საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№919აპ-20 ქ. თბილისი
ჯ-ი დ-თ, 919აპ-20 31 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით დ. ჯ-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით –1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ. ჯ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 12 მარტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჯ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3. დ. ჯ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 11 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თ-ში, გ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კორპუსის №- ბინაში, დ. ჯ-მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ტ. კ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი მოუქნია დასარტყმელად. დედას გამოესარჩლა 16 წლის ა. კ.. გაბრაზებულმა დ. ჯ-მა ა-ას სახეში გაარტყა ხელი, რის შემდეგაც ძლიერად მოქაჩა თმა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. დ. ჯ-ის ქმედებით ა. კ-ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
· 2019 წლის 26 სექტემბერს დ. ჯ-ის მიმართ გამოიწერა №- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, დ. ჯ-ს ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მიახლოება მსხვერპლთან – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან – ტ. კ-თან, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან, სადაც ტ. კ. შეიძლება იმყოფებოდეს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, დ. ჯ-მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2019 წლის 26 სექტემბერს მივიდა ქ. თ-ში, გ-ის მე-- მ/რ-ნში, მე-- კორპუსის - ბინაში, სადაც იმყოფებოდა ტ. კ-ი, რომელსაც დ. ჯ-ის ქმედებით მიადგა მორალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, დ. ჯ-ისათვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული; ნასამართლობის არმქონეა; ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც მნიშვნელოვნად დაზოგა სასამართლოს რესურსი და ხარჯები, მოხდილი აქვს რეალური სასჯელის გარკვეული ნაწილი.
6. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძე შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. დ. ჯ-ის მიერ ჩადენილი ქმედების სახის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომის, დანაშაულთა ერთობლიობისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლომ ისინი თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ზომის შერჩევის დროს მიიღო მხედველობაში. სხვა რაიმე სახის ახალ გარემოებაზე კი, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი