საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№94აპ-19 ქ. თბილისი
ძ-ი ა, 94აპ-19 19 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენით ა. ძ-ის, ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-111,140-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2012 წლის 23 აპრილს მოქმედი რედაქცია); ა. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2012 წლის 23 აპრილს მოქმედი რედაქცია), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და ა. ძ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 7 მარტიდან იმავე წლის 18 მაისის ჩათვლით. ა. ძ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ძ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სექსუალური ხასიათის შეღწევა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის სხეულში.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 09:30 საათზე, ზ. გ-ის ქ. №-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ძ-მა ეჭვიანობის ნიადაგზე თმის მოქაჩვითა და წაქცევით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) – მ. ბ-ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
· 2012 წლის 23 აპრილს ქ. ბ-ში, ზ. გ-ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, სრულწლოვანმა ა. ძ-მა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მ. ბ-ესთან, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, დაამყარა სქესობრივი კავშირი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელმაც ითხოვა ა. ძ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის მე-111,140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის ამ მუხლებით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ა. ძ-ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის ფარგლებში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რამაც მისი ქმედების გადაკვალიფიცირება გამოიწვია და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, „ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს“. საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ ა. ძ-ის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2012 წლის 23 აპრილს მოქმედი რედაქცია) მე-111 მუხლზე მიუთითებლად, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებდა მე-111 მუხლს.
9. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას ა. ძ-ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული შემამსუბუქებელი (მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს ჩადენილ ქმედებებს, შერიგებულია დაზარალებულთან, არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოებები) გარემოებების მხედველობაში მიღებით, სამართლიანად მიაჩნია ა. ძ-ისათვის როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი, რომელიც დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი