Facebook Twitter

ას-759-815-2011 22 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ს. ო-პი”

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ... მერია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. ... მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “ს. O-პის” მიმართ, მესამე პირი _ შპს “ჰ. ჟ-ფი” და მოითხოვა მოპასუხისათვის საბანკო გარანტის აუნაზღაურებელი ნაწილის 10 029 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ... მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს. ო-მპს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 029 ლარის ანაზღაურება, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 300.87 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. ო-პმა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს “ს. ო-პის” სააპელაციო საჩიავრი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში 401.16 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და მისი წარმომადგენლის ო. კ-შვილის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მის მიერ მიღებული 2011 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 10 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა.

2011 წლის 16 მარტს აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე და კომპანიის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები _ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა პალატას ემსჯელა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის შემცირებაზე ან ბაჟის გადახდის გადავადებაზე, სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 24 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელე 5 (ხუთი) დღით და განუმარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს. ო-პმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო ვალდებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან ან გადაევადებინა მისი გადახდა გონივრული ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ შპს “ს. ო-პის”, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში 401.16 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და მისი წარმომადგენლის ო. კ-შვილის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის სასამართლოში წარმოდგენა.

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 10 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განჩინებით, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “ს. ო-პის” შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ ემყარებოდა შესაბამის მტკიცებულებებს, არ დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენლებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე და გზავნილის ჩაბარების თაობაზე სასამართლოსათვის დაბრუნებული შეტყობინების ბარათის თანახმად, 2011 წლის 28 მარტს ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს, ადვოკატ დ. მ-ძეს, რაც დასტურდება საფოსტო შეტყობინების ბარათზე მისივე ხელმოწერით (იხ. ტII ს.ფ.25). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 20110 წლის 29 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 4 აპრილს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ სასამართლო ვალდებული იყო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან ან გადაევადებინა მისი გადახდა გონივრული ვადით, სასამართლო ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა თუ გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მხარეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, არც რაიმე უტყუარი მტკიცებულება _ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, შპს “ს. O-პმა” დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს. ო-პის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.