საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№780აპ-20 25 მარტი , 2021 წელი
ი-ი ა., 780აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ იოსებ ხუციშვილის
ადვოკატ – ნ. კ-ის
გამართლებულ _ ა. ი-ის
მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ი-ს, –, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2014 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 19:40 საათზე, ა. ი-ი „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილით --, რომელსაც თვითონ მართავდა, მოძრაობდა თ-ი, ბ-ის ქუჩაზე, სოფელ ლ-ს მხრიდან ლ-ს ტბის მიმართულებით. იმავე ქუჩაზე არსებული ი-ის ცენტრალური შესასვლელიდან რ. ელექტროგანათების ბოძის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობისას ა. ი-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, არ მიიღო სათანადო ზომები შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს დაეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ, ქვეით გ. ნ-ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით ა. ი-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნანა ჯაყელმა. მან ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმება, ა. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მისთვის სამართლიანად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – პროკურორი ნანა ჯაყელი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ი-ის ქმედება არასწორად შეაფასა; საქმეზე შეკრებილი საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით – №-- შეტყობინებით, მოწმეების, მათ შორის – ექსპერტების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, სქემატური ნახაზით, ფოტოსურათებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემატური ნახაზით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ა.შ. უტყუარადაა დადგენილი ა. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ი-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
7. ადვოკატი ნ. კ-ე შესაგებლით ითხოვს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა. ი-ს არ შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება და მის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ აღინიშნება. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა. ი-ის ბრალეულობაში.
8. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა მხარი დაუჭირა პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
9. ადვოკატმა ნ. კ-ემ მოითხოვა ა. ი-ის მიმართ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
10. გამართლებულმა ა. ი-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა. ი-ის ბრალეულობაში. მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რამაც კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა, არ აღინიშნება. კერძოდ:
2.1. მოწმე რ. ჭ-ის ჩვენებით, 2014 წლის 24 დეკემბერს ა. მ-თან ერთად იყო საკუთარი ავტომანქანით ლ-ს ტბის მხარეს. წვიმდა და ცუდ ხილვადობას ხელს უწყობდა გარე განათების უქონლობაც. შემხვედრი მანქანა არ ახსენდება. ახსოვს ლ-ს მხრიდან თბილისის მიმართულებით შუა გზაზე მოძრავი მამაკაცი. როცა ახალი ი-ის შესასვლელს გასცდა, სოფელ ლისამდე, აღმართზე მოაბრუნა მანქანა და უკანა გზაზე დაინახა ადამიანის ფეხის მსგავსი საგანი. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ა. მ-თან ერთად ნახა მეორე ფეხიც და დარეკა 112-ში. იმავე ტერიტორიაზე ნახეს მანქანა, რომელიც ხეს იყო დაჯახებული. მანქანის კარი არ იღებოდა, მძღოლი შიგნით იჯდა და იყო ცუდად. გვამი ნახეს პოლიციისა და მაშველების მისვლის შემდეგ. მიაჩნია, რომ გარდაცვლილი იყო ის პირი, რომელიც მათ გზაზე მოძრაობისას შენიშნეს, რადგან სხვა იმ ტერიტორიაზე მათ არ უნახავთ.
2.2. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ა. მ-მა და დამატებით განმარტა, რომ, როცა მანქანით მიდიოდნენ სოფელ ლ-ს მიმართულებით, მას თვალში მოხვდა მამაკაცი, რომელიც შუა გზაზე ბარბაცით მიდიოდა.
2.3. პატრულ-ინსპექტორების – ბ. გ-ისა და ი. კ-ის ჩვენებებით, 2014 წლის 24 დეკემბერს, საღამოს საათებში მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ლ-ს ახალ, სოფლის მხრიდან ქალაქისკენ მიმავალ გზაზე ნახეს დაზიანებული მანქანა, რომელიც ხეზე იყო დაჯახებული. გვამი ეგდო მანქანის ქვემოთ და მას სხეულის ნაწილები ჰქონდა მოწყვეტილი.
2.4. მოწმე გ. მ-ის ჩვენებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე – ლ-ს ტბის გზაზე, ი-ის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, შეადგინა ოქმი, სქემა და გადაიღეს ფოტოსურათები. ათვლის წერტილად აიღო ი-ის ცენტრალური შესასვლელიდან სოფელ ლ-ს მიმართულებით რ. ბოძი. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ხეზე იყო შეჯახებული და დაზიანებული. მანქანის წინ ეგდო მამაკაცის გვამი, რომელსაც მოწყვეტილი ჰქონდა ორივე ქვედა კიდური და გზის სავალ ნაწილზე, მე-6 ელექტროგანათების ბოძიდან სოფელ ლ-ს მიმართულებით იყო მიმოფანტული. ავტომობილი გზის გვერდულიდან მისთვის სამოძრაო მიმართულებით, მარცხენა მხარეს იყო გადავარდნილი. მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა – წვიმისა და სიბნელისა, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად განსაზღვრა ყველა დეტალი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არის მნიშვნელოვანი. რამდენჯერმე დაკითხა ა. ი-ი, რომელმაც მიუთითა მოძრაობის მიმართულება, ახსენა, რომ შემხვედრმა ავტომობილმა შეუზღუდა მხედველობა და დაახლოებით 10 მეტრში დაინახა ქვეითი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდა.
2.5. მოწმე გ. მ-მა დაადასტურა 2014 წლის 24 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და სქემატური ნახაზის სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებელ რ. ა-ის მიერ შედგენილი 2016 წლის 2 ივლისის ოქმი არ შეესაბამება რეალობას, რადგან შემთხვევა მომხდარი იყო ლ-ს ტბის გზაზე მდებარე ი-ის ცენტრალური შესასვლელიდან სოფელ ლ-ს მხარეს, რ. ელგანათების ბოძამდე, ანუ ავტომობილებს შეეძლოთ ემოძრავათ ქალაქში დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარით.
2.6. მოწმე ა. ბ-ის ჩვენებით, გამომძიებელს ეხმარებოდა კვლების დადგენასა და სქემის შედგენაში. სოფელ ლ-ს მხრიდან თბილ-ს მიმართულებით შემთხვევის ადგილამდე საავტომობილო გზაზე რაიმე სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშანი არ მდგარა და ავტომობილებს შეეძლოთ, ემოძრავათ ქალაქში დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარით. შემთხვევის დროს წვიმდა, გზის სავალი ნაწილი იყო სველი და არ იყო განათებული. 2014 წლის დეკემბრის სქემა არ ემთხვევა 2016 წელს შედგენილ მეორე სქემას.
2.7. 2014 წლის 24 დეკემბრის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ-ი, ლ-ს ტბის გზაზე, ი-ის შესასვლელთან. დაფიქსირებულია წვიმიანი ამინდი და შეზღუდული მხედველობა. გზა ჰორიზონტალურია, არის ასფალტირებული, უდეფექტო და სველი, მისი სიგანეა 6,21 მ. დაახლოებით ლ-ს ტბის გზაზე, თბილ-ს შესასვლელიდან რ. ელექტროგანათების ბოძთან, ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ (სახ. №---), რომელსაც მართავდა ა. ი-ი, დაეჯახა ქვეით გ. ნ-ეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი მოთავსდა საავადმყოფოში.
2.8. 2014 წლის 24 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ-ი, ლ-ს ტბის გზაზე, ი-ის შესასვლელიდან რ. ელექტროგანათების ბოძთან. საგამოძიებო მოქმედება, რომლის დაწყების დროა 20:00 საათი, მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, სველ, ნალექიან ამინდში. გზის გასწვრივ პროფილი არის ჰორიზონტალური, გზაფენილი – ასფალტირებული, უდეფექტო და სველი. სავალი გზა განკუთვნილია სოფელ ლ-ს მხრიდან ი-ის ცენტრალური შესასვლელი მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის და პირიქით. გზის საერთო სიგანეა 6,20 მეტრი; გზას ორივე მხარეს ახლავს გამწვანებული გვერდულები. ი-ის შესასვლელიდან რ. ელგანათების ბოძიდან სოფელ ლ-ს მიმართულებით 10,1 მეტრის დაშორებით, ასფალტზე არის ადამიანის ქვედა კიდური – ფეხი, რომელიც გზის გვერდულიდან დაშორებულია 1,5 