ას-915-955-2011 7 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ. ხ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ. ...კრედიტი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ხ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “მ. ...კრედიტის” მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი შპს “მ. ...კრედიტსა” და ხ. შ-შვილს შორის გაფორმებული 2008 წლის 8 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით ვ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, 50-ე, 54-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სამოქალაქო უფლებებს, რომლის არსებობა ვლინდება მხოლოდ საჯარო რეესტრიდან, ახასიათებთ განსაკუთრებული თავისებურება, რაც ვლინდება მათი განკარგვის შემთხვევაში. ამდენად, მათი გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს საჯარო რეესტრის მნიშვნელობაზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ცნების განმარტებისთვის აუცილებელია სწორად შეფასდეს საჯარო რეესტრის დანიშნულება და ფუნქცია.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 312-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპისა. ზოგიერთ შემთხვევაში ნივთის არამართლზომიერი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განკარგვის გამო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი აღნიშნულ კონფლიქტს შემძენის სასარგებლოდ წყვეტს. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესები. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არის ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი.
განსახილველი ნორმები იცავენ ასევე იპოთეკარის უფლებებსაც, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარი, კონკრეტულ შემთხვევაში, შპს “მ. ...კრედიტი” წარმოადგენს იმ უფლების შემძენს, რომლითაც მან სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ამ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან. სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო რეესტრის მონაცემები მხოლოდ მაშინ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსწოროდ, თუ ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ანუ პირველ შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შემძენმა იცოდეს, რომ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ამ უფლების შეძენის გარიგების დადებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შეძენის შესახებ გარიგების დადებამდე მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების შესახებ (საჩივრის გარდა), რის გამოც ეს ჩანაწერი უზუსტოა. მხოლოდ ამ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში უფლების შემძენი არ არის კეთილსინდისიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ანუ რეესტრის მონაცემები მესამე პირისათვის ყოველთვის ითვლება სწორად და არ არის აუცილებელი დამატებით ამ სისწორის დადასტურება.
განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ შპს “მ. ... კრედიტის” მიერ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის დროს 2008 წლის 8 ოქტომბერს უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ხ. შ-შვილის სახელზე, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერის საწინააღმდეგოდ ვ. ხ-შვილმა საჯარო რეესტრს მიმართა 2009 წელს, ანუ სადავო გარიგების დადების შემდეგ. იპოთეკარის არაკეთილსინდისიერების დასადასტურებლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ იპოთეკარმა ხელშეკრულების გაფორმებამდე არ შეამოწმა იპოთეკით დასატვირთი ქონების მდგომარეობა, არ გამოდგება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ სადავო გარიგებით მინიჭებული უფლება გამოიყენა იპოთეკარმა შპს “მ. ... კრედიტმა”, რითაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე, მან მოიპოვა იძულებითი აღსრულების უფლება. აღნიშნული გარემოება დადგინდა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგების ბათილობის საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. ხასიაშვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები არეგულირებენ უძრავი ნივთის შემძენის კეთილსინდისიერების საკითხს. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე კი უძრავი ნივთის გასხვისება არ ხდება, არამედ იგი იტვირთება უფლებრივად რაიმე ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოხსენებული ნორმები იპოთეკარის არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღიარა, რომ იპოთეკით დასატვირთი ბინა არ დაუთვალიერებია, რითაც ფაქტობრივად დაეთანხმა აღნიშნულის აუცილებლობას. შესაბამისად, იპოთეკარისათვის ცნობილი იყო, რომ ხ. შ-შვილმა სადავო უძრავი ქონება უკანონოდ გადაიფორმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით ვ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.