Facebook Twitter

ას-685-646-2011 14 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,ა. ი-ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ს-იმ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ა. ი-ის” მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,ა. ი-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 767 324 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინებით შპს “ა. ი-ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებით შპს “ა. ი-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 21 მარტის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა, წარმოედგინა დოკუმენტი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა შპს “ა. ი-ის” მიერ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის 2011 წლის 7 თებერვალს გაგზავნის ფაქტი, აღნიშნული ხარვეზის შევსების შემთხვევაში, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი _ 7000 ლარი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ განჩინებით დადგენილ ვადაში დედნის სახით წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2011 წლის 4 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს “ა. ი-ის” წარმომადგენელმა ნ. გ-იამ და მიუთითა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ფოსტის ქვითარი სრულყოფილად ადასტურებს სააპელაციო საჩივრის დროულად წარდგენას და ამასთან, წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დანართები ზუსტად ემთხვევა პირველად გაგზავნილი სააპელაციო საჩივრის ვერსიას. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის- _ 150 ლარის გადახდის დამადატურებელი დოკუმენტი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის 2011 წლის 7 თებერვალს გაგზავნის ფაქტი უტყუარად ვერ დაადასტურა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მის მიერ წარდგენილი ფოსტის ქვითარი სრულყოფილად ადასტურებს სააპელაციო საჩივრის დროულად გაგზავნას, რადგან, მართალია, სააპელაციო საჩივარზე თანდართული შეტყობინების ბარათი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 7 თებერვალს საფოსტო გზავნილის გაგზავნაზე, მაგრამ აღნიშნულით არ დასტურდება, რომ გზავნილი წარმოადგენდა უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და 2011 წლის 31 იანვრის განჩინებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2011 წლის 4 აპრილის განცხადებაში აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დანართები ზუსტად ემთხვევა სააპელაციო საჩივრის პირველ ვერსიას. სააპელაციო საჩივრის გრაფაში _ “თანდართული საბუთების ნუსხა” _ მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარს ერთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წერილი (უარი) დოკუმენტების გაცემაზე. აღნიშნული წერილი დათარიღებულია 2011 წლის 10 თებერვლით, რაც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მის შესახებ მითითებული ყოფილიყო 2011 წლის 7 თებერვალს წარდგენილ სააპელაციო საჩივარში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი შპს “ა. ი-ს” ჩაბარდა 2011 წლის 4 თებერვალს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 5 თებერვლიდან და 61-ე მუხლის საფუძველზე, დასრულდა 2011 წლის 18 თებერვალს.

სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2011 წლის 16 მარტს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. აპელანტის მითითებით, აღნიშნული საჩივარი წარდგენილია განმეორებით, რომელიც პირველად სასამართლოს გაეგზავნა 7 თებერვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რის გამოც იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “ა. ი-მა” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, ვინაიდან პირველად აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეინატა 2011 წლის 7 თებერვალს, მაშინ, როცა სადავო 14-დღიანი ვადის გასვლამდე ჯერ კიდევ ერთი კვირა იყო დარჩენილი. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარემ აღნიშნული სათანადოდ ვერ დაადასტურა. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საფოსტო ინვოისის გარდა სხვა მტკიცებულების წარდგენა სადავო გარემოებების დასადასტურებლად შეუძლებელია.

2011 წლის 21 მარტის განჩინების შესაბამისად, წარდგენილ იქნა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი. 2011 წლის 4 აპრილს ხსენებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისას დაერთო განცხადება, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დანართები ემთხვეოდა სასამართლოში წარდგენილ სააპელაციო საჩივრის დანართებს. ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა ის სააპელაციო საჩივარი, რომელიც სასამართლომ მიიღო და წარადგინა 2011 წლის 16 მარტს. ამ წერილის შინაარსი ნათლად ცხადყოფს, რომ სასამართლოს მიეთითა, ესარგებლა საქმეში არსებული დანართებით, ანუ დანართებით, რომელიც დაერთო 2011 წლის 16 მარტის სააპელაციო საჩივარს. ამ პერიოდში მხარეს 2011 წლის 10 თებერვლის წერილი უკვე ხელთ ჰქონდა. სასამართლომ უკანონოდ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ა. ი-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განჩინების ასლი შპს “ა. ი-ს” ჩაბარდა 2010 წლის 4 თებერვალს, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს “სკ-ს” გზავნილების ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათითა და კერძო საჩივარში მხარის მითითებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა 2010 წლის 4 თებერვლის მომდევნო დღიდან _ 5 თებერვლიდან სწორად აითვალა და ჩათვალა, რომ იგი ამოიწურა მე-14 დღეს _ 2011 წლის 14 თებერვალს. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წლის 16 მარტს. აღნიშნული მოწმობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა განსახილველ შემთხვევაში დაცული არ არის, რაც მოცემული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი თავდაპირველად 2011 წლის 7 თებერვალს გააგზავნა, ვინაიდან საქმის მასალებიდან საწინააღმდეგო მტკიცდება.

სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება 2011 წლის 4 აპრილის განცხადებაში აპელანტის მითითებაზე, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დანართები ზუსტად ემთხვევა სააპელაციო საჩივრის პირველ ვერსიას. 2011 წლის 16 მარტს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი წარმოადგენდა ქსეროასლს, რომელიც დათარიღებული იყო 2011 წლის 7 თებერვლით და მისი დანართების გრაფაში _ “თანდართული საბუთების ნუსხა” სააპელაციო საჩივარს ერთვოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წერილი (უარი) დოკუმენტების გაცემაზე. აღნიშნული წერილი დათარიღებულია 2011 წლის 10 თებერვლით. ამდენად, სავსებით საფუძვლიანია სასამართლოს დასაბუთება, რომ აპელანტი 2011 წლის 10 თებერვალს შედგენილ წერილს ამავე წლის 7 თებერვალს სააპელაციო საჩივართან ერთად ვერ წარადგენდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ა. ი-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.