ას-880-923-2011 18 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ჟ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ნ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჟ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ნ-შვილის მიმართ სესხის სახით მიღებული 4000 აშშ დოლარის, ბინის ქირის _ 10 800 ლარისა და 2010 წლის ნოემბრიდან სესხის ძირითადი თანხის 4000 აშშ დოლარის დაბრუნებამდე ბინის ქირის სახით ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას სესხი დაბრუნებული აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ჟ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ნ-შვილს ა. ჟ-იას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 3600 აშშ დოლარის გადახდა, უარი ეთქვა ა. ჟ-იას ნ. ნ-შვილისთვის ბინის ქირის _ 10 800 ლარის, ასევე 2010 წლის ნოემბრიდან სესხის ძირითადი თანხის 4000 აშშ დოლარის დაბრუნებამდე ბინის ქირის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 400 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე, ა. ჟ-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 118,20 ლარის, ხოლო ნ. ნ-შვილს ა. ჟ-იას სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 190,08 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ.ნ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინებით ნ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ამავე პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით ასევე განუხილველად იქნა დატოვებული ა. ჟ-იას სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. ა.ჟ-იას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით ა.ჟ-იას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა საპროცესო ვადა, ა.ჟ-იას დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 1008 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან ცნობის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მის მიერ საარსებო შემწეობის მიღების გარემოება. სასამართლომ მიუთითა აპელანტ ა.ჟ-იას 2011 წლის 9 თებერვლის განცხადებაზე რომლითაც მხარემ მოითხოვა საპროცესო ვადის 3 კვირით გაგრძელება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “მ1” ქვეპუნქტის თანახმად, არ გაიზიარა 2011 წლის 11 მარტს ა. ჟ-იას მიერ წარმოადგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2011 წლის 9 მარტს გაცემული ცნობა ა. ჟ-იას სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, რადგანაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად, ოჯახს 2011 წლის 23 თებერვალს მიენიჭა სარეიტინგო ქულა _ 58 200, ამასთან, აპელანტს გაუგრძელა ხარვეზის გამოსოწრებისათვის დადგენილი ვადა 5 დღით სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.
სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს _ შვილს, გ.ჯ-შვილს 2011 წლის 31 მარტს, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის პირველი აპრილიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2011 წლის 5 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მიიჩნია, რომ, ვინაიდან ა. ჟ-იამ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო, მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ჟ-იამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპის ხელახლა შესამოწმებლად საქმის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და მგზავრობისათვის, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ გაათავისუფლა იგი იმ საფუძვლით, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი 57001 ქულაზე მეტი იყო, თუმცა სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე, შეეძლო, მხარე გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ის არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, ამასთან გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, რის გამოც არსებობს მისი გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. ა.ჟ-იას განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე, ასევე 103-105-ე მუხლების დანაწესები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქებისა და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჟ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემული საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით ა.ჟ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი და, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტ ა.ჟ-იას შუამდგომლობა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, კანონმდებელმა დაადგინა, რომ სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე (მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ1” ქვეპუნქტი).
დასახელებული საკანონმდებლო ცვლილება არ წარმოადგენს სიახლეს და პრაქტიკულად იმავე სამართლებრივ დატვირთვას ატარებს, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის დებულება, რადგანაც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).
განსახილველი საქმის მასალებით კი უტყუარად დასტურდება, რომ ა.ჟ-ია კანონით დადგენილი წესით არ იყო გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე (მის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი დოკუმენტით ა.ჟ-იას სარეიტინგო მაჩვენებელი ამ დროისათვის 58200 ქულა იყო), ამასთან, აღნიშნულს სადავოდ კერძო საჩივრით არც მხარე ხდის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ა.ჟ-იას კერძო საჩივრის საფუძველს, რომ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგანაც, დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს ფიზიკური პირების ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს მხარის სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებას.
საქმეში წარმოდგენილი ა.ჟ-იას სააპელაციო საჩივრის შესწავლის საფუძველზე, პალატა ასკვნის, რომ მხარემ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, ისე, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა სადავოდ არც კი გაუხდია, ამასთან, მას არც შემდგომ წარმოდგენილი განცხადებებით უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ და, ბუნებრივია, სასამართლო საკუთარი ინიციატივით არ გამოიკვლევდა მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ასეც რომ იყოს, ა.ჟ-იას სასამართლოსათვის მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე, 103-105-ე მუხლების მოთხოვნები.
დასახელებული ნორმებით მოწესრიგებულია მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების საკითხი, მტკიცებულებათა სასამართლოს მიერ შეფასებისა და გამოკვლევის წესი და პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტების გაზიარების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისას მიიჩნევს, რომ ა.ჟ-იას მიერ ზემოაღნიშნული ნორმების მითითების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა (სასამართლო არ იყო ვალდებული, გამოეკვლია რაიმე არსებითი ხასიათის მტკიცებულბა), ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მხარე მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერაა დარღვეული კანონის ზემოაღნიშნული ნორმები, მითითებული საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება კერძო საჩივრის განხილვისათვის კანონით გათვალისწინებული წესებიდან გამომდინარე. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სასამართლოს აქტის _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღების კანონიერებაა და არა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაშვებული შესაძლო უსწორობები.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ვინაიდან ჩაბარდა ა.ჟ-იას ოჯახის ქმედუნარიან წევრს _ შვილს 2011 წლის 31 მარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღნიშნული სწორედ მხარისათვის ჩაბარებად მიჩნევის წინაპირობაა. სააპელაციო პალატამ ასევე სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და სწორად ჩათვალა, რომ საპროცესო ვადა, რომლის განმავლობაშიც მხარეს უნდა გამოესწორებინა ხარვეზი ამოიწურა 2011 წლის 5 აპრილს. ვინაიდან მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია, არ არსებობდა ა.ჟ-იას სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალტა მიიჩნევს, რომ ა.ჟ-იას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ჟ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.