ას-819-871-2011 21 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “შ-92” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ი. ვ-ბა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “შ-92-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ი. ვ-ბის” მიმართ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის 64000 ლარის დაკისრების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის, 130-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ შპს ,,შ-92-მა” ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობის რეკონსტრუქცია დაასრულა 1998 წლის თებერვალში, ამდენად, ამ ხელშეკრულების ბათილი ნაწილის საფუძველზე განხორციელებული შესრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2008 წლის თებერვალი. მოცემული სარჩელი კი წარდგენილ იქნა 2010 წლის 6 აპრილს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შპს ,,შ-92-ის” მოთხოვნა ხანდაზმულია.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დროიდან, როცა იგი გამოსახლდა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ უძრავი ქონების გადაცემისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელესათვის ზიანის ანაზღაურებაზე 1997 წლის შეთანხმება, როგორც ფორმის დაუცველად დადებული, წარმოადგენს ბათილ გარიგებას. ამ გარემოების თაობაზე მხარისათვის (მოსარჩელესათვის) ცნობილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების დადების (1997 წელი) და მისი შესრულების დროისათვის (1998 წელი), შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მითითებული პერიოდიდან და არა იმ დროიდან, როცა იგი გამოსახლდა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, ,,შ-92-ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “შ-92-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დანაწესი და ხანდაზმულობის ვადა აითვალა კანონდარღვევით. პალატამ აღიარა, რომ კასატორმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო ხელშეკრულება იმთავითვე ბათილი იყო, მაშინ უნდა მომხდარიყო ორმხრივი რესტიტუცია _ მოწინააღმდეგე მხარეს მიეღო შენობა, ხოლო კასატორს ანაზღაურებოდა გაწეული ხარჯები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს “შ-92-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის _ 3358,1 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “შ-92-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “შ-92-ს” სახელმიწფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 3358,1 ლარის 30% _ 1007,43 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “შ-92-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს “შ-92-ს” (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაეკისროს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 1007,43 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.