ას-845-896-2011 7 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ზ., ნ. და რ. ნ-ძეები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური მეწარმე “ლ. მ-ძე” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ საიჯარო ქონების გაუმჯობესებისათვის გაღებული თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინდივიდუალურმა მეწარმე “ლ. მ-ძემ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ., ნ. და რ. ნ-ძეების მიმართ ავტოსამრეცხაოს მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის _ 5000 ლარის დაკისრების შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა მოცემული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურმა მეწარმე “ლ. მ-ძემ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური მეწარმე “ლ. მ-ძის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარისა და სააპელაციო პალატაში გადახდილი 205 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლით და მიუთითა, რომ მხარეებს შორის არსებობს საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები, რომელიც დაადასტურეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა, რომ მოიჯარე საიჯარო ქონებას გამოიყენებდა ავტოსამრეცხაოდ, სავაჭრო ობიექტად.
სამოქალაქო კოდექსის 595-ე მუხლის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს გადასცეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რათა შეიძლებოდეს მისი დანიშნულებით გამოყენება. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საიჯარო ქონება წარმოადგენს მიწის ნაკვეთს, რაც გამოსაყენებლად ვარგისი იყო იმისათვის, რისი ინტერესიც გააჩნდა მოიჯარეს. აღნიშნული სადავოდ არც გამხდარა მხარეებს შორის.
სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოიჯარის მიერ გაწეული მომსახურება და ჩატარებული სამუშაოები ექვემდებარება მეიჯარის მიერ სავალდებულოდ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარემ აწარმოა ისეთი გაუმჯობესება, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო საიჯარო მეურნეობის სრულყოფილი წარმართვა, აღნიშნული გაუმჯობესება თავის დანიშნულებას ინარჩუნებს და ზრდის საიჯარო ქონების ღირებულებას საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-ძის მიერ წარმოებული სამუშაოები სწორედ საიჯარო ქონების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული და მის გარეშე სრულყოფილი მეურნეობის წარმართვა შეუძლებელი იყო. ამასთან, აღნიშნული სამუშაოები აუცილებლობით იყო გამოწვეული. ლ. მ-ძემ სადავო ხარჯები გასწია, სამოქალაქო კოდექსის 599-ე მუხლის მიხედვით, საიჯარო ქონების აუცილებელი გაუმჯობესებისათვის, რაც მას უნდა აუნაზღაურდეს. სადავო ხარჯები დადასტურებულია წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით და მასზე დართული ¹1 დანართით.
ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხარჯები მხარემ საიჯარო ქონების სრულყოფისათვის გასწია და იგი არ წარმოადგენს არააუცილებელ ხარჯებს.
პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ზ. ნ-ძემ დაადასტურა, რომ მოსარჩელემ “დაასხა მხოლოდ იატაკი”. ანუ იგი ნაწილობრივ აღიარებს, რომ მოხდა საიჯარო ქონების გაუმჯობესებისათვის გარკვეული სამუშაოები აპელანტმა ჩაატარა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხარჯების ოდენობა განსაზღვრულია წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით და მის დანართ ¹1-ში (სადაც კონკრეტულად არის გაანგარიშებული ყველა დანახარჯის სახე და ოდენობა), არსებობს ლ. მ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ზ., ნ. და რ. ნ-ძეებზე საიჯარო ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების 5000 ლარის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ., ნ. და რ. ნ-ძეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება, რომლის 6.3 მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის წამოჭრილ სადავო საკითხებს სასამართლო განიხილავდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასრურდება, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მომართა აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ. ამდენად, მოცემული საქმე სასამართლოს ქვემდებარე არ არის და არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა”, ა1”, “ვ” ქვეპუნქტებისა და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობა.
სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქონების გადაცემა ფაქტობრივად დროულად განხორციელდა. მხარეთა ხელშეკრულების 1.1, 1.4 და 1.5 მუხლებიდან გამომდინარე პალატას ასევე არ უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 598-ე და 599-ე მუხლებით.
სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო ლ. მ-ძის მიერ ცალმხრივად, არაკომპეტენტურად შედგენილი აუდიტის დასკვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინებით ზ., ნ. და რ. ნ-ძეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ., ნ. და რ. ნ-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ზ., ნ. და რ. ნ-ძეებს სოლიდარულად უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 19 მაისსა და 10 ივნისს ზ. ნ-ძის მიერ გადახდილი 300 (250+50) ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ., ნ. და რ. ნ-ძეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ზ. (პირადი ¹...), ნ. (პირადი ¹...) და რ. (პირადი ¹...) ნ-ძეებს სოლიდარულად დაუბრუნდეთ შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” ზ. ნ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.