Facebook Twitter

ას-895-937-2011 18 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ტ.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ.გ-ი, ნ.გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ ბავშვის მამის შესახებ სააქტო ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 22 ნოემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ტ.გ-მა მოპასუხეების _ ტ.გ-ისა და ნ.გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ტ. ტ-ს ძე გ-ის დაბადების მოწმობაში მამობის შესახებ ჩანაწერის გაუქმება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ტ.გ-ი არ არის არც მისი ბიოლოგიური შვილი და არც მის მიერ ნაშვილები. შესაბამისად, დაბადების მოწმობაში არსებული ჩანაწერი ტ.გ-ის მამობის შესახებ უნდა გაუქმებულიყო (ს.ფ. 3-12).

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, მოსარჩელე არის ბავშვის მამა და მისთვის მამობის ჩანაწერის შესახებ ცნობილი იყო 2000 წელს, ხოლო სარჩელი აღძრულ იქნა 2010 წლის 22 ნოემბერს. ამდენად, მოსარჩელემ ერთი წლის ვადაში სადავოდ არ გახადა მამობის ჩანაწერი, რაც სამოქალაქო კოდექსის 1191-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 38-46, 66-70).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ტ.გ-ი 2007 წლამდე, მეუღლესთან _ ნ.გ-თან განქორწინებამდე, ცხოვრობდა ნ. გ-თან და ტ. ტ-ის ძე გ-თან ერთად, როგორც ერთი ოჯახი; ტ.გ-ი და ნ. გ-ლი დაქორწინდნენ 1986 წელს და დაშორდნენ 2007 წელს; ამ პერიოდის განმავლობაში, მათი შვილი ტ. ტ-ის ძე გ-იი ცხოვრობდა დედ-მამასთან ერთად და ტ.გ-ი იჩენდა მზრუნველობას ბავშვზე, როგორც მამა შვილზე, უზრუნველყოფდა მას მატერიალურად.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ტ. ტ-ის ძე გ-ის დაბადების მოწმობაში მისი მამად მითითების შესახებ გაიგო 2000 წელს.

სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ტ.გ-ი არის ტ. ტ-ის ძე გ-ის მამა და, ამასთან, მან გაუშვა კანონით გათვალისწინებული მამობის ჩანაწერის გასაჩივრების ერთწლიანი ვადა, მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ს.ფ. 73-77).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტ.გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის დაბრუნება (ს.ფ. 82-90).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით ტ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1994 წლის 25 ოქტომბერს დაბადებული ტ. ტ.ის ძე გ-შვილის დაბადების მოწმობის მამის გრაფაში მითითებულია ტ.გ-ი;

ტ.გ-მა და ნ.გ-მა იქორწინეს 1986 წლის 12 დეკემბერს;

2007 წლის 12 აპრილამდე მეუღლეები, ტ.გ-ი და ნ.გ-ი ცხოვრობდნენ ერთად;

ტ. ტ-ის ძე გ-იი დაიბადა ტ.გ-ისა და ნ.გ-ის ერთად ცხოვრების პერიოდში;

მეუღლეების, ტ.გ-ისა და ნ.გ-ის ერთად ცხოვრების პერიოდში ტ. ტ.ის ძე გ-შვილი იზრდებოდა მათთან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1191-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი სააქტო ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით იყო ხანდაზმული. აღნიშნული დასტურდებოდა თავად აპელანტის განმარტებითაც _ მისი თქმით, სააქტო ჩანაწერი მან ნახა 2005 წელს. საგამოძიებო ორგანოებს აპელანტმა განცხადებით მიმართა 2009 წლის 8 სექტემბერს, ხოლო სარჩელი აღძრა 2010 წლის 22 ნოემბერს. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, სააქტო ჩანაწერის გაცნობიდან სარჩელის აღძვრამდე გასული იყო კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა. ამდენად, აპელანტის მოთხოვნა სააქტო ჩანაწერის გაუქმების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულად იქნა მიჩნეული (ს.ფ. 132-136).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ტ.გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კასატორის მოსაზრებით, საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება. მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არ დანიშნეს გენეტიკური ექსპერტიზა, რითაც უგულებელყვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მოთხოვნა, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტი თავად კისრულობდა ექსპერტიზის ჩატარებას საკუთარი ხარჯით.

ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, მამობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სიტყვიერად 2000 წელს, მაგრამ მას არ ჰქონდა საშუალება წამოეწყო სასამართლო დავა, ვინაიდან იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, მოსარჩელეს იმ დროისათვის არ ჰქონდა საშუალება, ენახა სადავო სააქტო ჩანაწერი. ტ.გ-ი 2003 წლიდან მუშაობდა თბილის-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაზე, იგი ფოთში დაბრუნდა 2005 წელს, დროსაც ნახა მითითებული ჩანაწერი. ამის შემდეგ, ტ.გ-მა მიმართა პოლიციას სააქტო ჩანაწერის გაყალბების ფაქტზე. საქმე იხილებოდა სხვადასხვა უწყებებში. საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2010 წლის 15 ივნისს, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე წარმოება შეწყდა. ამდენად, ტ.გ-მა დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ ტ.გ-ის სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებით ტ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ტ.გ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.