მეტრით, საიდანაც 19,2 მეტრის დაშორებით, ასფალტზე განთავსებულია მეორე ქვედა კიდური – ადამიანის ფეხი, რომელიც გზის გვერდულიდან დაშორებულია 1,8 მეტრით, საიდანაც ასევე სოფელ ლ-ს მიმართულებით, 34,3 მეტრის დაშორებით, სავალ გზაზე, 0,5 მეტრზე და გზის გვერდულზე ყრია პლასტმასის ჩამონაყარი, რომლიდანაც 18,5 მეტრის დაშორებით, სავალ ნაწილზე, 0,8 მეტრზე და გზის გვერდულზე არის პლასტმასის მეორე ჩამონაყარი. პირველი ჩამონაყარიდან 38,3 მეტრის დაშორებით, ი-ის შესასვლელის მიმართულებით, გზის გვერდულის მარცხენა მხარეს გაჩერებულია ავტომობილი „მერსედესი“ (სახ. №----), რომელიც წინა, მარჯვენა ნაწილით გზის გვერდულს დაშორებულია 7,5 მეტრით, უკანა, მარჯვენა ნაწილით – 6,2 მეტრით, მის წინ დევს მამაკაცის გვამი, რომელსაც მოკვეთილი აქვს ორივე ქვედა კიდური, რომლებიც მიმართულია გვერდულად, სავალი გზის მხარეს. ავტომობილის უკანა, მარჯვენა კუთხიდან 4,2 მეტრის დაშორებით, გამწვანებულ გვერდულზე, ხეზე აღინიშნება შეჯახების კვალი. ავტომობილის წინა, მარჯვენა მხარეს ჩაჭედილია მამაკაცის საფულე, რომელშიც დევს მართვის მოწმობა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ა. ი-ის სახელზე. ხის, გვამისა და ავტომობილის გარშემო აღინიშნება მინისა და პლასტმასის ჩამონაყარი.
2.9. სპეციალურად დაცული ავტოსადგომის მიერ გაცემული დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით, მანქანა არის მთლიანად დაზიანებული.
2.10. მოწმე რ. ა-ის ჩვენებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ლ---დან თბილ-ს მიმართულებით, მთავარ გზაზე. შემთხვევის ადგილზე დაადგინა, რომ ლ-ს ტბიდან თბილ-ს მიმართულებით მონაკვეთზე არის საგზაო ნიშანი „40“, რომლის მოქმედების არეალში ექცევა შეჯახების ადგილი. მის მიერ 2016 წლის 2 ივლისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი და სქემა არ შეესაბამება რეალობას, რადგან დაუშვა უზუსტობა, კერძოდ, იმის მაგივრად, რომ რ. ელგანათების ბოძი აღენიშნა ცენტრალური შესასვლელიდან სოფელ ლ-ს მიმართულებით, მან პირიქით აღნიშნა. გარდა ამისა, ჩაატარა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ა. ი-ი ღამით მოძრაობდა მარტო, დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით, სავალ გზაზე არ იყო ღამის განათება და იყო წვიმიანი ამინდი. ბრალდებულს მოძრაობის დროს მხედველობა შეუზღუდა საპირისპირო მხარეს მოძრავმა ავტომანქანამ და დაეჯახა ქვეითს, რომელიც დაინახა 10 მეტრში.
2.11. 2016 წლის 2 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თბილ-ს მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან 2016 წლის 29 ივნისს მიღებული წერილის საფუძველზე დათვალიერდა ბ-ის ქუჩა, კერძოდ, ი-ის ცენტრალური შესასვლელის ორივე მხარეს არსებული ტერიტორია და დადგინდა, რომ სავალი გზა ასფალტირებულია, უდეფექტოა; გზა ორმხრივი მიმართულებისაა, რომელიც ი-ის ცენტრალური შესასვლელიდან შუაზე არის გაყოფილი წყვეტილი ღერძულა ხაზებით – ლ-ს ტბის მიმართულებით. სავალ გზას ორივე მხარეს, გზის კიდეზე, მთლიან სიგრძეზე, გასდევს 0,40 მეტრი სიგანის თეთრი უწყვეტი ღერძულა ხაზი. გზას ორივე მხარეს არ აქვს ტროტუარი და გასდევს გამწვანების ზოლი, სადაც განთავსებულია ხეები. სოფელ ლ-ს მხრიდან ლ-ს ტბისკენ მიმართულების სავალ გზას მარჯვნივ, მთელ სიგრძეზე, გასდევს ელგანათების ბოძები. სოფელ თ-ის გადასახვევთან არსებული №-- ელგანათების ბოძიდან ლ-ს ტბის მხარეს №-- ელგანათების ბოძთაშორის მანძილი და შემდეგ არის 29-29 მეტრი. ამავე მიმართულებით №-- ელგანათების ბოძიდან №-- ელგანათების ბოძამდე, 17 მეტრში მდებარეობს საგზაო ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ“ და მასთანვე განთავსებულია დამატებითი საინფორმაციო დაფა – „სავალ ნაწილზე დაბრკოლება“. ლ-ს ტბის მიმართულებით, არმისული №-- ელგანათების ბოძამდე, 10 მეტრში არის ანალოგიური ნიშანი – „სავალ ნაწილზე დაბრკოლება“ და ავტობუსის გაჩერების ნიშანი, ხოლო გზის სავალ ნაწილზე – დაბრკოლების ლითონის ფირფიტები, ასეთივე დაბრკოლების ნიშანია იმავე მიმართულებით, №-- ელგანათების ბოძამდე, 5 მეტრში, ხოლო მთელ გზაზე გასდევს დაბრკოლების ლითონის ფირფიტები. აღნიშნული მიმართულებით №-- ელგანათების ბოძიდან 10 მეტრის დაშორებით კვლავ არის სავალ გზაზე დაბრკოლების ერთი ცალი ფირფიტა. მარჯვენა მხარეს, ქართულ-ბერძნულ სკოლასთან და ლ-ს ტბის ტერიტორიიდან გამოსასვლელ ადგილას, განთავსებულია სიჩქარის შეზღუდვის სათანადო ნიშნები.
2.12. 2014 წლის 24 დეკემბრის ცნობით, ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მყოფი პაციენტის – ა. ი-ის მდგომარეობა არის მძიმე და არ შეუძლია საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა. ანალოგიური ცნობაა გაცემული 2014 წლის 26 დეკემბერს ექიმ-რეანიმატოლოგის მიერ.
2.13. ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნით, ავტომობილზე არსებული დაზიანებები განვითარებულია ავტომობილის რაიმე მკვრივი საფარის მქონე სხეულთან ურთიერთქმედება-შეჯახებით; ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რაც მოხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს; ავტომობილზე რბილი საფარის მქონე სხეულთან შეჯახებისათვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. ამ დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა დიმიტრი გამყრელიძემ.
2.14. 2015 წლის 10 მარტის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის №---- დაკვნის თანახმად, თუ ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ (სახ. №---) მძღოლი ა. ი-ი იმოძრავებდა ნებადართული 60 კმ/სთ სიჩქარით, მოძრაობისას სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილია 52 მეტრი. აღნიშნული მანძილი ნაკლებია მძღოლის განკარგულებაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე – 77 მეტრზე. თუ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლს თვალი არ მოეჭრებოდა, მაშინ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მოცემულ პირობებში რამდენ მეტრში შეეძლო დაენახა მას ქვეითად მოსიარულე. თუ მიღებული მანძილი ნაკლები იქნება 52 მეტრზე, მაშინ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეეძლო კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება, ხოლო, თუ აღნიშნული მანძილი მეტი იქნება 52 მეტრზე, მძღოლ ა. ი-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა.
2.15. 2015 წლის 21 აპრილის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის №----- დასკვნით, ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს – ა. ი-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
2.16. მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა დ. დ-მა დაადასტურა ზემოთ მოყვანილი დასკვნების სისწორე და ასევე დაეთანხმა კომისიური ექსპერტიზის №----- დასკვნას, რომლის თანახმად, მძღოლს არ შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება და მას არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები.
2.17. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №---- დასკვნით, ა. ი-ის სისხლის ნიმუშში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა. სამედიცინო ექსპერტიზის №----- დასკვნა, რომლითაც დადგენილია ა. ი-ის მძიმე ხარისხის დაზიანებები, ასევე სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №---- დასკვნა, რომლითაც რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებების პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის გამო, დადგენილია გ. ნ-ის სიკვდილი, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო.
2.18. 2015 წლის 7 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2014 წლის 24 დეკემბერს მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად, მძღოლის მხედველობის არის დასაზუსტებლად, თ-ი, ლ-ს ტბის გზაზე, ი-ის შესასვლელის რ. ელგანათების ბოძიდან 82,1 მეტრის დაშორებით, სოფელ ლ-ს მხარეს, ავტომობილების სავალ ნაწილზე, დაყენებულ იქნა მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი; მამაკაცი ზურგით დგას სოფელ ლ-ს მხრიდან მოძრავი ავტომობილების სავალ ნაწილზე და გზის გვერდულზე გაჩერებულ იქნა „მერსედეს ბენცი“ (სახ. №--), მანქანას ჩართული აქვს შორს მაშუქი ფარები. ავტომობილის სალონიდან მოხდა ქვეითზე დაკვირვება, რა დროსაც ვერ მოხერხდა ქვეითის გარჩევა. ავტომობილსა და ქვეითს შორის მანძილი არის 56 მეტრი და მოჩანს მხოლოდ მცირე ზომის სილუეტი. ამის შემდეგ ქვეითი გადაადგილდა ავტომობილის მიმართულებით 50 მეტრის დაშორებით, რა დროსაც ავტომობილის სალონიდან გამოჩნდა ადამიანის სილუეტი, რომელსაც გადაუღეს ფოტო და შედგა შესაბამისი სქემატური ნახაზი.
2.19. პროკურორის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. რადგან ა. ი-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნებოდა.
2.20. სამედიცინო, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №----- დასკვნით, საქმის მასალებში არსებული, ექსპერტიზის №---- დასკვნის მონაცემების თანახმად, გ. ნ-ის გვამის სასამართლო-მედიკური წესით გამოკვლევით აღინიშნებოდა: პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ბლაგვი ტრავმა, ორივე ქვემო კიდურის ტრავმული ამპუტაციით, სახის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობები; მარჯვენა წინამხრის ძვლების ღია, დამსხვრეული მოტეხილობა, მენჯის, საჯდომი ძვლების, მარცხნივ, ბოქვენის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობები, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა ორივე მხარეს პლევრის ფურცელის მრავლობითი დაზიანებით; გულმკერდის მე-6-7 მალებს შორის ხერხემლის სრული გადახსნა – მოტეხილობა ზურგის ტვინის გაგლეჯვა-დაზიანებით; თავის რბილი საფარის ქვეშ სისხლჩაქცევა, ქალა-სარქვლისა და ფუძის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობა; პარკუჭებში სისხლნარევი თავ-ზურგ-ტვინის სითხე; დიაფრაგმის დაზიანება; მსხვილი ნაწლავისა და ჯორჯლის დეფექტი, მსხვილი ნაწლავების სისხლით იმბიბიცია; სწორი ნაწლავის დაზიანება; სათესლე პარკის დაზიანება; ორივე ფილტვის, ღვიძლის, ელენთის, შარდის ბუშტის დაზიანება; მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა; მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები, უსწოროკიდეებიანი ჭრილობები სხეულზე. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილამდე უმოკლესი დროის შუალედში. გ. ნ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად – შესაძლებელია, ხსენებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას.
2.21. ავტომობილ „მერსედეს ბენცზე“ (სახ. №---) არსებული დაზიანებების ხასიათის, მოცულობისა და ლოკალიზაციის და გ. ნ-ის სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათის, მოცულობის, ლოკალიზაციისა და მორფოლოგიური სურათის გათვალისწინებით, საკითხების: სხეულის რა ნაწილზე მოხდა ავტომანქანის პირველადი კონტაქტი, როგორი იყო ქვეითისა და ავტომობილის ურთიერთგანლაგება შეჯახების მომენტში და როგორ განვითარდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი – გადაწყვეტა ექსპერტიზას არ შეუძლია.
2.22. მოცემულ საგზაო სიტუაციაში მძღოლ ა. ი-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილება ავტომობილის დამუხრუჭებით არ შეეძლო და მისი მოქმედება, რომ ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე აიღო მარცხნივ, არ ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა: დ. დ-მა, ჰ. ნ-მა, ზ. გ-მა და გ. ც-ემ.
