Facebook Twitter

ას-870-920-2011 11 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ხ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ვ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ვ-შვილის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ნ. ხ-ძე არის აწ. გარდაცვლილი ზ. ჟ-ვას ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე _ დისშვილი. მ. ჟ-ვა ცხოვრობდა ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც შედგება ორი 34 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახისაგან, საერთო სარგებლობის სამზარეულოს, სარდაფისა და საპირფარეშოსაგან. ზ. ჟ-ვა გარდაიცვალა 2008 წლის 24 იანვარს, 78 წლის. დეიდის მძიმე ავადმყოფობისა და შემდგომ მისი გარდაცვალების შესახებ ნ. ხ-ძეს მეზობლებმა არ შეატყობინეს, თუმცა, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი მათ გამოიძახეს ექიმი, 2008 წლის 17 იანვარს აიღეს ჯანმრთელობის ცნობა ნოტარიუსში წარსადგენად. იმავე დღეს გაფორმდა ანდერძი, რომლის თანახმადაც ზ. ჟ-ვამ მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ... ქ.¹16-ში, უანდერძა მეზობელ თ. ვ-შვილს. მოსარჩელის განმარტებით, მეზობელმა თ. ვ-შვილმა ისარგებლა ზ. ჟ-ვას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით და საცხოვრებელი ფართის ხელში ჩაგდების მიზნით დეიდის ავადმყოფობისა და, გარდაცვალების შესახებ შეგნებულად არ აცნობა მას. ანდერძი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, მოანდერძე ზ. ჟ-ვა იყო ავად, რაც დადასტურებულია პაციენტის სამედიცინო ისტორიის. მძიმე ავადმყოფ მოანდერძეს არ შეეძლო სანოტარო ბიუროში მისვლა, რის თაობაზეც ნოტარიუსი აღნიშნავს სანოტარო აქტის დასაწყისში, მაგრამ შემდგომში დგინდება, რომ ნოტარიუსმა ანდერძი შეადგინა თავის სანოტარო ბიუროში. ანდერზე ხელი ზ. ჟ-ვას არ მოუწერია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მამკვიდრებელ ზ. ჟ-ვას და იყო მოსარჩელის დედა, რომელიც სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო. მოსარჩელე სარჩელში რატომღაც საერთოდ არ მოიხსენიებს პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომელიც მამკვიდრებელ ზ. ჟ-ვას ჰყავს. კერძოდ, ქალიშვილი ლ. თ-შვილი, რომელიც წლების წინ საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში თავის შვილთან _ რ. ა-შვილთან ერთად და ამჟამადაც იქ ცხოვრობს. მაგრამ მისი საცხოვრებელი ადგილი უცნობი იყო გარდაცვლილი ზ. ჟ-სთვის. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ საცხოვრებელი ფართის ხელში ჩაგდების მიზნით შეგნებულად არ აცნობა დეიდის ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებ. მოსარჩელეს დეიდამისთან, გარდაცვლილ ზ. ჟ-სთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. თვითონ ზ. ჟ-ვამ არ ისურვა მისი დისშვილისათვის ავადმყოფობის შესახებ შეტყობინება, ხოლო მეზობლებისათვის მოსარჩელის ტელეფონი და საცხოვრებელი ადგილი უცნობი იყო, მაგრამ, თუ მოსარჩელეს აინტერესებდა ხანშიშესული დეიდის მდგომარეობა მეზობლების შეტყობინებას არ დაელოდებოდა, ხშირად მოიკითხავდა და არა გარდაცვალებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება ანდერძის შედგენის კანონით დადგენილი წესების დარღვევასა და ზ. ჟ-ვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნების გამოვლენის ნამდვილობის შესახებ. საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზ. ჟ-ვას ჯანმრთელობის ცნობისა და ასევე ექიმ ნევროპათოლოგის ჩანაწერების მიხედვით, 2008 წლის 14 იანვარს ავადმყოფ ზ. ჟ-ვას ცნობიერება აქვს ნორმალური, ხოლო 17 იანვარს იმავე ნევროპათოლოგის ჩანაწერებში დაფიქსირებულია, რომ პაციენტს აქვს საღი აზროვნება და, მეხსიერება. აბსურდულია მოსარჩელის დავა ზ. ჟ-ვას რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერის ნამდვილობაზე. ვინაიდან იგი თავისუფლად ფლობდა ქართულ ენას და ქართულად შედგენილ საბუთებზე ხელს აწერდა ქართულ ენაზე, ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერა ზ. ჟ-ვას არ ეკუთვნის. ანდერძზე ზ. ჟ-ვას მიერ ხელმოწერის შესრულების ფაქტს ადასტურებენ ნოტარიუსი ო. ჭ-შვილი და ორი მოწმე: ნ. ღ-ძე და მ. კ-შვილი. მოსარჩელეს „ალბათ მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება“, რომ ანდერძი შედგენილია ორ იდენტურ ეგზემპლარად, (ქართულ და რუსულ ენებზე) და რუსულ ენაზე შედგენილ ანდერძზე ხელმოწერა ზ. ჟ-ვას მიერ შესრულებულია რუსულ ენაზე. მოსარჩელეს კი, რუსულ ენაზე შედგენილ ანდერძზე შესრულებული ხელმოწერა რატომღაც სადავოდ არ მიაჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგი საფუძვლებით: საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილს, 10:00 საათზე, დანიშნული სხდომის შესახებ აპელანტ ნ. ხ-ძეს სასამართლო უწყება 2011 წლის 5 აპრილს ჩაჰბარდა პირადად. სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე თ. ვ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა – თ. ქ-იამ იშუამდგომლეს ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა 2011 წლის 19 აპრილს დანიშნულ სხდომაზე გამოცხადდა 09.50 სთ-ზე, გაირა შემოწმება და მივიდა ¹21 დარბაზთან, ვინაიდან სასამართლო უწყების შესაბამისად, სხდომა უნდა გამართულიყო სწორედ ¹21 დარბაზში 10.00 საათზე. დანიშნულ დროს 10.00 სთ-ზე, სხდომა არ დაიწყო, სასამართლოს ჰოლში ელოდებოდა პროცესის დაწყებას. გავიდა დაახლოებით 10-15 წუთი, თუმცა სხდომა კვლავ არ დაიწყო. ტელეფონის მეშვეობით ცდილობდა თანაშემწესთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან შეუძლოდ იგრძნო თავი გარეთ გავიდა, და როცა დაბრუნდა გაარკვია, რომ სასამართლო სხდომა უკვე დამთავრებული იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განხცადების )განუხილველად დატოვებისა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ხ-ძეს 2011 წლის 19 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი პალატას აცნობა, მოწინააღმდეგე მხარემ კი, იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ნ. ხ-ძეს სასამართლო პროცესზე თავისი გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუდასტურებია, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ ის გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში, გაიარა რეგისტრაცია, მაგრამ სხდომა არ დაიწყო მითითებულ დროს, სხდომის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად ვერ დაუკავშირდა თანაშემწეს, რის შემდეგ გარეთ გავიდა, ხოლო უკან დაბრუნებულს სასამართლო სხდომა დამთავრებული დახვდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაემტკიცებინა მის მიერ მითითებული გარემოებების არსებობა სათანადო მტკიცებულებებით. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული პირის განმარტებას, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო სხდომა დანიშნულ დროს დაიწყო.

ამდენად, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.