და 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარი გადაეცემა ა. კ-იანს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

მოცემულ დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ყადაღა დარჩეს ძალაში.

შეწყდეს საქმის წარმოება, ა. კ-იანის სარჩელის გამო, მ. კ-იანის მიმართ სამკვიდრო ქონებიდა რელური წილის გამოყოფის შესახებ

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.