Facebook Twitter

ას-718-677-2011 4 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ზ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სარჩელი დ. ზ-იას მიმართ სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით, გ. მ-შვილის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება და 2007 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2011 წლის 4 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართ დ. ზ-იამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმგვარად, რომ შესწროებულიყო სარჩელის საგანი და ნაცვლად _ სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა, მითითებულიყო _ საერთო ქონებიდან წილის გამოყოფა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით დ. ზ-იას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ზ-იას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით განსაზღვრული უსწორობის გასწორების წესს, რადგან მხარეს უთითებდა არა სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობაზე, არამედ იგი ითხოვდა სარჩელის საგნის შეცვლას, რაც სასამართლოს აზრით, სწორად იყო მითითებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ზ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ დ. ზ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს რა სამართალწარმოების პროცესში საპროცესო დოკუმენტების შედგენისას გარკვეული უზუსტობის არსებობას, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით გამოასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული შეცდომები. ამავდროულად, აღნიშნული ნორმის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი უსწორობანი, რომელთაც შეუძლიათYარსებითად იმოქმედონ საქმის გადაწყვეტისა თუ ცალკეული საპროცესო მოქედებების სწორად შესრულების სამართლებრივ შედეგზე.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დ. ზ-იას მოთხოვნა არ შეესაბამება ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული უსწორობის გასწორების წესს, რადგან განმცხადებელი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებაში სარჩელის საგნის შეცვლას, რომელიც სწორად იყო მითითებული. ამდენად, განმცხადებელი ითხოვდა განჩინებაში არსებითი ცვლილებების შეტანას, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან კანონის თანახმად, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ზ-იას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ზ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.