Facebook Twitter

ას-965-1003-2011 21 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ჭ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. კ-ავა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ბავშვის ნახვის პირობების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. (შვილი) და დ. (მამა) კ-ავებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ., ვ. ჭ-ძეებისა და ნ. თ-უას მიმართ ბავშვთან მშობლისა და ბაბუის ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დ. და დ. კ-ავების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებთან (ნ. ჭ-ძესთან, ვ. ჭ-ძესთან, ნ. თ-უასთან) მცხოვრები მცირეწლოვანი ი. კ-ავას (დაბ. 15.10.2010წ), მამასთან და პაპასთან ურთიერთობის წესი განისაზღვრა იმგვარად, რომ მოსარჩელეებს, დ. კ-ავას (პ.ნ ...792) და დ. კ-ავას (პ.ნ ...869) შესაძლებლობა ჰქონდეთ, ბავშვი ნახონ კვირაში ორჯერ მოპასუხეთა საცხოვრებელ ადგილას ქ. ზუგდიდში, ... ქ.¹4-ის ¹41 ბინაში, დღის საათებში, ხოლო თვეში სამჯერ – ყოველი თვის პირველ, მეორე და მესამე პარასკევს ერთი საათით, 14.00 საათიდან 15.00 საათამდე წაიყვანონ ბავშვი მამის ოჯახში, მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ... 87-ში (ბავშვის წაყვანას მამასთან და მის დაბრუნებას ძირითად საცხოვრებელ ადგილას უზრუნველყოფენ მოსარჩელეები საკუთარი ხარჯებით).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ., ვ. ჭ-ძეებმა და ნ. თ-უამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე მუხლების, 1202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 1203-ე მუხლის სამართლებრივი გაანალიზების შედეგად სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მშობლებისა და შვილების, ბებია-პაპისა და შვილიშვილის ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები (მათ შორის უფლება, იქონიოს ურთიერთობა შვილთან) უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, კანონმდებელი იცავს მშობლის და ბებია-პაპის კანონიერ ინტერესს, იმ სუბიექტისაგან, ვინც ამ კანონიერი ინტერესის გამოხატვაში მათ უშლის ხელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, მიდრეკილებას მშობლებისადმი და იმ სამომავლო პერსპექტივას, სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა. ერთმნიშვნელოვანია, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის დროს თანაბრად იცავს მშობელთა ინტერესს. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს ოჯახში გააჩნია ყველანაირი პირობა, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის. ამდენად, მშობლის უფლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ბავშვის ხანმოკლე მონახულებით, არამედ ასეთი შეხვედრები უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი, რათა მშობელმა რომელიც არ ცხოვრობს ბავშვთან, შეძლოს ბავშვის აღზრდაში მონაწილების მიღება, მაგრამ სასამართლომ გაითვალისწინა რა ბავშვის ასაკი, კანონშესაბამისად განსაზღვრა მცირე დრო ბავშვთან ურთიერთობისათვის.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. კ-ავა (ბაბუა) წარმოადგენს დ. კ-ავას (ბავშვის მამა) მამას, ანუ ი. კ-ავას ბაბუას. მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბაბუის ურთიერთობა შვილიშვილთან ხელს შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენს მასზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ შვილიშვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ერთნაირად გააჩნია, როგორც მშობელს, ისე ბებიასა და ბაბუას, ცალკე მცხოვრებ ბებიას და ბაბუას უფლება აქვთ, ურთიერთობა ჰქონდეს თავის შვილიშვილებთან და მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდაში. მეორე მშობელს უფლება არ აქვს, ხელი შეუშალოს მათ ამ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ჭ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 244-ე და 248-ე მუხლები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ სათანადო მტკიცებულებებს ყურადღება არ მიაქცია. პალატამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ დედის გარეშე ჩვილი ბავშვის წაყვანა დაუშვებელია. სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის, რაც ამ უკანასკნელს არ მოუთხოვია. პალატამ უგულებელყო ასევე სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის დანაწესი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ჭ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 6 ივლისს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ნ. ჭ-ძის (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.