ას-939-977-2011 28 ივლისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.თ-ე
წარმომადგენელი _ თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ-ი, ლ.ფ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება (სარჩელში), იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.მ-ის და ლ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ.თ-ეს ლ.მ-ის და ლ.ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13200 ევროს ექვივალენტის ლარებში გადახდა, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია, გ.თ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ.თ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით გ.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.თ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინებით გ.თ-ეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 660 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2011 წლის 06 ივლისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 06 ივლისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2011 წლის 13 ივლისს, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინებით გ.თ-ეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 660 ევროს ოდენობით. ამავე სასამართლოს 2011 წლის 06 ივლისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს თ. მ-ს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი, 2011 წლის 13 ივლისს, პირადად ჩაბარდა გ.თ-ის წარმომადგენელ თ. მ-ს. შესაბამისად, ხარვეზის განჩინება კასატორისთვისაც ჩაბარებულად ითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის 14 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 18 ივლისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.