Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №49I-20 თბილისი

მ-ი გ-ი, 49I -20 25 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. მ-ის რწმუნებულ ა. ა-ის შუამდგომლობა სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 18 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს დაეწერა გ. მ-ის რწმუნებულ ა. ა-ის შუამდგომლობა სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის მიზნით, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან გამოითხოვა მსჯავრდებულების - თ. კ-ასა და ლ.დ-ის სისხლის სამართლის საქმე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №134აპ-16).

3. საქმეთა მასალების გაცნობის შედეგად გაირკვა შემდეგი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის განაჩენით:

· ლ.დ-ე, - დაბადებული 19--წელს და თ. კ-ა, - დაბადებული 19--წელს, - ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და განესაზღვრათ ჯარიმა - 500-500 ლარი, ანუ დღიური მინიმალური ოდენობის 250-მაგი ოდენობა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდნენ „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონის საფუძველზე;

· ლ.დ-ე და თ. კ-ა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, ლ.დ-ეს - 4 წლის, ხოლო თ. კ-ას - 6 წლის გამოსაცდელი ვადით;

· დაკმაყოფილდა დაზარალებული კომპანიის - “ტ. ი-ის“ (დირექტორი რ. ტ-ი) სარჩელი და მსჯავრდებულ ლ.დ-ეს დაზარალებული კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 173000 (ას სამოცდაცამეტი ათასი) აშშ დოლარის, ხოლო მსჯავრდებულ თ. კ-ას - 117000 (ას ჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა ეროვნული ვალუტით, გადახდის დროისათვის მოქმედი კურსით;

· დაკმაყოფილდა სს “ს-ის“ სარჩელი და მსჯავრდებულ თ. კ-ას მის სასარგებლოდ დაეკისრა 54853 ლარის, ხოლო მსჯავრდებულ ლ.დ-ეს - 206491,23 ლარის გადახდა;

· მსჯავრდებულებს - ლ.დ-ესა და თ. კ-ას სოლიდარულად დაეკისრათ საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა სს “ს-ის“ სასარგებლოდ;

· სს „ს-სა“ და კომპანია “ტ. ი-ის“ სარჩელების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო სს „ს. ღ-ის №- ქ-ში“ ლ.დ-ის კუთვნილ 20254 აქციასა (პროცენტული წილი - 10,18%) და თ. კ-ას კუთვნილ 21833 აქციას (პროცენტული წილი - 10,98%).

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განაჩენით ადვოკატ დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: თ. კ-ასა და ლ.დ-ეს ამოერიცხათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ლ. დ. და თ. კ-ა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და თ. კ-ას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. შეფარდებული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და თ. კ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულების - ლ.დ-ისა და თ. კ-ას ადვოკატ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.4. აღნიშნული გაჩინების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 6 სექტემბერსა და 2 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცლები, ხოლო 2017 წლის 27 ივნისს - დუბლიკატები.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი შუამდგომლობით გ. მ-ის რწმუნებული ა. ა-ი ითხოვს გ. მ-ის სასარგებლოდ მოთხოვნათა დათმობის გამო საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, გააანალიზა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ამასთან, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

3. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განხილულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ წარდგენილი შუამდგომლობა სასამართლომ უნდა განიხილოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

4. პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თ. კ-ასა და ლ.დ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განხილულია საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ამ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, გ. მ-ის რწმუნებულ ა. ა-ის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე ვრცელდება მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები და სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი კოდექსის შესაბამისად.

5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება წარადგინონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, შუამდგომლობასა და საჩივარს, ხოლო მე-20 მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო), სააპელაციო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კომპეტენციას წარმოადგენს ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. მ-ის რწმუნებულ ა. ა-ის შუამდგომლობა, გ. მ-ის სასარგებლოდ მოთხოვნათა დათმობის გამო საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, არ არის სისხლისსამართლებრივი წესით განსახილველი, ვინაიდან ასეთი მოთხოვნის განხილვის პროცედურას მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

7. აქედან გამომდინარე, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განხილულ საქმეზე, მაშინ, როდესაც საქმეზე დამთავრებულია სამართალწარმოება, მოცემული შინაარსის შუამდგომლობის განხილვა არ წარმოადგენს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსახილველ მოთხოვნასა და სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას.

8. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს წარმოდგენილი შუამდგომლობა, ვინაიდან არ გააჩნია ასეთი მოთხოვნის განხილვის საკანონმდებლო საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის №33I-17 და 2020 წლის 3 დეკემბრის №29I-18 განჩინებები).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-ის რწმუნებულ ა. ა-ს შუამდგომლობის განხილვაზე უნდა ეთქვას უარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ის რწმუნებულ ა. ა-ის შუამდგომლობა არ იქნეს განხილული;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე