ას-794-848-2011 22 ივლისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. გ-ძე, შპს “ს. ლ-კო 2”
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჯ-ლი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ჯ-ლმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ძისა და შპს “ს. ლ-კო-2”-ის მიმართ და მოითხოვა მინდობილობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ჟ-ლის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ჟ-ლის სახელით ნ. გ-ძეზე გაცემული 2003 წლის 10 მაისის მინდობილობა, ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე 2003 წლის 19 მაისს ლ. ჟ-ლის სახელით, ნ. გ-ძესა და შპს “ს. ლ-კო 2”-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ლ. ჯ-ლს საკუთრებაში გადაეცა 2003 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოაპსუხე შპს “ს. ლ-კო 2”-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1240 კვ.მ, მდებარე: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ... , მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ... .
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-ძემ და შპს “ს. ლ-კო-2”-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. ამასთან, აღნიშნული განჩინებითვე განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით ნელი გაბეხაძისა და შპს “ს. ლ-კო-2”-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. გ-ძისა და შპს “ს. ლ-კო-2”-ის წარმომადგენელმა ზ. ქ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასელი მის თანაშემწეს ჩაჰბარდა 12 მარტს, ხოლო მის გამოსასწორებლად საფოსტო კომპანიას მიმართეს არა 23 მარტს, არამედ 22 მარტს, რაც დასტურდება თანდართული საფოსტო ქვითრით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ნ. გ-ძისა და შპს “ს. ლ-კო-2”-ის წარმომადგენელ ზ. ქ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. ამასთან, ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტ. II ს.ფ. 2-6).
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2010 წლის 11 მარტს ჩაჰბარდა აპელანტთა წარმომადგენელ ზ. ქ-შვილის თანაშემწეს _ ა. ლ-ძეს (იხ. ტ II, ს.ფ. 77), რაც დასტურდება საფოსტო შეტყობინების ბარათზე მისი ხელმოწერით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 12 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 21 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოასწორებიათ. აპელანტთა წარმომადგენელმა ზ. ქ-შვილმა ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2011 წლის 23 მარტს (იხ. ტII, ს.ფ. 13), ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი განცხადებით აპელანტების მიერ ხარვეზი სრულად შევსებული არ ყოფილა, კერძოდ, მათ არ წარმოუდგენიათ დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხარვეზი სრულად შეავსეს 2011 წლის 30 მარტს (იხ. ტ.II, ს.ფ. 19-20).
კერძო საჩივრის ავტორის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი მის თანაშემწეს _ ა. ლ-ძეს ჩაჰბარდა 2011 წლის 12 მარტს, ხოლო ხარვეზის გამოსასწორებლად საფოსტო კომპანიას მიმართეს არა 2011 წლის 23 მარტს, არამედ 2011 წლის 22 მარტს, რაც დასტურდება თანდართული საფოსტო ქვითრით, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ა. ა-ძეს ჩაჰბარდა არა 2011 წლის 12 მარტს, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, არამედ 2011 წლის 11 მარტს, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით (ს.ფ.77). ამდენად, აღნიშნული ცხადყოფს, რომ ზ. ქ-შვილს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით, რომც მიემართა სასამართლოსათვის 2011 წლის 22 მარტს, როგორც თავად მიუთითებს, იგი მაინც ვერ გახდებოდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, იყო 2011 წლის 21 მარტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, აპელანტებმა დაკარგეს მათთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. გ-ძისა და შპს “ს. ლ-კო-2”-ის წარმომადგენელ ზ. ქ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.