Facebook Twitter

ას-858-909-2011 18 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ნ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. თ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესარულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. თ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ-შვილის მიმართ სესხის სახით გადაცემული ძირითადი თანხის _ 4000 აშშ დოლარისა და სარგებლის _ 1094 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 4365 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.თ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ.ნ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 4000 აშშ დოლარისა და დარიცხული სარგებლის _ 898 აშშ დოლარის, სულ _ 4898 აშშ დოლარის გადახდა, მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ლ.თ-ძის სასარგებლოდ ანაზღაურება. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სახელმწიფო ბაჟის, ასევე 533 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით გ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით და, ვინაიდან, აპელატი სადავოდ ხდიდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას 533 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებულ ნაწილში დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, რაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძვლად იქნა მიჩეული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრი შეიტანა გ. ნ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგანაც სასამართლომ არასწორად ჩათვალა სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც სასამართლო იხელმძღვანელებდა და მიიჩნევდა, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება _ 533 აშშ დოლარი ლართან მიმართებით 1000 ლარზე ნაკლები იქნებოდა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, აპელანტმა დავის საგნის ღირებულება 1000 ლარით განსაზღვრა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა _ 150 ლარით, რაც მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარის პრეროგატივაა.

სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ მხარე სადავოდ ხდიდა გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც. სასამართლომ უკანონოდ დააკისრა სასამართლო ხარჯები იმ ნაწილში, რომელშიც მხარემ სარჩელი ცნო, ამასთან, დავის საგნის ღირებულების გამოთვლისას სასამართლომ არ შეაჯამა მითითებული თანხები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ.ნ-შვილმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ 533 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებისა და ლ.თ-ძის მიერ საქმის განხილვისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 312 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშების წესი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი გამოიანგარიშება გადასახდელი თანხით. მითითებული ნორმის დანაწესი ზოგადია და მისი მოქმედება ვრცელდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით საქმის განხილვასთან მიმართებით (სსსკ 372-ე, 399-ე მუხლები).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან მხარე სადავოდ ხდიდა სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილშიც გადაწყვეტილებას, უნდა შეეკრიბა სადავოდ მიჩნეული თანხები და ამის საფუძველზე დაედგინა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ მითითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვულია დავის საგნის ღირებულების გამოთვლის წესი. დასახელებული ნორმის არც ერთი დანაწესი არ მიუთითებს ქონებრივ დავად ზემდგომი სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული სასამართლო ხარჯების დავის საგნის ღირებულებაზე მიმატების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს გ.ნ-შვილის მოსაზრებას, რომ სასამართლოს უნდა მიეთითებინა თუ რის საფუძველზე გამოიანგარიშა მან აშშ დოლარის მიმართება ლართან, ასევე დაუსაბუთებელია მითითება, რომ სასამართლო ხარჯების ოდენობის განსაზღვრა მხარის პრეროგატივაა.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მესამე ნაწილების დანაწესზე, რომელთა თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმით სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილია მტკიცების სტანდარტი, რომლის მოქმედება ყველა პროცესუალურ ქმედებაზე, მათ შორის საჩივრისა თუ სარჩელის საგნის ღირებულებაზე ვრცელდება და სწორედ მხარეა ვალდებული, უტყუარი მტკიცებულებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული თითოეული ფაქტი და გარემოება, ამასთან, ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი და განსაზღვრულია, რომ დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავის საგნის ფასის განსაზღვრა და სარწმუნოდ დადასტურება მხარის უფლებაზე მეტად ვალდებულებაა, რაც მხარემ, როგორც უკვე აღინიშნა, სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე უთითებს დავის აშკარად არასწორ ფასს, კანონმდებელი საქმის განმხილველ მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, თავადვე განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება საკუთარი შეხედულებით ისე, რომ სასამართლოს არ ავალდებულებს მოიძიოს და საქმეს დაურთოს მტკიცებულება, რომლითაც იხელმძღვანელა ამ საკითხის გადაწყვეტისას.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ნ-შვილმა ვერც სააპელაციო და ვერც კერძო საჩივრით ვერ დაადასტურა მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა _ საჩივრის საგნის ღირებულება, რის გამოც კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, რაც მისი გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უტყუარი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.