ას-795-849-2011 18 ივლისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს “...კომბინატი”
მოწინააღმდეგე მხარე _ ...ცენტრალური კავშირი – ...
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 27 ივლისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ...ცენტრალურმა კავშირმა _ ...მა მოპასუხე სს “...კომბინატის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სს “...კომბინატის” 196.556 ცალი აქციის (საწესდებო კაპიტალის 39%) მესაკუთრედ ცნობა და აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანა (ტომი I, ს.ფ. 1-11).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ...ცენტრალური კავშირის _ ...ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 17000 ლარის გადახდა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სარჩელი მიეკუთვნებოდა აღიარებით სარჩელთა კატეგორიას. მოსარჩელე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო ემტკიცებინა გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას. მას უნდა დაემტკიცებინა, რომ ნამდვილად ჰქონდა რაიმე უფლება იმ აქციებზე, რომლის საკუთრების უფლების აღიარებასაც იგი ითხოვდა.
სასამართლოს შეფასებით, მხარემ ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა. საქმეში არ იყო წარდგენილი აქციებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. წარდგენილი წესდების თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში იყო მხოლოდ სააქციო საზოგადოების აქციათა 51%, რომელიც მან გაასხვისა სახელმწიფოზე. აღნიშნული დასტურდებოდა გასხვისების განკარგულებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ აქციათა 39%-ს, როგორც წესდებიდან ჩანდა, იგი წარმოადგენდა სააქციო საზოგადოების საკუთრებას და მისი გასხვისება უნდა მომხდარიყო წესდებითვე გათვალისწინებული წესით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე საზოგადოების დაფუძნების მომენტში ფლობდა ამ საზოგადოების აქციების 51%-ს, რომელიც მან გაასხვისა სახელმწიფოზე, ხოლო გასასხვისებელი აქციების 39% მას არ შეუძენია, რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს არ წარმოშობია საკუთრების უფლება ამ აქციებზე, რაც წარმოადგენდა აღიარებით სარჩელზე უარის თქმის საფუძველს (ტომი I, ს.ფ. 227-231).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ...ცენტრალურმა კავშირმა _ ...მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 227-236).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით ...ცენტრალური კავშირის _ ...ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აპელანტ ...ცენტრალური კავშირის _ ...ს სარჩელზე უარის თქმის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა წარმოება; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება; აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3500 ლარის ოდენობით; სს “...კომბინატის” წარმომადგენლის ნ.ბ-ის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ...ცენტრალურმა კავშირმა _ ...მა უარი თქვა სარჩელზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, 272-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და 273-ე მუხლის თანახმად, არ საჭიროებს მოპასუხის თანხმობას. სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საპროცესო სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს ყველა იმ სამართლებრივი შედეგის გაუქმება, რომელიც სარჩელზე დადგა. შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში იწვევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების სრულად გაუქმებას.
სარჩელზე წარმოების შეწყვეტისას ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი წარმოების შეწყვეტის დროს არეგულირებს მხოლოდ ბაჟის განაწილების საკითხს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს მეორე მხარის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, როდესაც მხარის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში, იგულისხმება ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც საქმეზე არსებითად მსჯელობის შედეგად დადგა. ამდენად, წარმოების შეწყვეტა ეს ის შემთხვევა არ არის, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლოს მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის ხარჯების ანაზღაურებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, მოპასუხისათვის ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეიცავს თვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას, რომელმაც უარი თქვა სარჩელზე, თუ დადასტურდება, რომ სარჩელზე უარის თქმა მოპასუხის ქმედებით არის განპირობებული. რაც შეეხება საპროცესო ხარჯების მომწესრიგებელი ნორმების ანალოგიით გამოყენებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დაუშვებელია მითითებული ნორმების სპეციალური დანიშნულებიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კიდეც რომ არსებულიყო სარჩელზე უარის თქმისას მოპასუხისათვის ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საპროცესო სამართლებრივი შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლო მოწინააღმდეგე მხარეს მაინც უარს ეტყოდა ადვოკატისათვის გაწეული 61000 ლარის ანაზღაურებაზე, რადგან ადვოკატისათვის მომსახურების გაწევის ხელშეკრულებაში იმთავითვე მითითებული იყო, რომ სს “...კომბინატი” იმ შემთხვევაში გადაუხდიდა ადვოკატებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, თუ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდებოდა, ანუ, თუ მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლო შედეგი დადგებოდა. წინასწარ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანაწესის მიუხედავად, ხარჯების გაწევა, სამოქალაქო სამართალურთიერთობაში იმ რისკების კატეგორიას განეკუთვნება, რომლის ანაზღაურების მეორე მხარისათვის დაკისრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს (ტომი II, ს.ფ. 99-104).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “...კომბინატმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
მოწინააღმდეგე მხარის – სს “...კომბინატის” მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარი უკანონოა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ...ცენტრალური კავშირის _ ...ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მართალია, ეს მოხდა იმის გამო, რომ აპელანტმა უარი თქვა სარჩელზე (მას შემდეგ რაც მიიღო სააპელაციო შესაგებელი და დარწმუნდა, რომ სააპელაციო სასამართლო მის საჩივარს ვერ დააკმაყოფილებდა), მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შედეგი _ სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობა. სს “...კომბინატს” სააპელაციო სასამართლოში დასჭირდა ადვოკატის მომსახურება. აღნიშნული მომსახურება მან მიიღო, რაშიც გადაიხადა 61000 ლარი. სს “...კომბინატსა” და ადვოკატს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სს “...კომბინატი” ადვოკატს ამ Yთანხას გადაუხდიდა იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მიიღებდა განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა ...ს სააპელაციო საჩივარი. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სარჩელზე უარი განაცხადა. აღნიშნულის გამო, სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც შეწყვიტა საქმის წარმოება. საქმეზე დამდგარი ასეთი შედეგი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. სწორედ ამის შემდეგ, სს “...კომბინატმა” ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, 61000 ლარი გადაურიცხა საადვოკატო მომსახურების გამწევ ფირმას. ზემოხსენებულ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე, არსებობდა იმის საფუძველი, რომ დაკმაყოფილებულიყო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელს არ ჰქონდა სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება, ამიტომ მას არ შეეძლო ეშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საპროცესო-სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს ყველა იმ სამართლებრივი შედეგის გაუქმება, რომელიც სარჩელზე დადგა, არ შეეხება მოცემულ შემთხვევას, ვინაიდან სარჩელზე არანაირი სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. საადვოკატო ხარჯის გადახდა მოსარჩელეს დაეკისრა არ სარჩელზე დამდგარი სამართლებრივი შედეგის გამო, არამედ _ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 114-118).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “...კომბინატის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ...ცენტრალური კავშირის _ ...ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 17000 ლარის გადახდა;
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ...ცენტრალურმა კავშირმა _ ...მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის;
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით ...ცენტრალური კავშირის _ ...ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა – მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება შეწყდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება; აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 3500 ლარი; მოწინააღმდეგე მხარის – სს “...კომბინატის” წარმომადგენლის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მოწინააღმდეგე მხარეს წარმომადგენლის დახმარებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯი მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის დროს.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) სს “...კომბინატი” თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებაში, რომელზედაც საუბარია ზემოხსენებულ ნორმაში, იგულისხმება ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც საქმეზე არსებითად მსჯელობის შედეგად დადგა. რაც შეეხება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტას, ამ დროს მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოსარჩელის მიერ ანაზღაურების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან იგი ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილის არასწორ განმარტებას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებაში იგულისხმება დავის გადაწყვეტის არა მხოლოდ პროცესუალურ-სამართლებრივი, არამედ უპირველესად – მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი. ეს პირდაპირ გამომდინარეობს სარჩელის ცნებიდან, კერძოდ, სარჩელი, როგორც სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ინსტიტუტი, არის უფლების დაცვის შესახებ პირის შუამდგომლობა სასამართლოსადმი, რათა მან განიხილოს სარჩელში მოპასუხის წინააღმდეგ წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა და გამოიტანოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება. ამდენად, სარჩელი, მართალია, საპროცესო სამართლის ინსტიტუტია, მაგრამ იგი არ არსებობს იმ უფლებაზე მითითების გარეშე, რომლის დაცვასაც მოსარჩელე მოითხოვს, ე.ი. მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის გარეშე. სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სწორედ მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის მიმართ და, შესაბამისად, ან აკმაყოფილებს სარჩელს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოგებული მხარეა მოსარჩელე, ხოლო წაგებული – მოპასუხე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს პირიქითაა _ მოგებულია მოპასუხე, ხოლო, წაგებული – მოსარჩელე. საქმის მოგება-წაგება კი პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებას. კერძოდ, თუ მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობს, მაშინ სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არა. აქედან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი იმიტომ, რომ მოსარჩელეს უარი ეთქმევა მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მოპასუხის სარგებელი ისაა, რომ მას მომავალში მოსარჩელე ვეღარ შეედავება იმ უფლების შესახებ, რომლის დაცვასაც ეს უკანასკნელი სარჩელით ცდილობდა. ანალოგიური ვითარებაა სარჩელეზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაშიც. კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა _ უშუალო გავლენას ახდენს მოპასუხისადმი წაყენებულ მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოსარჩელე კარგავს უფლებას, შეედავოს მოპასუხეს იგივე სარჩელით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 273-ე მუხლი). შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა _ მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა.
ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგება სააპელაციო სასამართლოს მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. ამ ნორმის მიხედვით, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის ხარჯების ანაზღაურებას. ეს ნორმა არ გამორიცხვას მოპასუხის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესაძლებლობას, ვინაიდან იგი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელე უარს ამბობს თავის სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სარჩელის აღძვრის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში ასეთი ვითარება არ არსებობს.
დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მოპასუხის მიერ წარმომადგენელთან გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი არ იძლევა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესაძლებლობას. მითითებული ხელშეკრულების მიხედვით, სს “...კომბინატი” ადვოკატს ანაზღაურებას გადაუხდიდა იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მიიღებდა განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა ...ს სააპელაციო საჩივარი მოპასუხის მიმართ. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საქმეზე დამდგარმა საპროცესო შედეგმა გამორიცხა ...ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რაც მოწინააღმდეგე მხარის სურვილიც იყო. ამასთან, სწორედ ამ შედეგის გამო, სს “...კომბინატმა” მის მომსახურე საადვოკატო ფირმას გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 61000 ლარი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს არ ჰქონდა სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 10 აპრილის ¹09-05/03 რწმუნებულება, რომლითაც ...ცენტრალური კავშირის – ...ს გამგეობის თავმჯდომარემ სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება მიანიჭა თავის წარმომადგენელ ა. კ-ეს (ტომი 2, ს.ფ. 91).
დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ძალაში დატოვებას აღარ ექვემდებარებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის შედეგად იყო მიღებული, ვინაიდან მოცემულ შეთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო წარმოება შეწყდა სარჩელზე და საქმის წარმოება დამთავრდა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. კერძო საჩივრის ავტორის ლოგიკით, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო ან საკასაციო წარმოების დროს მოგებული მოსარჩელე (აპელანტის, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) უარს იტყვის სარჩელზე და საქმის წარმოება შეწყდება, ძალაში უნდა დარჩეს ქვემდგომი ინსტანიის სასამართლოების მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებები. პროცესუალურად ეს დაუშვებელია, ვინაიდან სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტით მოცემულ საქმეზე მთავრდება წარმოება დავის არსებითი განხილვის გარეშე. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას, სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. მართალია, ზემოხსენებული ნორმა ეხება სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. ამასთან, საქმის წარმოების შეწყვეტის ინსტიტუტი არ შეიცავს ნორმას, რომელიც დაარეგულირებდა სადავო საპროცესო ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში კანონის ანალოგიით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის ზემოხსენებული დანაწესი, ვინაიდან იგი აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას. E
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და გაუქმებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს “...კომბინატის” წარმომადგენლის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლი). საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება განაპირობებულია იმ გარემოებით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სს “...კომბინატის” მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების გონივრულობის თაობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაეკისროს. ამ თვალსაზრისით საჭიროა იმ ფაქტების დადგენა, რომელთა მიხედვითაც უნდა განისაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლები.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. 47.2 მუხლის თანახმად, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით. მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა არ შედგა აპელანტის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეაფასოს საქმის ყველა გარემოება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “...კომბინატის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს “...კომბინატის” წარმომადგენლის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.