Facebook Twitter

ას-891-934-2011 18 ივლისი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ხ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. კ-ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-იამ სარჩელით მიმართა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს ვ. კ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეს წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიაში საკუთრებაში ჰქონდა 480 კვ.მ ფართობი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მიიტაცა ამავე სოფლის მცხოვრებმა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...-ის რწმუნებულმა ვ. კ-იამ, რომელმაც სადავო მიწის ნაკვეთზე ნაგებობაც აღმართა.

მოპასუხე ვ. კ-იამ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: ვ. კ-იას მითითებით, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, ამიტომ იგი არასათანადო მოპასუხეა და აუცილებელია მისი ჩანაცვლება სათანადო მოპასუხით. ამასთანავე აღნიშნა, რომ მოცემულ მიწის ნაკვეთზე ისტორიული მონუმენტი აიგო არა უშუალოდ მისი ინიციატივით, არამედ ,,სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის განხორციელების ფარგლებში.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-იას სარჩელი მოპასუხე ვ. კ-იას მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: მ. ხ-იას წალენჯიხის რაიონის სოფელ ...-ში საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი; მასვე ამავე სოფელში საკუთრებაში აქვს 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; მონუმენტი მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 30 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ მიწა, რომელზეც მონუმენტია აგებული, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში, შესაბამისად, მოცემულ დავაზე სათანადო მოპასუხეს არ წარმოადგენს ვ. კ-ია. მიუხედავად არაერთგზის მითითებისა, მოსარჩელემ უარი განაცხადა ვ. კ-იას სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. შესაბამისად, სასამართლომ, იხელმძღვანელა რა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლითა და საქმის მასალებით, მიიჩნია, რომ მ. ხ-იას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით მ. ხ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის თანახმად, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და ზემოთ ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით შემოიფარგლა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით, გარდა ამისა, დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 183-ე მუხლებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება მ. ხ-იას უფლებების შელახვა, რადგან მონუმენტი აგებულია არა მისი, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად კი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვნის მოთხოვნით, მესაკუთრეს მხოლოდ მაშინ შეუძლია აღძრას სარჩელი, თუ: ა) იგი ნივთის მესაკუთრეა; ბ) მოპასუხე ნივთის მფლობელია; გ) მოპასუხეს არ აქვს ნივთის ფლობის უფლება. არსებულ შემთხვევაში არც ერთი მოცემული პირობა სახეზე არ გვაქვს, შესაბამისად, მ. ხ-იას საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კ-ია არასათანადო მოპასუხეა და უთითებს, რომ მას წალენჯიხის რაიონის სოფელ ...-ში საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 1480 კვ.მ-ს, თუმცა ეს მხოლოდ დოკუმენტაციის თანახმად, ხოლო რეალურად არსებული ფართობის ფაქტობრივ ფლობას ხ-ია ვერ ახორციელებს, რადგან, მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი მიტაცებული აქვს ამავე სოფლის მცხოვრებს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...-ის რწმუნებულს ვ. კ-იას, რომელმაც სადავო მიწის ნაკვეთზე აღმართა ნაგებობა. სადავო მიწის ნაკვეთი შეძენილი იყო კასატორის მშობლების მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით (დაცულია ქუთაისის ცენტრალურ არქივში), რის საფუძველზეც 2001 წლამდე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამრიგად, მ. ხ-იას მითითებით, საჯარო რეესტრმა ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთებზე მოახდინა სხვადასხვა მესაკუთრეთა რეგისტრაცია. ამავე დროს იგი იხდიდა მიწის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს. რაც შეეხება 2010 წლის 30 ივლისის ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დასტურება, კასატორის აზრით, უკანონოა, რადგან არსებული მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა მის საკუთრებაში და, გაურკვეველ მიზეზთა გამო, მისი ახლანდელი მესაკუთრე სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, არც პირველ და არც მეორე ინსტანციის სასამართლოებს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ, რის გამოც მათი გადაწყვეტილებები კანონშეუსაბამოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მიხეილ ხუბუტიას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ხ-იას უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 17 ივნისს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

მ. ხ-იას დაუბრუნდეს 2011 წლის 17 ივნისს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.