ას-945-983-2011 29 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ. ქ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ლ. ჯ-ძის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ქ. ქ-იას, ა. ნ-შვილისა და ნ. კ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ქ. ქ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინებით, ქ. ქ-იას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2011 წლის 11 ივლისს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 2 (ორი) თვით, იმ საფუძვლით რომ დედა ყავს ავად და ფინანსურად უჭირს.
საქარაველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. ქ-იას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარეებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება ქ. ქ-იას ტელეფონით ეცნობა 2011 წლის 22 ივლისს (ტ.II, ს.ფ.82).
2011 წლის 25 ივლისს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელებაზე 20 (ოცი) დღით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და არ ავალდებულებს სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელებას. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ქ-იას ერთელ უკვე გაუგრძელა სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის სამთვიან ვადას და სასამართლო ამ ვადის განმავლობაში ვალდებულია, შეამოწმოს ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი, დასახელებული ვადის დენა იწყება სასამართლოსათვის საქმის გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამდენად, საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმის დანაწესისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული პროცესუალური ეკონომიის პრინციპის გათვალისწინებით თვლის, რომ კასატორის შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი როგორც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის დადგენილ ვადას, ისე ამავე კოდექსით განმტკიცებულ პროცესუალური ეკონომიის პრინციპს, რის გამოც არ არსებობს შუამდგომლობის კვლავ დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ქ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.