საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №823აპ-20 ქ. თბილისი
ი-ი გ-ა, 823აპ-20 24 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ა. ხ-ს, –და გ. ი-ს, ბრალად ედებოდათ ძალადობა, ე.ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 18:40 საათზე, ყ-ის რაიონის სოფელ შ-ში მდებარე სუპერმარკეტ „მ-ი“, ა. ხ-მა და გ. ი-მა ჯგუფურად სცემეს იმავე მარკეტში მომუშავე გ. გ-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
გ. ი-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ა. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გ. ი-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნატო ტორიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ი-ისა და ა. ხ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მათთვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელების განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ა. ხ-ისა და გ. ი-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება ა. ხ-ის მიერ გ. გ-ის ცემის ფაქტი, ვინაიდან დაზარალებულს არ ახსოვს, მოხვდა თუ არა ა. ხ-ის მიერ მოქნეული ფეხი, ხოლო მისი ქმედების შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი, ამის შესახებ მას სასამართლოსთვის არ განუმარტავს. ამასთან, დაზარალებულის მიერ გამოძიებასა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობრივია, რის გამოც ა. ხ-ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, მითუფრო, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 17 ოქტომბრის №- დასკვნით, პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, „გ. გ-ს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. რაც შეეხება მოწმე ი. შ-ის ჩვენებას, იგი ეწინააღმდეგება და არ შეესაბამება დაზარალებულისა და სხვა მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მომხდარს და მონაწილეობდნენ კონფლიქტის მონაწილეთა გაშველებაში.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რამაც ა. ხ-ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო გ. ი-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდება გამოიწვია.
11. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულ გ. გ-ის, მოწმეების: ი. შ-ის, ნ. ი-ის, ლ. ვ-ის, თ. მ-ის, შ. ვ-სა და სხვათა ჩვენებები, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომელთა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ გ. ი-ს არ ჩაუდენია ძალადობა, ე.ი. ცემა, რამაც გამოწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჯგუფურად და ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
12. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, კასატორი არ უთითებს. ამდენად, საკასაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებას, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე განმეორებით მსჯელობის მიზნით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი