საქმე # 110100119002879531
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №840აპ-20 ქ. თბილისი
ს–ი ზ., 840აპ-20 23 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ზ. ს–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (4 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), .....ის რაიონის სოფელ .......ში, მ. ყ–ს კუთვნილი ფერმის ეზოში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ, ალკოჰოლური სასმლით მთვრალ ზ. ს–ს, პირუტყვის დაბინავებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. კ–სთან, რის გამოც ზ. ს–მ ი. კ–ს ტანსაცმლის საყელოში მოჰკიდა ხელი, რამდენჯერმე შეანჯღრია და ერთხელ დაარტყა ხელი ლოყაში, რის შემდეგაც ფეხი ამოარტყა საჯდომზე. აღნიშნულით ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხ–ის რაიონის სოფელ .....ში, მ. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ, ალკოჰოლური სასმლით მთვრალ ზ. ს–ს, ტელეფონზე უცენზუროდ საუბრის გამო, შენიშვნა მისცა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ი. კ–მ. აღნიშნულზე განაწყენებულმა ზ. ს–მ, ორჯერ დაარტყა ხელი ლოყაში ი. კ–ს, რის შედეგადაც ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხ–ის რაიონის სოფელ ......ში, მ. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ, ალკოჰოლური სასმლით მთვრალ ზ. ს–ს, წინადღით მომხდარი კონფლიქტის გამო, შელაპარაკება მოუვიდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. კ–სთან, რა დროსაც ზ. ს–მ ერთხელ დაარტყა ნაჯახი ი. კ–ს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში, რის შედეგადაც ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხ–ის რაიონის სოფელ ......ში, მ. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, ზ. ს–მ ნაჯახის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. კ–ს, რომელმაც შეძლო მისგან თავის დაღწევა და მივიდა იმავე სოფელში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც თ. კ–მ გაუწია სამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ, იმავე დღეს, დაახლოებით 15:15 საათზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ზ. ს–ი მივიდა ი. კ–ს მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც ხელთ ნაქონი ნაჯახი ორჯერ დაარტყა ი. კ–ს მარცხენა ფერდის არეში, რის შედეგადაც ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხ–ის რაიონის სოფელ ........ში, მ. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, ზ. ს–მ ნაჯახის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. კ–ს, რომელმაც შეძლო მისგან თავის დაღწევა და მივიდა იმავე სოფელში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც თ. კ–მ გაუწია სამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ, იმავე დღეს, დაახლოებით 15:15 საათზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ზ. ს–ი მივიდა ი. კ–ს მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც ხელთ ნაქონი ნაჯახი ორჯერ დაარტყა ი. კ–ს მარცხენა ფერდის არეში და დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ი. კ–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ზ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 23 ნოემბრის 15:15 საათის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ზ. ს–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
გამართლებულ ზ. ს–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება, ზ. ს–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
7. დაზარალებულმა ი. კ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ამასთან, უარყო გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე. გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია ასევე უარყვეს მოწმეებმა - თ. კ–მ და მ. ბ–მ. მ. ბ–მ განმარტა, რომ მან ქართულად წერა-კითხვა არ იცის, რადგან ბავშვობიდან საუბრობდა და სწავლობდა ბერძნულ ენაზე; მას დაუწერეს ქართულად, თუ რა უნდა დაეწერა გამოკითხვის ოქმის ბოლოს და ამის მიხედვით გადაწერა ტექსტი. თ. კ–მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას ოპერატორისთვის არ განუცხადებია ზ. ს–ის მიერ ი. კ–ს მიმართ ნაჯახის ჩარტყმის თაობაზე.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია დათვალიერების ოქმი (ტ.1. ს.ფ. 129-130). ოქმის თანახმად, განხორციელდა 112-ის დეპარტამენტიდან მიღებული თ. კ–ის 2018 წლის 23 ნოემბერს 112-ის ოპერატორთან მობილური ტელეფონით განხორციელებული საუბრის ჩანაწერის მოსმენა და სიტყვა-სიტყვით ჩაწერა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. კ–მ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა ჩანაწერის შინაარსის სისწორე, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი ჩანაწერის ავთენტიკურობისა და უწყვეტობის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც თ. კ–თან ერთად დათვალიერების ( ჩანაწერის მოსმენის) ოქმი.
9. მოწმეები - ნ. მ–ე, გ. ზ–ი, ლ. ნ–ი და ლ. ს–ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ მხოლოდ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ხასიათისაა, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ, რამდენად უტყუარია მათთვის ი. კ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
10. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ი. კ–ს სხეულზე მსუბუქი ხარისხის დაზიანებების არსებობა ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით, ეს დასკვნა საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხულმა თ. კ–მ და მ. ბ–ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, საქონლის დაბინავებისას, საქონელი დაეჯახა ერთმანეთს, შემდეგ - ი–ს, რომელიც წაიქცა და დაზიანებები მიიღო. ზ. ს–ი გამოვიდა, ხელში აიყვანა ი. და ისე შეიყვანა სახლში. ამდენად, მიღებული დაზიანება რომ ზ. ს–ის ძალადობის შედეგად მიიღო, ამაზე მიუთითებს მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველნი, ხოლო მოწმეები - თ. კ–ე და მ. ბ–ე არიან უშუალო თვითმხილველნი 2018 წლის 23 ნოემბერს განვითარებული მოვლენებისა და ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ ზ. ს–ის მიერ ი. კ–სათვის დაზიანების მიყენების ფაქტს.
11. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას
14. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. ს–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
15. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე