ას-1009-1040-2011 6 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ა-ძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. და ნ. კ-შვილების კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივლისის განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და ნ. კ-შვილების კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ ნ. და ნ. კ-შვილებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს განცხადებით, რომლითაც მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის, 2010 წლის 13 ივლისის განჩინებების, “ქართული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების, ამავე არბიტრაჟის 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით ნ. და ნ. კ-შვილების განცხადება დარჩა განუხილველად, რადგანაც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, ამავე განჩინებით სასამართლომ იხელმძღვანელა “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ჩათვალა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში გასული იყო კანონით დადგენილი 90-დღიანი ვადა.
განმცხადებლებმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც მათ უარი ეთქვათ სააპელაციო პალატის 2010 წლის 30 მარტისა და 13 ივლისის განჩინებების გაუქმების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შეიტანეს კერძო საჩივარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, ნ. და ნ. კ-შვილები კერძო საჩივრით არ მოითხოვენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების გაუმებას, თუმცა განსახილველი დავის არსი სწორედ ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლებაა და, ვინაიდან, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი განიხილოს სააპელაციო სასამართლოს მიერ “ქართული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” გადაწყვეტილებების ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების კანონიერების საკითხი, რაც განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებითვე განემარტა მხარეს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტისა და 13 ივლისის განჩინებების კანონიერების შემოწმების ნაწილში ნ. და ნ. კ-შვილების კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 35612 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. და ნ. კ-შვილების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.