Facebook Twitter

ას-888-931-2011 29 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კავშირი “...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ ... სამმართელო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრატიული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კავშირი “...ს” სარჩელი ადმინისტრატიული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კავშირი “...მ” და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კავშირი “...მ” და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს “...” წარმომადგენელ თ. ი-ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრისა და კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2011 წლის 7 ივლისს კავშირი “...ს” დირექტორმა რ. შ-ძემ წარმოადგინა კავშირი “...ს” 2007-2009 წლების ნულოვანი დეკლარაციები და მოითხოვა წლების ნულოვანი დეკლარაციები და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

საკასაციო პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით კავშირი “...ს” დირექტორის რ. შ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კავშირი “...ს” წარმომადგენელ ჟ. ლ-ძეს 2011 წლის 15 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კავშირი “...ს” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის “ა” ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კავშირი “...ს” წარმომადგენელ ჟ. ლ-ძეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 15 ივლისს, მის მიერ საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ. 299).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 16 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 20 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კავშირი “...ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.