Facebook Twitter

ას-926-964-2011 18 ივლისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ტ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჯ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ტ-შვილის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ნ. ჯ-ძის დედა ს. ტ-შვილი გარდაიცვალა 1994 წლის 20 ივლისს. სამკვიდრო გაიხსნა ქ.რუსთავში, ... ქ. ¹13-ში. ნ. ჯ-ძე არის აწ გარდაცვლილ ს. ტ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრე.

ნ. ჯ-ძე თავის მეუღლესთან ბ. ჯ-ძესთან ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა 19.11.1966 წელს. აწ გარდაცვლილ ს. ტ-შვილს ჰყავს კიდევ ერთი შვილი ლ. ტ-შვილი. 1984 წელს აწ გარდაცვლილ ს. ტ-შვილს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაუკანონდა მის მიერ აშენებული ინდივიდუალური სახლი, რის შემდგომაც ს. ტ-შვილის საკუთრებას წარმოადგენდა ქ რუსთავში, ... ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ნ. ჯ-ძე დედისეულ სახლში ცხოვრობდა წლების განმავლობაში, უვლიდა და პატრონობდა დედას. დედის სიცოცხლეშივე სახლს მიაშენა. 2009 წლის 14 მაისს მ. რ-შვილის სანოტარო ბიუროს განცხადებით მიმართა ლ. ტ-შვილმა, სამემკვიდრეო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. მან მოტყუებით ნოტარიუსს განუცხადა, რომ იგი არის გარდაცვლილი ს. ტ-შვილი ერთადერთი მემკვიდრე. 2009 წლის 14 მაისს ნოტარიუსმა სამემკვიდრეო მოწმობა გასცა ლ. ტ-შვილის სახელზე.

მოპასუხე ლ. ტ-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე არ მიუთითებს კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე შეიძლება სამკვიდრო ქონებაში ცვლილებების შეტანა. არ მოითხოვს თავის სარჩელში სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენას და ფაქტობრივად ნოტარიუსის უარის გარეშე ითხოვს იმ ქონების გაყოფას რომელიც მას არ მიუღია. მოსარჩელეს გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ყველა ვადა და აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით საერთო ხანდაზმულობის ვადა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ. რ-შვილის მიერ 2009 წლის 14 მაისს ლ. ტ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა; ნ. ჯ-ძე ცნობილ იქნა 1994 წლის 20 ივლისს გარდაცვლილი ს. ტ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრედ; გაცემულ იქნა ახალი სამკვიდრო მოწმობა ორივე მემკვიდრის ნ. ჯ-ძის და ლ. ტ-შვილის სახელზე, მამკვიდრებლის 1994 წლის 20 ივლისს გარდაცვლილი ს. ტ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე, თანაბარწილად;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ლ. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მამკვიდრებელი ს. ტ-შვილი გარდაიცვალა 20.07.1994 წელს. ლ. ტ-შვილი და ნ. ჯ-ძე (ქორწინებამდელი გვარი ა-ვი) წარმოადგენენ მამკვიდრებელ ს. ტ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრეებს _ შვილებს. 1994 წლის 20 ივლისს გარდაცვლილი ს. ტ-შვილის სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. რუსთავი, ... ქ. ¹13..2008 წლის 2 ივლისს ლ. ტ-შვილის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა ¹2-223. სამკვიდრო მოწმობის თანახმად ს. ტ-შვილის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ქ. რუსთავი, ... ქ. ¹13-ში მდებარე მიწის ნაკვეთს საცხოვრებელი სახლით. მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით _ შემნახველი სალაროს წიგნაკის დაუფლებით. 14.05.2009 წელს ლ. ტ-შვილის სახელზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ლ. ტ-შვილმა, როგორც ს. ტ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში. მემკვიდრეებს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში სანოტარო ბიუროსთვის არ მიუმართავთ. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ლ. ტ-შვილმა ფაქტობრივი ფლობით მიიღო ს. ტ-შვილის სამკვიდრო ქონება. სამკვიდრო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით მდებარე ქ. რუსთავი, ... ქ. ¹13-ში რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ლ. ტ-შვილის სახელზე. მოასუხე მხარე სადავოდ არ ხდის და გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, რომ მოსარჩელე ნ. ჯ-ძე მონაწილეობას ღებულობდა მამკვიდრებლის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებში.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემობა მასზე, რომ მოსარჩელე ნ. ჯ-ძემ სამკვიდროს მიღების ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის სამკვიდრო ქონება. მოწმეთა ჩვენებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ ს. ტ-შვილის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში ნ. ჯ-ძე დაეუფლა დედის სამკვიდრო ქონების ნაწილს ფაქტობრივი ფლობით. შესაბამისად, ნ. ტ-შვილმა მიიღო სამკვიდრო.

პალატამ განმარტა, რომ როგორც 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ფაქტობრივი დაუფლებით სამკვიდროს მიღების წესს. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის _ მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე. მოცემულ შემთხვევში ნ. ჯ-ძემ და ლ. ტ-შვილმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს დედის სამკვიდრო. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ჯ-ძე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო მესაკუთრედ სამკვიდროს 1/2 წილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს არც ერთი ოფიციალური მტკიცებულება საბუთის სახით არ წარუდგენია სასამართლოში, რომელიც კანონის თანახმად დაადასტურებდა, რომ მას, როგორც მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებულად ეთვლება. ვერც მისმა მოყვანილმა ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე 6 თვემდე დაეუფლა მამკვიდრებლის ქონებას. მის მოწმეებს ამ სამკვიდრო ქონებასთან არაფერი აკავშირებდათ არც 6 თვემდე და არც 15 წლის მანძილზე. ერთი მისი ქმრის დისშვილია, მეორე მისი მეგობარი, მესამე კი, მასზე განაწყენებული ბიძაშვილი, რომელთანაც წლებია უკვე ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს. სასამართლომ სარწმუნოდ ჩათვალა მოსარჩელის მოწმეების ჩვენებები ამ ფაქტთან დაკავშირებით და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ისინი სხვა ქალაქში ცხოვრობენ და ვერ დაინახავდნენ მოსარჩელის მოსვლა-წასვლას, მის მონაწილეობას სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობაში, არ ეცოდინებოდათ მოსარჩელის რომელი ნივთები ინახებოდა მასთან. სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ჯ-ძე კანონით დადგენილ ვადაში დაეუფლა დედის სამკვიდრო ქონების ნაწილს ფაქტობრივი ფლობით მოწმეების არასრულ ჩვენებებზე. სამკვიდროს ქონებიდან ნივთის წაღებას მოსარჩელე 6 თვის განმავლობაში სამკვიდრო ქონებიდან რაიმე ნივთი არ წაუღია. მან დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ 2003 წელს წაიღო ალუმინის სახურავი, რომელიც ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში ჰქონდა მობარებული მასთან. ის უჯარმაში სახლს აშენებდა და ეშინოდა იქ არ მოეპარათ, ასევე წაიღო თავისი შესადუღებელი აპარატი, თავისი ხელით გაკეთებული თავისივე საკუთარი ტახტი და თავისი მზითვი, კერძოდ, პიანინო „მუს ფაბრიკა თბილისი“, რომელიც ს. ტ-შვილმა 1947 წელს უყიდა. ვინაიდან, მას სახლში ადგილი არ ჰქონდა სთხოვა უჯარმაში წაღებამდე შეენახა. მოსარჩელის მხრიდან არ არის დაცული როგორც სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე არ არის დაცული 1997 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და თანამესაკუთრედ ცნობა. კასატორი სადავოდ ხდის 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის გამოყანების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ლ. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ტ-შვილს უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 2 ივნისს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 825 ლარის 70% _ 577.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ლ. ტ-შვილს დაუბრუნდეს 2011 წლის 2 ივნისს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 825 ლარის 70% _ 577.5 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.