Facebook Twitter

ას-784-838-2011 18 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 25 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა ვ. ი-მა მოპასუხე ს.ვ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი და მოპასუხის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, რომლის საერთო ფართია 986 კვ.მ, რეალურად გაყოფა, კერძოდ, აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 525 კვ.მ ფართის მისთვის მიკუთვნება (ტომი I, ს.ფ 1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ ბათუმში, ...¹3-ში მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის გაყოფა მომხდარიყო ¹... ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ნახაზის მიხედვით, ვ. ი-ს მიეკუთვნა 528.5 კვ.მ ფართი, რაც ნახაზის მიხედვით წარმოადგენდა ...¹83-ში მდებარე ფართს, ხოლო ს.ვ-ის წილი განისაზღვრა 7/15-ით, ანუ 462 კვ.მ ფართით, რაც ნახაზის მიხედვით წარმოადგენდა ...¹83-ში მდებარე ფართს (ტომი 1, ს.ფ. 83-86).

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ვ-ემ (ტომი 1, ს.ფ. 90-92).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ვ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქ.ბათუმში, ...¹83-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო ვ. ი-სა და ს.ვ-ეს შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 17 აგვისტოს ¹... დასკვნის დანართი ¹1-ის შესაბამისად, ისე, როგორც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ეკავათ მხარეებს და ხსენებულ მისამართზე ვ. ი-ს მიეკუთვნა 317.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ს.ვ-ეს მიეკუთვნა 669.5 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტომი 2, ს.ფ. 73-77).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით ვ. ი-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 115-118).

2011 წლის 11 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ვ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში არსებული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში მან მოიპოვა ის მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა განმცხადებლისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ სწორად არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები (ტომი 3, ს.ფ. 1-2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ვ. ი-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ ნაწილის “ვ¬ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებდა საჯარო რეესტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ამდენად, განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული დოკუმენტაცია იყო და არის საჯარო ინფორმაცია და განმცხადებელს შეეძლო ისინი სასამართლოსათვის წარმოედგინა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასეც რომ ყოფილიყო, წარმოდგენილი მტკიცებულებები მაინც ვერ გამოიწვევდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, თითოეული მხარის საკუთრებად ჩაითვლება ის ნაკვეთი, რომელსაც იგი გამოცალკევებულად ფლობდა 1997 წლის 25 ნოემბრისათვის. დასახელებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1997 წლის 25 ნოემბრისათვის ანუ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის ვ. ი-ი გამოცალკევებულად ფლობდა 317.3 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ხოლო ს.ვ-ე _ 669.5 კვ.მ მიწის ნაკვეთს. სწორედ ამ საფუძვლით ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ, რომ ვ. ი-ს უნდა მიკუთვნებოდა 317 კვ.მ, ხოლო ს.ვ-ეს _ 669 კვ.მ მიწის ნაკვეთი. განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული მტკიცებულებები არ აბათილებდა და არ შეეხებოდა აღნიშნულ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება და არ დააკმაყოფილა იგი (ტომი 3, ს.ფ. 54-56).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. ი-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევით, ამიტომ, იგი უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს, რის შემდეგაც მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე უარი უნდა ეთქვას, ხოლო ვ. ი-ის კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს (ტომი 3, ს.ფ. 68).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ უნდა დაადასტუროს მის მიერ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობაში ბრალის არ არსებობის ფაქტი. ამდენად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურიდან, მისი მოთხოვნის საფუძველზე, 2011 წლის 05 იანვარს მიღებულ დოკუმენტაციას, კერძოდ, ქ.ბათუმში, ...¹83-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათის საქმის სრულ ქსეროასლს.

“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მითითებული ნორმის თანახმად, განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული დოკუმენტაცია არის საჯარო და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. ეს დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყო განმცხადებლისთვისაც და მას შეეძლო მისი მიღება და სასამართლოსათვის წარდგენა საქმის წარმოების დასრულებამდე. განმცხადებელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ვერ შეძლო მან ზემოთ დასახელებული მტკიცებულება მოეპოვებინა საქმის განხილვის დროს და წარედგინა იგი სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვ. ი-ს გააჩნდა შესაძლებლობა მის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული მტკიცებულება მოეპოვებინა და წარედგინა სასამართლოსათვის საქმის წარმოების დასრულებამდე, ამიტომ მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მოსამართლე ს.ჩხაიძის აცილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინების არაკანონიერების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვდა მოსამართლე ს.ჩხაიძის აცილებას იმ საფუძვლით, რომ მითითებული მოსამართლე დაინტერესებული იყო საქმის შედეგით და არსებობდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. განმცხადებლის აღნიშნული მოსაზრება ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მოსამართლე ს.ჩხაიძემ უსაფუძვლოდ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თავად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებენ მოსამართლე ს.ჩხაიძის საქმის შედეგით დაინტერესების ფაქტს. მითითებული გარემოებები ასევე არ ქმნიან მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლე ს.ჩხაიძის აცილების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.