2.23. კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა ექსპერტმა ი. ჭ-ემ და განმარტა, რომ კვლევისას წარდგენილი ჰქონდათ მძღოლის ჩვენებები, მას ოთხი ჩვენება ჩვენება ჰქონდა მიცემული. პირველი, მეორე და მესამე ჩვენებებიდან არ იკვეთებოდა საგზაო შემთხვევის სრული სურათი, არ იყო დაკონკრეტებული, მხედველობის როგორი შეზღუდვა ჰქონდა და დაახლოებით რამდენი მეტრი ჰქონდა წინ მხედველობა. რაც შეეხება მეოთხე ჩვენებას, ის იყო დაკონკრეტებული და ამ ჩვენებით იხელმძღვანელეს. დაანგარიშდა, რომ ა. ი-ს ჰქონდა 30-40 მეტრი მხედველობა, ანუ ამ მანძილზე აკონტროლებდა თავის სამოძრაო ზოლს. გამოითვალეს სიჩქარე, რომლითაც შეეძლო მას მოძრაობა და მიიღეს, რომ შეეძლო, ემოძრავა 53-62 კმ/სთ სიჩქარით. ამის შემდეგ დაიანგარიშეს, მოცემულ საგზაო სიტუაციაში რა მანძილი სჭირდება მანქანას სრული გაჩერებისათვის, მძღოლის რეაქციისა და ა.შ. გათვალისწინებით და მიიღეს, რომ ავტომობილის სრული გაჩერებისათვის საჭირო იყო 52 მეტრი. შესაბამისად, რადგან მოცემულობა იყო, რომ მძღოლმა ქვეითი შენიშნა დაახლოებით 10 მეტრში, მას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. აღნიშნული დაანგარიშებულია 60 კმ/სთ სიჩქარეზე.
2.24. ანალოგიური დაადასტურა ექსპერტმა ი. ს-ემ და განმარტა, რომ ზოგადად, მძღოლი სიჩქარეს ირჩევს გზის ელემენტების მიმართ და არა – კონკრეტული ობიექტის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლის განმარტებით, მხედველობა 30-40 მეტრში შეეზღუდა, შესაბამისად, დაიანგარიშეს, რომ ის 53-62 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ანუ თუ მხედველობა ჰქონდა 30-40 მეტრი, მას შეეძლო, ემოძრავა დაშვებული 60 კმ/სთ სიჩქარით. ასეთი სიჩქრით (60 კმ/სთ) მოძრავი ავტომობილის მძღოლს სრული გაჩერებისათვის სჭირდება 52 მეტრი, რადგან, როდესაც გზის სავალ ნაწილზე ხვდება ობიექტი, რეაქციისათვის სჭირდება 1,2 წამი, ხოლო ღამით, ცუდი მხედველობის პირობებში, ყველანაირ რეაქციას ემატება 0,6 წამი. თუ ავიღებთ რეაქციის ყველაზე მინიმალურ დროს, ის 10 მეტრში დანახულ ობიექტს ისე დაეჯახება, რომ დამუხრუჭებასაც ვერ მოასწრებს. ანუ 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ა. ი---ს 30-40 მეტრში რომ წარმოქმნოდა საფრთხე, ავტომობილს მაინც ვერ გააჩერებდა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ქვეითი თანმხვედრად მოძრაობდა, მარჯვნიდან მარცხნივ გადადიოდა თუ პირიქით, რადგან, თუ ა. ი-ი მას 10 მეტრში დაინახავდა, შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა.
2.25. მოწმე ი. ს-ემ ასევე განმარტა, რომ კვლევისას გაეცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც არ გაუთვალისწინებია, რადგან იგი ჩატარებული იყო იმ პირობებში, რომელშიც არ მომხდარა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამდენადაც ა. ი---ს შეხვდა შემხვედრად მოძრავი ავტომობილი, ექსპერიმენტის დროს კი შემხვედრად მოძრავი ავტომობილი არ დაუყენებიათ. ექსპერიმენტის ჩატარებისას გზის სავალ ნაწილზე სილუეტის არსებობა საკმარისი არ არის, რადგან ავტომობილით მოძრაობისას ობიექტის მთლიანად დანახვა თუ ვერ შეძლო მძღოლმა, მანამდე აღქმას და ზომების მიღებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, სილუეტზე არ შეიძლება ტექნიკური გაანგარიშების ჩატარება.
2.26. დამოუკიდებელი ექსპერტის – ჰ. ნ-ის 2017 წლის 24 აპრილის №----- დასკვნით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, შეეჯახა თუ არა ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ (სახ. №----) ქვეითს, ექსპერტიზის გზით ამის დადგენა შეუძლებელია; 2014 წლის 24 დეკემბრის საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან და დანართი სქემიდან გამომდინარე, ავტომობილებისათვის შემთხვევამდე მოძრაობის დაშვების სიჩქარე იყო არაუმეტეს 60 კმ/სთ-ისა; თუ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს გზის სავალი ნაწილის მხედველობა შეეზღუდა 30-40 მეტრამდე, მაშინ მას შეეძლო, ემოძრავა არაუმეტეს 53-62 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ შემთხვევაში მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ შეინიშნება. ექსპერტმა ჰ. ნ-მა დაადასტურა თავის მიერ ჩატარებული ყველა ექსპერტიზის დასკვნის კატეგორიულობა.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა და ქმედების კვალიფიკაციის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, დაარღვია თუ არა ბრალდებულმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და შეეძლო თუ არა მას კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დასადგენად, რომ წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ წინდახედულობის ნორმის როგორც დაცვის, ისე მისი უგულებელყოფის დროს ერთი და იგივე შედეგი დადგეს. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება. ექსპერტმა ზუსტად უნდა დაადგინოს საფრთხის შექმნის მომენტი და განსაზღვროს, მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რის მიღებასაც მას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.
4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2016 წლის 2 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სქემაში ასახული ინფორმაცია ეწინააღმდეგება 2014 წლის 24 დეკემბრის ანალოგიურ ოქმსა და თანდართულ სქემას. სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2014 წლის 24 დეკემბრის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა ქ. თ-ი, ლ-ს ტბის გზაზე, ი-ის შესასვლელიდან რ. ელგანათების ბოძთან, ღამით, წვიმიან ამინდში, ხელოვნური განათების გარეშე, შეზღუდული მხედველობის პირობებში, ხოლო სოფელ ლ-ს მხრიდან თბილ-ს მიმართულებით, შემთხვევის ადგილამდე საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემზღუდავი რაიმე საგზაო ნიშანი არ მდგარა, როგორც ეს მითითებული აქვს გ. მ-ს 2014 წლის 24 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სქემაში. შესაბამისად, ავტომობილს შეეძლო ქალაქში დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.
5. აღსანიშნავია, რომ პროკურორის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, რამდენადაც ა. ი-ის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევა არ აღინიშნებოდა და მას, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. გამოძიების განახლების საფუძველი გახდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ გამოძიებისათვის შპს ბ-ის 2016 წლის 22 აპრილის №----- დასკვნა, რომელთან დაკავშირებითაც ექსპერტმა თ. ჭ-ემ განმარტა, რომ მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული და ასევე – 2017 წლის 20 ივლისის დასკვნები არ არის კატეგორიული. ამ კვლევებში მოწმე ორ სხვადასხვა პასუხს იძლევა. ერთ შემთხვევაში, როცა ის ეყრდნობა ბრალდებულის მიერ პირველი ოთხი დაკითხვისას გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და ითვალისწინებს 40 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვას, ასკვნის, რომ მძღოლ ა. ი-ის მოქმედება არ შეესაბამება „მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, ხოლო მეხუთე ჩვენებაზე დაყრდნობით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომელთა თანახმად, ა. ი-ს არ ჰქონდა 40 კმ/სთ სიჩქარით შეზღუდვა, უთითებს, რომ ა. ი-ს მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება. ამასთან, ექსპერტმა განაცხადა, რომ მძღოლი სიჩქარეს ირჩევს არა კონკრეტული ობიექტის, არამედ გზის სავალი ნაწილის მიხედვით; მან კი დასკვნაში 18 კმ/სთ სიჩქარე ასახა ობიექტის მიხედვით. ამასთან, თ. ჭ-ემ ვერ მიუთითა, გზის ელემენტების მიხედვით სიჩქარის შერჩევისას რა მაქსიმალური სიჩქარით შეეძლო ემოძრავა ა. ი-ს შემთხვევის დროს. ექსპერტმა თ. ჭ-ემ იგივე პოზიცია დააფიქსირა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების დროსაც.
6. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ა. ი-ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.
7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვა წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც იგი სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლელულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. ამავდროულად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყოველი დასკვნა თუ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებას მოითხოვს.
8. ამდენად, ზემოთ მითითებულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი, ეჭვის გამომრიცხავი, შეთანხმებული და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა ა. ი-ის მიერ დანაშაულის ჩადენას. საკასაციო პალატის აზრით, ა. ი-ის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რამაც გამოიწვია კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა, არ აღინიშნება. მხოლოდ შპს ბ-ის მიერ გაცემული დასკვნები კი, თავისი სავაუდო და სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ გახდება ა. ი-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2020 წლის 16 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ა. ი-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განაჩენი ა. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე