Facebook Twitter

საქმე # 160100118002258836

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №950აპ-20 ქ. თბილისი

გ–ი მ., 950აპ-20 24 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

მ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ზ. რ–ი და ო. მ–ი შესაგებლით ითხოვენ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს - ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის და ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წელს ი. გ–მა, რომელიც არის .....ის მოქალაქე, გადაწყვიტა მ–ის რაიონში, ე.წ. ......ს მთებში, შეეძინა ვ. ჰ–ს მიწის ნაკვეთი. ი. გ–ი შეუთანხმდა ვ. ჰ–ს თანხაზე და ამ მიწის საფასურად გადასცა 3000 აშშ დოლარი, მაგრამ იმის გამო, რომ თავად იყო ......ის მოქალაქე, თავის სახელზე ვერ იფორმებდა მიწის ნაკვეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან სთხოვა თავის მეგობარს - მ. გ–ს, მიწის ნაკვეთი გადაეფორმებინა თავის სახელზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ი. გ–ი მოაგვარებდა პრობლემებს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, გადაიფორმებდა მიწას თავის სახელზე. მოლაპარაკებისამებრ, 2015 წლის 31 მარტს მ. გ–მ საჯარო რეესტრში გადაიფორმა მიწის ნაკვეთი თავის სახელზე, მაგრამ, მიუხედავად დანაპირებისა, უარი განუცხადა ი. გ–ს მიწის ნაკვეთის მის სახელზე გადაფორმებაზე, რითაც ი. გ–ს მიაყენა 7800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2006 წელს ი. გ–მა, რომელიც არის .......ის მოქალაქე, გადაწყვიტა მ–ის რაიონში, ე.წ. ......ის მთებში, შეეძინა ვ. ჰ–ს მიწის ნაკვეთი. ი. გ–ი შეუთანხმდა ვ. ჰ–ს თანხაზე და ამ მიწის საფასურად გადასცა 3000 აშშ დოლარი, მაგრამ იმის გამო, რომ თავად იყო ......ის მოქალაქე, თავის სახელზე ვერ იფორმებდა მიწის ნაკვეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან სთხოვა თავის მეგობარს - მ. გ–ს, მიწის ნაკვეთი გადაეფორმებინა თავის სახელზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ი. გ–ი მოაგვარებდა პრობლემებს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, გადაიფორმებდა მიწას თავის სახელზე. მოიპოვა რა ი. გ–ის ნდობა, მ. გ–მ 2007-2010 წლების განმავლობაში მოტყუებით გამოართვა ფულადი თანხა - 20050 ლარი, რაც, მისი სიტყვებით, დაკავშირებული იყო მიწის გაფორმებასა და დამუშავებასთან.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენით:

მ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე.

მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 9000 ლარი, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 11000 ლარი, მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 11000 ლარმა მთლიანად შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 9000 ლარი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 11000 ლარი. მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მ. გ–ს (პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, 2017 წლის 29 ნოემბრიდან იმავე წლის 12 დეკემბრის ჩათვლიათ) შეუმსუბუქდა სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.

გაუქმდა მ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ–ს (პირადი ნომერი ........) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მდებარე მ–ის რაიონის სოფელ .........ში საკადასტრო კოდი № .......) ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, ბრალდებულ მ. გ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს - 20000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ქონების 20000 ლარის ღირებულების ნაწილზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს. ასევე, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მ–ის რაიონში, ......ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი № ......., დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა მ. გ–ს დამნაშავედ ცნობას როგორც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და მ. გ-ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი.

მ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში.

გამართლებულ მ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

გაუქმდა მ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ–ს (პირადი ნომერი ..............) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მდებარე მარნეულის რაიონის სოფელ ........ში საკადასტრო კოდი № ......) ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, ბრალდებულ მ. გ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს - 20000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ქონების 20000 ლარის ღირებულების ნაწილზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს. ასევე, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მ–ის რაიონში, ......ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი № ......, დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უსამართლო და უკანონო, ვინაიდან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა როგორც გამართლებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე - მის მამხილებელ მტკიცებულებებს, რის გამოც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მ. გ–ი გაამართლა მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებებში.

8. სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას მ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მ. გ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების შესაბამისი სტანდარტით დაედასტურებინა, რომ მ. გ–ს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთზე, იგი მხოლოდ „რეალური მესაკუთრის“ - ი. გ–ის ნებით დარეგისტრირდა გ–ის სახელზე და ამ გზით აღმოჩნდა მის მართლზომიერ მფლობელობაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, თითქოს მ. გ–ი ვალდებული იყო, ი. გ–ის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაეფორმებინა მიწის ნაკვეთი მის საკუთრებაში. ცალსახაა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს მ. გ–ს მიერ მითვისების ჩადენაში და გამოკვეთილია მხოლოდ ვარაუდი, რასაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარე უთითებს დაზარალებულ ი. გ–ის ჩვენებაზე; თუმცა დაზარალებული ვერ უთითებს როდის, როგორი სიხშირით, რა დანიშნულებითა და რა ოდენობით ჰქონდა გადაგზავნილი მ. გ–სათვის თანხა. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ს–ში დაბრუნების შემდგომ მ. გ–თან დალაპარაკებისას აღმოჩნდა, რომ მ. გ–ს მიერ გაწეული ხარჯები დაემთხვა მის მიერ გამოგზავნილ თანხას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თავად დაზარალებულ ი. გ–ის ჩვენებითაც ვერ დასტურდება, რომ მ. გ–ს მიერ მისთვის გამორთმეული თანხები არ იყო გამოყენებული მიწის ნაკვეთის გასაფორმებლად.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).

12. საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე