Facebook Twitter

ას-1077-1106-2011 15 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ნ-შვილი და გ. ნ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ-ძე, ე. დ-ძე, მ. ფ-ძე, მა. ფ-ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. და გ. ნ-შვილებს მოსარჩელეების _ მ. ფ-ძის, ე. დ-ძის, მ. ფ-ძისა და მა. ფ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ 6800 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ნ-შვილმა, გ. ნ-შვილმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრიით გაასაჩივრეს ქ. ნ-შვილმა, გ. ნ-შვილმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ ქ. ნ-შვილისა გ. ნ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება გ. ნ-შვილს ჩაბარდა 2011 წლის 3 ივნისს, ხოლო კერძო საჩივარი ქ. ნ-შვილმა და გ. ნ-შვილმა ფოსტას ჩააბარეს 2011 წლის 16 ივნისს, ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 4 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 15 ივნისს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ნ-შვილისა და გ. ნ-შვილის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ნ-შვილისა და გ. ნ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.