ას-843-894-2011 11 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ე-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ნ. ა-ძის სარჩელის გამო, მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... -ის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ... სააგენტოსა და გ. ე-ძის მიმართ სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა გ. ე-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით, გ. ე-ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა გ. ე-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2011 წლის 26 ივნისს (ტ.II, ს.ფ. 295).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 27 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 1 ივლისს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ე-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ე-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.