Facebook Twitter

ას-957-995-2011 29 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ნ.ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ე.მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე.მ-მა მოპასუხე ნ.ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ... ¹7-ში მდებარე 36 კვ.მ ფართობზე მესაკუთრედ ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 2-13, 135-149).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ე.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგინდა, რომ ე.მ-ის მიერ მოპასუხე ნ.ბ-ისათვის 29700 ლარის 25%-ის, 7425 ლარის გადახდის მომენტიდან ნ.ბ-ს შეუწყდეს საკუთრების უფლება და თბილისში, ... ¹7-ში მდებარე უძრავი ნივთი _ 36 კვ.მ-ზე განთავსებული საცხოვრებელი სადგომი საკუთრების უფლებით გადაეცეს მოსარჩელე ე.მ-ს.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ე.მ-ი არის ლ.მ-ის შვილი, რომელმაც მოპასუხის მშობლებისგან _ მამის გ. ბ-ის და დედის ქ. ბ-ისგან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გარეშე, შეიძინა 100 კვ.მ მიწა 1000 მანეთად, 1968 წელს ააშენა სახლი, სადაც ამჟამადაც განაგრძობს ცხოვრებას მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები;

ნ.ბ-მა მემკვიდრეობით მიიღო აღნიშნული ფართობი. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით ... შესახვევის ¹7-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის გ. ბ-ი, ამჟამად კი მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე;

ე.მ-ი 1970 წლიდან რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ... შესახვევის ¹7-ში. მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები ამჟამადაც განაგრძობენ ცხოვრებას აღნიშნულ ბინაში.

ე.მ-ის ოჯახის წევრები აღნიშნულ მისამართზე იხდიან კომუნალურ გადასახადებს, გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება სატელეფონო მომსახურებაზე;

მოპასუხე ნ.ბ-ი სარჩელს არ დაეთანხმა, თუმცა სადავოდ არ გაუხდია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც სადგომის საბაზრო ღირებულება არის 29700 ლარი.

სასამართლომ მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის ,,ა’’ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით. სასამართლოს მოსაზრებით, უდავო იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, ხოლო მოპასუხე კი – მესაკუთრეს. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისათვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისათვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში, ხოლო მე-2 მუხლის მე-6 ნაწილით, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისათვის 75%-ის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების – დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, მან როგორც სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრემ არ გამოავლინა ნება იმისა, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეს (მოსარგებლეს) გაეთავისუფლებინა საცხოვრებელი სადგომი. ამიტომ, მოსარგებლეს ეძლეოდა შესაძლებლობა შესაბამისი თანხის, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხის 25%-ის გადახდის სანაცვლოდ სადგომზე მოეპოვებინა საკუთრების უფლება (ტომი 1, ს.ფ. 157-160).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-მა (ტომი 1, ს.ფ. 168-180).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით ნ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). კანონი დამატებით ამ გარემოებების არსებობას ითხოვს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამავე კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელი სადგომის გადაცემის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნითა და საინფორმაციო ბარათით დასტურდებოდა, რომ ე.მ-ი 1970 წლიდან რეგისტრირებულია სადავო საცხოვრებელ ბინაში და მისი ოჯახის წევრები ამ დროისთვისაც განაგრძობდნენ ცხოვრებას ამ ბინაში. ე.მ-ის ოჯახის წევრები აღნიშნულ მისამართზე იხდიან კომუნალურ გადასახადებს (აღრიცხული არიან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დამოუკიდებელ აბონენტებად), გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება სატელეფონო მომსახურებაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილი გარემოებები ადასტურებდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა ე.მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება საბინაო წიგნის გაყალბების შესახებ, ვინაიდან ეს გარემოება აპელანტმა ვერ დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა ასევე ის გარემოება, რომ მხარეთა უფლებრივ წინამორბედებს შორის არანაირი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ დადებულა, რამდენადაც სარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა არა ნასყიდობის ხელშეკრულებას, არამედ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებას (ტომი 2, ს.ფ. 49-55).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივრის თანახმად, საბინაო წიგნი, რომლითაც იხელმძღვანელეს სასამართლოებმა, გაყალბებული იყო, ვინაიდან კასატორს არასდროს ჩაუწერია მოწინააღმდეგე მხარე კუთვნილ ბინაში (ტომი 2, ს.ფ. 65-71).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ფ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ნ.ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ფ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.