Facebook Twitter

ას-703-662-2011 04 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ შპს “ი-ი”, კ.ვ-ი, შ.ბ-ე, ი.ძ-ე, შპს “...”, ნ.გ-ა, ი.შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ბანკი “...”

გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებები

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ბანკ “...” სარჩელი მოპასუხეების: შპს “ი-ის”, კ.ვ-ის, შ.ბ-ის, შ.შ-ის, ი.ძ-ის, შპს “...-ის”, ი.შ-ისა და ნ.გ-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს ბანკი “...სა” და შპს “ი-ს” შორის 2006 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარნტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულება;

მოპასუხეებს: შპს “ი-ს”, შპს “...”, კ.ვ-ს, შ.ბ-ეს, შ.შ-ესა და ი.ძ-ეს სს ბანკი “...” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის _ 73835.48 აშშ დოლარის, პროცენტის _ 6575.58 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 20691.78 აშშ დოლარის გადახდა;

დადგინდა, რომ თანხის გადახდევინება მოხდეს _ ი.შ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, აგრეთვე, ნ.გ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით, ხოლო თუკი აღნიშნული ქონება არასაკმარისი აღმოჩნდება მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი დავალიანების გადახდევინება განხირციელდეს თავდებების – შპს “...”, კ.ვ-ის, შ.ბ-ის, შ.შ-ისა და ი.ძ-ის საკუთრებაში არსებული აქტივების რეალიზაციის გზით.

მოპასუხეებს: შპს “ი-ს”, შპს “...”, კ.ვ-ს, შ.ბ-ეს, შ.შ-ეს, ი.ძ-ეს, ნ.გ-ასა და ი.შ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა სს ბანკი “...” სასარგებლოდ;

მოპასუხე შპს “ი-ს”, შპს “...”, კ.ვ-ს, შ.ბ-ეს, შ.შ-ეს, ი.ძ-ეს, ნ.გ-ასა და ი.შ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 7198.52 ლარის გადახდა სს ბანკი “...” სასარგებლოდ (ტომი I, ს.ფ. 217-225).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს კ.ვ-მა, შ.ბ-ემ, ი.შ-ემ, შპს “...”, ნ.გ-ამ, შ.შ-ემ, შპს “ი-მა”, ი.ძ-ემ. თითოეულმა მათგანმა მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მათ დაეკისრათ თანხის გადახდა და დადგინდა მათ საკუთრებაში არსებული აქტივების რეალიზაციის გზით სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 248-267, ტომი II, ს.ფ. 9-18, 19-28, 29-38, 39-48, 60-69).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით შ.შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ტომი II, ს.ფ. 76-79).

ამავე სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განჩინებებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული ასევე შპს “ი-ის”, შპს “...”, კ.ვ-ის, შ.ბ-ის, ი.ძ-ის, ნ.გ-ასა და ი.შ-ის სააპელაციო საჩივრები.

აღნიშნულ განჩინებებში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5, 6 და 10 იანვრის განჩინებებით აპელანტებს: შპს “ი-ს”, ნ.გ-ას, ი.შ-ეს, კ.ვ-ს, შ.ბ-ეს, შპს “...ა” და ი.ძ-ეს დაევალათ ხარვეზის შევსება, კერძოდ:

შპს “ი-ს” დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7000 ლარის ოდენობით და აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;

ნ.გ-ას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის ოდენობით და აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. მასვე დაევალა განემარტა, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნდა გადაწყვეტიების 1.2 პუნქტის გაუქმების მიმართ;

ი.შ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის ოდენობით და აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. მასვე დაევალა განემარტა, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნდა გადაწყვეტიების 1.2 პუნქტის გაუქმების მიმართ;

კ.ვ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით და აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;

შ.ბ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით და აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;

შპს “...” დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7000 ლარის ოდენობით და აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;

ი.ძ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით და აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებს ხარვეზის განჩინებები ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ მათ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის თანახმად (ტომი II, ს.ფ. 132-150).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს “ი-მა”, შპს “...”, კ.ვ-მა, შ.ბ-ემ, შ.შ-ემ, ი.ძ-ემ, ნ.გ-ამ და ი.შ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. გასაჩივრებული განჩინებებით რვა აპელანტისათვის დაკისრებულმა სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ შეადგინა დავის საგნის ღირებულების 32%, რაც კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, არასწორია (ტომი II, ს.ფ. 174).

საქართველოს უზენაესი სასამათლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით შ.შ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს “ი-ის”, კ.ვ-ის, შ.ბ-ის, ი.ძ-ის, შპს “...-ის”, ნ.გ-ასა და ი.შ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ი-ის”, კ.ვ-ის, შ.ბ-ის, ი.ძ-ის, შპს “...”, ნ.გ-ასა და ი.შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5, 6 და 10 იანვრის განჩინებებით აპელანტების: შპს “ი-ის”, ნ.გ-ას, ი.შ-ის, კ.ვ-ის, შ.ბ-ის, შპს “...ა” და ი.ძ-ის სააპელაციო საჩივრებს დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, თითოეულ მათგანს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქმის მასალებით დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ აპელანტებს ხარვეზის განჩინებები ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით. დადგენილია ასევე, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო, 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის, ამიტომ არსებობდა მათი სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის შესაბამისად.

კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს თითოეული მათგანისათვის ცალ-ცალკე არ უნდა დაეკისრებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან მთლიანობაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ დავის საგნის ღირებულების 32% შეადგინა. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ასეთი რამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან არ გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა ზემოხსენებულ მსჯელობას, ვინაიდან პირველი ინტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თითოეულმა აპელანტმა დამოუკიდებლად შეიტანა სააპელაციო საჩივარი, ამიტომ სააპელაციო სასამართლომაც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე დაავალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არც ერთ კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივრები ხარვეზის შეუვსებლობის გამო, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ი-ის”, კ.ვ-ის, შ.ბ-ის, ი.ძ-ის, შპს “...”, ნ.გ-ასა და ი.შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.