საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№817აპ-20 ქ. თბილისი
პ-ი ა, 817აპ-20 16 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით ა. პ-ი, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 20 000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. პ-მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი არაერთგზის.
4. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ი-ის ი-ი რესპუბლიკის მოქალაქე ა. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 30000 ლარი. ნასამართლობის გაქარწყლებამდე ა. პ-მა კვლავ განიზრახა უკანონო სამეწარმეო საქმიანობით საქართველოს ტერიტორიიდან ი-ის ი-ი რესპუბლიკის საბანკო სისტემაში შიდა გადარიცხვების განხორციელებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ამ მიზნით ის დაუკავშირდა ი-ის ი-ი რესპუბლიკის მოქალაქე მ. ბ-ს, რომელსაც უშუალოდ უნდა ჩაეტარებინა გადარიცხვის პროცედურები. აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას, რომლის განხორციელების უფლება, იმავე კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, აქვს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, ან კომერციულ ბანკს, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული მოსაკრებელი შეადგენს 5000 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ა. პ-ი და მ. ბ-ი არ იყვნენ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად, ა. პ-მა ქ. თ-ში გახსნა ოფისი, სადაც 2019 წლის მარტიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე მ. ბ-ის დახმარებით საქართველოს ტერიტორიიდან ი-ის ი-ი რესპუბლიკის საბანკო სისტემაში განახორციელა გადარიცხვები, კერძოდ, ი-ის ი-რ რესპუბლიკაში საბანკო ანგარიშებზე რიცხავდნენ კლიენტის კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან ი-ლ ფულად ერთეულს – რ-ს, რის შემდეგაც, კლიენტს საქართველოში ხელზე აძლევდნენ გადარიცხული თანხის ეკვივალენტურ აშშ დოლარს, გაზრდილი კურსითა და მომსახურების პროცენტის გათვალისწინებით; ასევე ისინი კლიენტებისაგან ხელზე იღებდნენ თანხას აშშ დოლარში, რის შემდეგაც, ამ თანხის ეკვივალენტ ი-ლ ფულად ერთეულს – რ-ს რიცხავდნენ კლიენტის მიერ მითითებულ, ი. ი-რ რესპუბლიკაში არსებულ საბანკო ანგარიშზე, გაზრდილი კურსითა და მომსახურების პროცენტის გათვალისწინებით. აღნიშნული საქმიანობით მითითებულ პერიოდში მ. ბ-ის დახმარებით ა. პ-მა პროცენტის სახით მიიღო 50600 ლარის – დიდი ოდენობით შემოსავალი, ასევე – 5000-ლარიანი მოსაკრებლის გადახდისაგან თავის არიდებამ სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა და ითხოვა ა. პ-ისათვის 20000-ლარიან ჯარიმაზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმის გათვალისწინებით, რომ ა. პ-ი ადრეც იყო ნასამართლევი ანალოგიური დანაშაულისათვის და დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა, მაგრამ მალევე ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, ამიტომ წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელზე მსუბუქი სასჯელის მისჯა ვერ პასუხობს სასჯელის მიზნებს.
6. მსჯავრდებულ ა. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – შ. მ-ე და ნ. ბ-ი შესაგებლით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას ა. პ-ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულმა სრულად აანაზღაურა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, სასამართლოში იქცეოდა კანონშესაბამისად, არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოებები) გარემოებების მხედველობაში მიღებით, სამართლიანად მიაჩნია ა. პ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი