Facebook Twitter

ას-821-873-2011 05 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ.ბ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ დ.ბ-ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით დ.ბ-იას განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დაშვებული ტექნიკური უსწორობა გასწორდა, ნაცვლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებული “დ.ბ-ია ცნობილ იქნეს დაბა ... ¹32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილის მემკვიდრედ”, ჩაიწერა “დ.ბ-ია ცნობილ იქნეს დაბა ...¹32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2½ნაწილის მესაკუთრედ”.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ.ბ-იას წარმომადგენელმა ს.ჯ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 02 ივნისის განჩინებით შ.ბ-იას დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის და ს.ჯ-იას სახელზე გაცემული მინდობილობის ან თვითინ მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 02 ივნისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2011 წლის 20 ივნისს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ.ბ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორ შ.ბ-იას ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 20 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შ.ბ-იასთვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის 21 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 23 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ.ბ-იამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ბ-იას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.